
რამდენად ძლიერია რუსეთის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე? - ბოლო ხუთი წლის ანალიზი
საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულება წლების განმავლობაში აქტუალური საკითხია, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ამ საკითხმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. იმის შესაფასებლად, როგორ შეიცვალა საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულება უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, „ბიემჯიმ“ 2021–2026 წლების საგარეო ვაჭრობის, ინვესტიციების, ფულადი გზავნილების, ტურიზმისა და ენერგეტიკის მონაცემები გააანალიზა.
საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების შეფასებისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რუსეთიდან მიღებული შემოსავლების მოცულობა, არამედ მათი წილი ქვეყნის ეკონომიკის მასშტაბთან მიმართებით. ამის ერთ-ერთი ინდიკატორია რუსეთში საქონლის ექსპორტით, რუსეთიდან ტურიზმითა და ფულადი გზავნილებით მიღებული თანხების ერთობლივი მოცულობის საქართველოს ნომინალურ მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) შეფარდება. ეს თანაფარდობა აჩვენებს, რამდენად დიდი იყო აღნიშნული ფინანსური ნაკადები საქართველოს ეკონომიკის ზომასთან შედარებით და როგორ იცვლებოდა ეს მაჩვენებელი წლების განმავლობაში.
2022 წლის შემდეგ რუსეთიდან მიღებული შემოსავლების შეფარდება საქართველოს ნომინალურ მშპ-სთან მნიშვნელოვნად შემცირდა. კერძოდ, თუ 2022 წელს რუსეთში საქონლის ექსპორტით, რუსეთიდან ტურიზმითა და ფულადი გზავნილებით მიღებული შემოსავლები მშპ-ის 14.4%-ს შეადგენდა, 2025 წელს ეს მაჩვენებელი 5%-მდე ჩამოვიდა და 2021 წლის დონეზეც (6.2%) დაბალი იყო. შემცირება ძირითადად ფულადი გზავნილების მკვეთრმა კლებამ განაპირობა - 2022 წელს მათი მოცულობა 2.07 მლრდ დოლარს აღწევდა, 2025 წელს კი 468 მლნ დოლარამდე შემცირდა. ამასთან, 2022 წლის პიკთან შედარებით შემცირდა რუსეთიდან ტურისტული შემოსავლებიც, მაშინ როდესაც რუსეთში საქონლის ექსპორტი იზრდებოდა.
თუმცა აღნიშნული მაჩვენებლის შემცირება თავისთავად არ ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულება ყველა მიმართულებით შესუსტდა. ამასთან, ეს თანაფარდობა არ ნიშნავს, რომ რუსეთის წილი საქართველოს მშპ-ში ამდენივე პროცენტია. ის მხოლოდ აჩვენებს, რამდენად დიდია რუსეთიდან მიღებული ფინანსური ნაკადების მოცულობა საქართველოს ეკონომიკის საერთო მასშტაბთან შედარებით.
საგარეო ვაჭრობაში 2022 წლის შემდეგ რუსეთიდან იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ხოლო საქართველოს მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი შემცირდა. განსხვავებული ტენდენცია გამოიკვეთა ადგილობრივ ექსპორტში, სადაც რუსეთის წილი 2021–2025 წლებში 17.7%-დან 20.8%-მდე გაიზარდა. თუმცა 2026 წლის პირველ ცხრა თვეში ეს მაჩვენებელი 13.9%-მდე შემცირდა, რაც მნიშვნელოვანწილად სხვა ბაზრებზე ნავთობპროდუქტების ექსპორტის მკვეთრ ზრდას უკავშირდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი კვლავ მთავარ გასაღების ბაზრად რჩება ქართული ღვინისა და სხვა ტრადიციული საექსპორტო პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის.
