
სომხეთში Nvidia-ს ბაზაზე შექმნილი პირველი AI ქარხანა გაიხსნა
კომპანია Firebird-მა სომხეთში Nvidia-ს ბაზაზე შექმნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ქარხანა გახსნა. კომპანია გეგმავს, 2027 წლის ბოლოსთვის ობიექტის სიმძლავრეები 70 000-ზე მეტ Nvidia GPU-მდე გაზარდოს.
Firebird-ის ინფორმაციით, მიმდინარე წელს CoreWeave-ის მიერ განხორციელებული ინვესტიციის შემდეგ, კომპანიაში კაპიტალის დაბანდებას Nvidia-ც გეგმავს. თუმცა, მხარეებს ინვესტიციების მოცულობა ან პირობები არ გაუსაჯაროებიათ.
ჰრაზდანში მდებარე ახალი ობიექტი Nvidia-ს DSX AI Factory-ის მოდელისა და Spectrum-X Ethernet ქსელის ბაზაზე აშენდა. კომპანიის განცხადებით, ეს პროექტი სომხეთში სამფაზიანი გაფართოების ნაწილს წარმოადგენს, რომელიც 300 მეგავატის სიმძლავრის AI ინფრასტრუქტურის შესაქმნელად Nvidia Blackwell-ისა და Vera Rubin-ის პლატფორმებს გამოიყენებს.
"ვინაიდან ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე ეკონომიკის საბაზისო ინფრასტრუქტურად იქცევა, ქვეყნებს უსაფრთხო და მასშტაბირებადი AI პლატფორმების სწრაფად მისაწოდებლად საიმედო პარტნიორები სჭირდებათ. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ორ წელიწადში ჩვენი გლობალური AI პლატფორმა 2 გიგავატის სიმძლავრეს მიაღწევს, რაც განვითარებად ბაზრებს გლობალურ ტექნოლოგიურ ეკონომიკაში პირდაპირი მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს", - განაცხადა Firebird-ის თანადამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა რაზმიგ ჰოვაგიმიანმა.
პროექტი
Nvidia-ს ინფორმაციით, ჰრაზდანის ობიექტის მშენებლობა სულ რაღაც ექვს თვეში დასრულდა. საინჟინრო ინფრასტრუქტურა, მათ შორის საშუალო და დაბალი ძაბვის გამანაწილებელი მოწყობილობები და სამფაზიანი უწყვეტი კვების წყაროები, პროექტისთვის კომპანია Schneider Electric-მა დაამზადა.
გაგრილების სისტემა, რომელიც წყლის ჩილერების ტექნოლოგიასა და TrimCooler-ის სითბოს არიდების სისტემას აერთიანებს, კომპანია Vertiv-მა საწარმოს მიაწოდა. სადგურზე გაგრილების რესურსებს კოორდინაციას iCOM CWM მენეჯერი უწევს, რომელიც სისტემას დატვირთვის შესაბამისად არეგულირებს.
სომხეთის ობიექტზე ასევე Dell Technologies-ის ინფრასტრუქტურა გამოიყენება. Firebird-ის განმარტებით, პროექტი მიმართულია ე.წ. სუვერენული ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერაზე, რათა ქვეყნებმა საკუთარი AI სისტემების განსავითარებლად შიდა გამოთვლითი რესურსები შეინარჩუნონ.
"სულ რაღაც ექვსი თვის წინ აქ ცარიელი სამშენებლო მოედანი იყო. დღეს კი ეს რეგიონში უმსხვილესი მოქმედი AI ქარხანა და ევროპის ერთ-ერთი ამბიციური საინფრასტრუქტურო პროგრამის საფუძველია", - აღნიშნა Firebird-ის თანადამფუძნებელმა ალექსანდრ ესაიანმა.
BM.GE
წყარო: bm.ge