ენერგეტიკაში რუსეთზე დამოკიდებულება განსაკუთრებით ბუნებრივი გაზის მიმართულებით გაიზარდა. 2021–2025 წლებში რუსეთიდან მიღებული ბუნებრივი გაზის მოცულობა 2.2-ჯერ გაიზარდა, ხოლო მისი წილი ქვეყნის გაზმომარაგებაში 15.3%-დან 27.9%-მდე გაიზარდა. რუსეთი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მნიშვნელოვან მომწოდებლადაც რჩება. ელექტროენერგიის მთლიან იმპორტში მისი წილი შემცირდა, თუმცა კვლავ მაღალია. ამასთან, რუსეთიდან შემოტანილი ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებას ხმარდება.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით რუსეთის წილი შედარებით დაბალია. 2021–2025 წლებში მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში მისი წილი 6.8%-დან 5.8%-მდე შემცირდა. 2026 წლის პირველ ნახევარში კი რუსული ინვესტიციების უდიდესი ნაწილი უძრავი ქონებისა და მშენებლობის სექტორებზე მოდიოდა.
ტურიზმში რუსეთი საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობით ერთ-ერთ წამყვან პოზიციას იკავებს. თუმცა საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ მთლიან შემოსავლებში მისი წილი 2022 წლის 25.3%-დან 2025 წელს 14.8%-მდე შემცირდა. ამასთან, რუსეთიდან ვიზიტების ზრდის მიუხედავად, ვიზიტების საერთო სტრუქტურაზე სხვა ქვეყნებიდან, განსაკუთრებით აზერბაიჯანიდან, ვიზიტების დინამიკამაც იმოქმედა.
ამრიგად, ცალკეულ ეკონომიკურ მაჩვენებლებში რუსეთის წილის შემცირება არ ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულება ყველა მიმართულებით შესუსტდა. განსაკუთრებით მაღალი რჩება დამოკიდებულება ტრადიციული საექსპორტო პროდუქციისა და ბუნებრივი გაზის მიწოდების მიმართულებით. ეს დამოკიდებულება არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურ რისკებსაც შეიცავს, რადგან რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების სტაბილურობა მხოლოდ ეკონომიკური ფაქტორებით არ განისაზღვრება. წარსულში ქართულ პროდუქციაზე დაწესებული ემბარგო აჩვენებს, რომ რუსეთს პოლიტიკური გადაწყვეტილებით შეუძლია საკუთარი ბაზრის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა. შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკური მოწყვლადობის შესამცირებლად მნიშვნელოვანია საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია, ენერგორესურსების ალტერნატიული მომწოდებლების მოძიება და რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების თანმიმდევრული შემცირება.
საგარეო ვაჭრობა - როგორ შეიცვალა რუსეთის წილი?
2021-2025 წლებში საქართველოსა და რუსეთს შორის საგარეო ვაჭრობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ყველაზე მკვეთრი ცვლილება 2022 წელს დაფიქსირდა, როდესაც რუსეთიდან იმპორტი 79%-ით, ხოლო რუსეთში ექსპორტი მხოლოდ 5%-ით გაიზარდა. შესაბამისად, სავაჭრო ბრუნვის ზრდა ძირითადად იმპორტმა განაპირობა, რამაც უარყოფითი სავაჭრო ბალანსიც გაზარდა.
2025 წელს რუსეთში ექსპორტმა 749.3 მლნ დოლარი, იმპორტმა კი 1.94 მლრდ დოლარი შეადგინა. სავაჭრო ბრუნვამ 2.69 მლრდ დოლარს მიაღწია, იმპორტი კი ექსპორტს დაახლოებით 2.6-ჯერ აღემატებოდა.
ცხრილი 1. საქართველოს საგარეო ვაჭრობა რუსეთთან, 2021–2025 წლები (მლნ აშშ დოლარი)
წყარო: საქსტატი.
2021–2025 წლებში რუსეთში ექსპორტის ღირებულება დაახლოებით 23%-ით გაიზარდა, თუმცა საქართველოს მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი 14.4%-დან 10.3%-მდე შემცირდა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სხვა ქვეყნებში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მკვეთრი ზრდაა.
ადგილობრივი ექსპორტი და რეექსპორტი
მთლიანი ექსპორტისგან განსხვავებით, 2021–2025 წლებში საქართველოს ადგილობრივ ექსპორტში რუსეთის წილი 17.7%-დან 20.8%-მდე გაიზარდა. ამ პერიოდში რუსეთში ადგილობრივი ექსპორტის ღირებულება 562.5 მლნ დოლარიდან 700.7 მლნ დოლარამდე, დაახლოებით 25%-ით გაიზარდა. 2025 წელს რუსეთში ექსპორტირებული საქონლის 93.5% ადგილობრივ პროდუქციაზე მოდიოდა.
ცხრილი 2. ადგილობრივი ექსპორტი რუსეთში, 2021–2025 წლები (მლნ აშშ დოლარი)
წყარო: საქსტატი.
მთლიან და ადგილობრივ ექსპორტში რუსეთის წილების განსხვავებული დინამიკა მნიშვნელოვანწილად ავტომობილების რეექსპორტის ზრდას უკავშირდება. 2021 წელს საქართველოდან 456.5 მლნ დოლარის მსუბუქი ავტომობილები გავიდა, 2025 წელს კი მათი ექსპორტის ღირებულებამ 2.81 მლრდ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი ექსპორტის 38.6%-ია.
რეექსპორტი განსაკუთრებით ცენტრალური აზიის მიმართულებით გაიზარდა. 2025 წელს ყირგიზეთში 1.42 მლრდ დოლარის, ყაზახეთში კი 785 მლნ დოლარის მსუბუქი ავტომობილები გავიდა. ამ ორ ქვეყანაზე ავტომობილების ექსპორტის 78.5% მოდიოდა. 2026 წლის იანვარ-სექტემბერში კი ავტომობილების ექსპორტი 23.7%-ით შემცირდა და 1.53 მლრდ დოლარი შეადგინა.
2026 წელი - რა შეიცვალა ადგილობრივ ექსპორტში?
2026 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთში ექსპორტმა 560.2 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.1%-ით მეტია. ადგილობრივი ექსპორტი 2.7%-ით, 523.2 მლნ დოლარამდე გაიზარდა, თუმცა რუსეთის წილი საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 21.7%-დან 13.9%-მდე შემცირდა.
ეს სხვა ბაზრებზე ექსპორტის უფრო სწრაფმა ზრდამ განაპირობა. 2026 წლის პირველ ცხრა თვეში საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი 60.3%-ით გაიზარდა და 3.76 მლრდ დოლარი შეადგინა. ჩინეთში ადგილობრივი ექსპორტი 187.6%-ით, 566.8 მლნ დოლარამდე გაიზარდა, თურქეთში კი 53.1%-ით - 323.1 მლნ დოლარამდე. შედეგად, ჩინეთმა რუსეთს გადაასწრო და ადგილობრივი ექსპორტის უმსხვილესი ბაზარი გახდა.
ზრდის მნიშვნელოვანი ფაქტორი ნავთობპროდუქტების ექსპორტი იყო, რომლის ღირებულებამ 2026 წლის იანვარ-სექტემბერში 762.6 მლნ დოლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში არსებული 16.2 მლნ დოლარის ნაცვლად. ნავთობპროდუქტების წილმა მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 20.3%-ს მიაღწია. ეს ცვლილება ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის ამოქმედებას უკავშირდება.
ტრადიციული საექსპორტო პროდუქცია
მთლიან ადგილობრივ ექსპორტში რუსეთის წილის შემცირების მიუხედავად, ქართული წარმოების ტრადიციული პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის რუსეთი კვლავ მთავარი ბაზარია.
2026 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთში ღვინის ექსპორტი 0.3%-ით შემცირდა და 119.8 მლნ დოლარი შეადგინა, სპირტიანი სასმელების ექსპორტი კი 14.6%-ით - 92.9 მლნ დოლარამდე. 2025 წელს რუსეთზე ქართული ღვინის მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 64%, ხოლო სპირტიანი სასმელების 56% მოდიოდა.
ამავე პერიოდში რუსეთში მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი 7.9%-ით გაიზარდა და 59.8 მლნ დოლარს მიაღწია, ხოლო სხვა ახალი ნაყოფის ექსპორტი 34.6%-ით - 61.4 მლნ დოლარამდე. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 2026 წლის მაის-სექტემბერში საქართველოდან ექსპორტირებული მოცვის დაახლოებით 91% რუსეთში გაიგზავნა.
რუსეთის ბაზარზე ტრადიციული პროდუქციის ასეთი კონცენტრაცია მწარმოებლებს მოთხოვნის ცვლილებისა და შესაძლო სავაჭრო შეზღუდვების მიმართ მოწყვლადს ხდის.
იმპორტი რუსეთიდან
რუსეთიდან იმპორტის მკვეთრი ზრდა 2022 წელს მნიშვნელოვანწილად ნავთობპროდუქტებს უკავშირდებოდა. 2021 წელს რუსეთიდან 225 ათასი ტონა ნავთობპროდუქტი შემოვიდა, 135 მლნ დოლარის ღირებულებით, 2022 წელს კი - 658 ათასი ტონა, 622 მლნ დოლარის ღირებულებით. ერთი ტონის საშუალო საიმპორტო ფასი 600 დოლარიდან 945 დოლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, იმპორტის ღირებულების მატება როგორც მოცულობის, ისე ფასის ზრდამ განაპირობა.
2026 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან იმპორტი 21.7%-ით გაიზარდა და 1.65 მლრდ დოლარი შეადგინა. რუსეთის წილი საქართველოს მთლიან იმპორტში 9.9%-დან 11.5%-მდე გაიზარდა.
იმპორტირებულ საქონელს შორის პირველ ადგილზე ნავთობპროდუქტები იყო — 307.9 მლნ დოლარით, შემდეგ ნედლი ნავთობი - 269.4 მლნ დოლარით და ნავთობის აირები - 192.1 მლნ დოლარით. ამ სამი ჯგუფის ერთობლივმა ღირებულებამ 769.4 მლნ დოლარი, ანუ რუსეთიდან მთლიანი იმპორტის 46.6% შეადგინა.
სხვა ძირითად საიმპორტო პროდუქტებს შორის იყო ხორბალი და მესლინი (77.8 მლნ დოლარი) და მცენარეული ზეთები (41.6 მლნ დოლარი).
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები - როგორ შეიცვალა რუსული კაპიტალის შემოდინება?
2021–2025 წლებში რუსეთიდან საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა არაერთგვაროვანი დინამიკით ხასიათდებოდა. 2021 წელს ინვესტიციებმა 87.7 მლნ დოლარი შეადგინა, 2023 წელს 131.2 მლნ დოლარამდე გაიზარდა, 2024 წელს კი 78.5 მლნ დოლარამდე შემცირდა. 2025 წელს რუსეთიდან ინვესტიციები კვლავ გაიზარდა და 109.5 მლნ დოლარს მიაღწია. მიუხედავად ამისა, საქართველოს მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში რუსეთის წილი 2021 წლის 6.8%-დან 2025 წელს 5.8%-მდე შემცირდა.
ცხრილი 3. რუსეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში, 2021–2026 წლები
წყარო: საქსტატი
2026 წლის პირველ ნახევარში რუსეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 33.5%-ით შემცირდა და 37.2 მლნ დოლარი შეადგინა. ამ პერიოდში რუსეთის წილი მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში დაახლოებით 5% იყო.
რუსული ინვესტიციები ძირითადად უძრავი ქონებისა და მშენებლობის სექტორებშია კონცენტრირებული. „ბიემჯის“ მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი მონაცემებით, 2026 წლის პირველ ნახევარში რუსეთიდან განხორციელებული პირდაპირი ინვესტიციების 71.8%, ანუ 26.7 მლნ დოლარი, უძრავი ქონების სექტორზე მოდიოდა, მშენებლობაში კი 4.8 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ამ ორი სექტორის ერთობლივმა წილმა დაახლოებით 85% შეადგინა.
გასათვალისწინებელია, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წლიური ნაკადები არ ასახავს საქართველოში დაგროვილი რუსული კაპიტალის მთლიან მოცულობას. შესაბამისად, ინვესტიციების შემოდინების შემცირება ქვეყანაში უკვე არსებული რუსული კაპიტალის შემცირებას არ ნიშნავს.
ფულადი გზავნილები - როგორ შეიცვალა რუსეთის როლი?
რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წელს, რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები მკვეთრად გაიზარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წელს რუსეთიდან 411.4 მლნ დოლარი გადმოირიცხა, 2022 წელს კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით ხუთჯერ გაიზარდა და 2.07 მლრდ დოლარს მიაღწია.
მომდევნო წლებში გზავნილების მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა: 2023 წელს რუსეთიდან 1.53 მლრდ დოლარი გადმოირიცხა, 2024 წელს - 541.2 მლნ, ხოლო 2025 წელს - 468 მლნ დოლარი. შესაბამისად, 2025 წელს გზავნილები 2022 წლის პიკურ მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით 77%-ით ნაკლები იყო, თუმცა 2021 წლის დონეს კვლავ 13.8%-ით აღემატებოდა.
კლება გაგრძელდა 2026 წელსაც. იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან საქართველოში 304.8 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.5%-ით ნაკლებია.
ტურიზმი - როგორ შეიცვალა რუსეთის წილი?
რუსეთი საქართველოს ტურიზმის სექტორისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბაზრად რჩება. თუმცა საერთაშორისო ვიზიტებში მისი წილის ცვლილება მხოლოდ რუსეთიდან ვიზიტების რაოდენობის ზრდით არ აიხსნება.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2019 წელს რუსეთის მოქალაქეების 1.47 მლნ ვიზიტი დაფიქსირდა, რაც საერთაშორისო ვიზიტების 19%-ს შეადგენდა. 2024 წელს ვიზიტების რაოდენობა 1.42 მლნ იყო, თუმცა რუსეთის წილი 22%-მდე გაიზარდა.
ამ ცვლილებაზე გავლენა სხვა ქვეყნებიდან, განსაკუთრებით აზერბაიჯანიდან, ვიზიტების შემცირებამაც მოახდინა. 2019 წელს აზერბაიჯანიდან დაახლოებით 1.5 მლნ ვიზიტი განხორციელდა, 2025 წელს კი მხოლოდ 292 ათასი. საერთაშორისო ვიზიტებში აზერბაიჯანის წილი 2019 წლის 19.8%-დან 2024 წელს 3.4%-მდე შემცირდა, რაც მნიშვნელოვანწილად აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარზე დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირდება.
2025 წელს რუსეთიდან 1.58 მლნ ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წელთან შედარებით 11.1%-ით მეტია. რუსეთი საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობით პირველ ადგილზე იყო. ზრდა გაგრძელდა 2026 წელსაც — იანვარ-სექტემბერში რუსეთის მოქალაქეების 1.31 მლნ ვიზიტი დაფიქსირდა, 4.9%-ით მეტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
განსხვავებული ტენდენცია გამოიკვეთა ტურისტულ შემოსავლებში. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წელს რუსეთზე საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების 25.3% მოდიოდა, 2025 წელს კი ეს მაჩვენებელი 14.8%-მდე შემცირდა. 2025 წელს საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან 4.69 მლრდ დოლარი მიიღო, საიდანაც რუსეთზე 694 მლნ დოლარი მოდიოდა.
2026 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთის მოქალაქეების საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 14.5%-ით გაიზარდა და 641.3 მლნ დოლარი შეადგინა.
მონაცემების შეფასებისას გასათვალისწინებელია საქართველოში ხანგრძლივი ვადით მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების ფაქტორიც. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების 20.1% ქვეყანაში ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა ან ამ ვადით დარჩენას გეგმავდა. საერთაშორისო მეთოდოლოგიის შესაბამისად, საქართველოს რეზიდენტებად მიჩნეული პირების დანახარჯები საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავლებში არ აისახება.
ცხრილი 4. რუსეთის წილი საერთაშორისო ვიზიტებსა და ტურისტულ შემოსავლებში
წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ეროვნული ბანკი.
ენერგეტიკული დამოკიდებულება - ბუნებრივი გაზი, ნავთობი და ელექტროენერგია
რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ენერგეტიკაა. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი გაზის მთავარი მომწოდებელი აზერბაიჯანია, ბოლო წლებში რუსეთიდან მიღებული გაზის მოცულობა და მისი წილი ქვეყნის გაზმომარაგებაში მნიშვნელოვნად გაიზარდა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) მონაცემებით, 2021 წელს საქართველომ რუსეთიდან 397 მლნ კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი მიიღო, 2025 წელს კი - 886 მლნ კუბური მეტრი. ამ პერიოდში რუსეთიდან მიღებული გაზის მოცულობა 2.2-ჯერ გაიზარდა, ხოლო მისი წილი ქვეყნის გაზმომარაგებაში 15.3%-დან 27.9%-მდე, ანუ 12.6 პროცენტული პუნქტით. მიუხედავად ამისა, 2025 წელს ბუნებრივი გაზის მიწოდების 71.7% კვლავ აზერბაიჯანზე მოდიოდა.
ცხრილი 5. რუსეთიდან ბუნებრივი გაზის მიღება, 2021–2025 წლები
წყარო: სემეკი
რუსეთი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მომწოდებლადაც რჩება. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილება ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის ამოქმედებას უკავშირდება, რომელმაც საქმიანობა 2025 წლის ოქტომბერში დაიწყო. საწარმოს პირველი ეტაპის წლიური გადამუშავების სიმძლავრე 1.2 მლნ ტონაა. თავდაპირველად ქარხანა რუსულ ნედლ ნავთობს იყენებდა, ხოლო გადამუშავებული ნავთობპროდუქტების ნაწილი ექსპორტზე გადიოდა. შესაბამისად, საწარმოს ამოქმედებამ გავლენა მოახდინა როგორც ნედლი ნავთობის იმპორტის, ისე ნავთობპროდუქტების ექსპორტის მაჩვენებლებზე.
2026 წლის ივლისში ევროკავშირმა ყულევის ქარხანა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა, თუმცა შეზღუდვების ამოქმედება ექვსი თვით, 2027 წლის 25 იანვრამდე გადადო. საწარმოს მფლობელი კომპანიის, Black Sea Petroleum-ის განცხადებით, 2026 წლის 23 აგვისტოდან ქარხანამ რუსული ნავთობის გადამუშავება სრულად შეწყვიტა და არარუსულ ნედლეულზე გადავიდა. კომპანია ალტერნატიულ მომწოდებლებად ყაზახეთსა და ლიბიას ასახელებდა.
ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ 2026 წლის ცხრა თვის სტატისტიკაში რუსეთიდან ნედლი ნავთობის მნიშვნელოვანი იმპორტი ფიქსირდება, წლის განმავლობაში ყულევის ქარხანამ რუსული ნედლეულის ჩანაცვლება დაიწყო.
რაც შეეხება ელექტროენერგიას, რუსეთი საქართველოსთვის იმპორტირებული ელექტროენერგიის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ რჩება. 2022 წელს რუსეთიდან 1.27 მლრდ კვტ·სთ ელექტროენერგია შემოვიდა, რაც მთლიანი იმპორტის 82.5%-ს შეადგენდა. 2025 წელს რუსეთიდან იმპორტის მოცულობა 971.2 მლნ კვტ·სთ-მდე, ხოლო მისი წილი 62.4%-მდე შემცირდა.
ცხრილი 6. რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი, 2022–2025 წლები
წყარო: ესკო
ამ მონაცემების შეფასებისას გასათვალისწინებელია, რომ რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებას ხმარდება. 2025 წელს ამ მიზნით რუსეთიდან შემოტანილი ელექტროენერგიის დაახლოებით 74.5% გამოიყენეს. შესაბამისად, რუსეთის მაღალი წილი მთლიან იმპორტში სრულად არ ასახავს საქართველოს დანარჩენი ტერიტორიის რუსულ ელექტროენერგიაზე დამოკიდებულებას.
რუსეთიდან მიღებული შემოსავლები - როგორ შეიცვალა მათი შეფარდება საქართველოს მშპ-სთან?
რუსეთიდან მიღებული შემოსავლების საქართველოს ეკონომიკასთან მიმართებით შესაფასებლად მნიშვნელოვანია საქონლის ექსპორტით, ტურიზმითა და ფულადი გზავნილებით მიღებული თანხების ერთობლივი ანალიზი. ამ სამი წყაროდან მიღებული შემოსავლების ნომინალურ მშპ-სთან შეფარდება აჩვენებს, როგორ იცვლებოდა მათი მოცულობა ქვეყნის ეკონომიკის მასშტაბთან შედარებით.
2021 წელს საქართველომ რუსეთში საქონლის ექსპორტით, რუსეთიდან ტურიზმითა და ფულადი გზავნილებით ჯამში დაახლოებით 1.17 მლრდ აშშ დოლარი მიიღო, რაც ქვეყნის ნომინალური მშპ-ის 6.2%-ს შეადგენდა. 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ეს შემოსავლები მკვეთრად გაიზარდა და 3.6 მლრდ დოლარს მიაღწია, ხოლო მათი შეფარდება მშპ-სთან 14.4%-მდე გაიზარდა. ზრდა უმთავრესად რუსეთიდან ფულადი გზავნილების მატებამ განაპირობა, რომელთა მოცულობამ 2022 წელს 2.07 მლრდ დოლარი შეადგინა.
2023 წლიდან რუსეთიდან მიღებული შემოსავლები შემცირდა. 2023 წელს მათმა ჯამურმა მოცულობამ 3.12 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც მშპ-ის 10.1%-ს შეესაბამებოდა. შემცირება მომდევნო წლებშიც გაგრძელდა: 2024 წელს შემოსავლები 2.07 მლრდ დოლარამდე, ხოლო 2025 წელს 1.91 მლრდ დოლარამდე შემცირდა. შესაბამისად, მათი შეფარდება მშპ-სთან 2024 წელს 6.1%-მდე, ხოლო 2025 წელს 5%-მდე ჩამოვიდა.
ამ ცვლილების მთავარი განმაპირობებელი ფულადი გზავნილების მკვეთრი კლება იყო. 2022 წლის პიკთან შედარებით, 2025 წელს რუსეთიდან ფულადი გზავნილები დაახლოებით 77%-ით შემცირდა. ამასთან, 2023 წლის შემდეგ შემცირების ტენდენცია შეინიშნებოდა რუსეთიდან ტურისტულ შემოსავლებშიც. ამის საპირისპიროდ, რუსეთში საქონლის ექსპორტი ზრდას განაგრძობდა და 2025 წელს 749.3 მლნ დოლარს მიაღწია, რაც 2021 წლის მაჩვენებელს დაახლოებით 23%-ით აღემატებოდა.
ამრიგად, 2025 წელს რუსეთიდან მიღებული შემოსავლების შეფარდება საქართველოს მშპ-სთან მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა როგორც 2022 წლის პიკურ მაჩვენებელს, ისე 2021 წლის დონეს. თუმცა ეს მაჩვენებელი ეკონომიკური დამოკიდებულების მხოლოდ ერთ ნაწილს ასახავს და არ მოიცავს რუსეთიდან იმპორტზე, მათ შორის ენერგორესურსებზე დამოკიდებულებას, ასევე ინვესტიციებისა და სხვა ეკონომიკური კავშირების გავლენას. ამასთან, შემოსავლების მშპ-სთან შეფარდება არ ნიშნავს, რომ აღნიშნული თანხები იმავე მოცულობით აისახება ქვეყნის მშპ-ში. შესაბამისად, ამ მაჩვენებლის შემცირება თავისთავად არ ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულება ყველა მიმართულებით შემცირდა.
ცხრილი 7. რუსეთიდან მიღებული შემოსავლების შეფარდება საქართველოს ნომინალურ მშპ-სთან
წყარო: საქსტატი, საქართველოს ეროვნული ბანკი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია; ავტორის გამოთვლები.
BM.GE
წყარო: bm.ge