
რას აპროტესტებს ხალხი ევროპაში და რამდენადაა მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება შესაძლებელი?
რას აპროტესტებს ბოლო კვირებში ქუჩებში გამოსული მილიონობით ადამიანი და რამდენად ექვემდებარება მათი მოთხოვნები დაკმაყოფილებას - ეს ის კითხვებია, რომლებზე პასუხიც ყველას აინტერესებს. არამარტო იმიტომ, რომ სოციალური ქსელები მოიცვა პროტესტის კადრებმა, არამედ იმიტომაც, რომ რთულია იმის გაგება, რა რეალური მიზეზები დგას ამ ყველაფრის უკან.
საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია - ევროპის წამყვან ეკონომიკებს, მათ მოსახლეობას აშკარად რაღაც აწუხებს. სწორედ ამ ქაოტური ვითარების გარკვევაში დაგვეხმარება ეს სტატია.
უპირველესად უნდა გავიგოთ ის, თუ როგორ დაიწყო ეს პროცესები და რა გახდა კატალიზატორი. ოქტომბერში ევროპის სამ დიდ ეკონომიკაში პროტესტი ერთდროულად, თუმცა სხვადასხვა მიზეზით აფეთქდა. საფრანგეთში ყველაფერი სკოლებისა და უნივერსიტეტების გაფიცვით დაიწყო. მიზეზი არამარტო ის გახდა, რომ სასკოლო სივრცეებში ფიზიკურად აღარ არის მოსწავლეებისთვის ადგილი ან ის, რომ ინფრასტრუქტურა არადამაკმაყოფილებელია, არამედ ის, რომ პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ 2027 წლის ბიუჯეტის პროექტში არსებული დეფიციტის შესამცირებლად სამთავრობო ხარჯების 54 მილიარდი ევროთი შეკვეცა დააანონსა. თანაც, განსაკუთრებით განათლების, ჯანდაცვის და პენსიების ხარჯზე.
მარტივად რომ ვთქვათ, სახელმწიფომ სოციალური საკითხები, ხალხის საჭიროებები მეორეხარისხოვანი მნიშვნელობისად მიიჩნია და საბიუჯეტო პროექტით თქვა, რომ რომ არსებული დეფიციტის შემცირებას სხვა გზით ვერ შეძლებს.
სრულიად სხვა წინაპირობა ვიხილეთ ესპანეთში, სადაც პროტესტის ეპიცენტრში უძრავი ქონების ბაზარი აღმოჩნდა. მადრიდში 87 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პენსიონერი, მარიკარმენ აბასკალი საინვესტიციო ფონდმა გაზრდილი ქირის გადაუხდელობის გამო 70 წლის ნაცხოვრები სახლიდან გაუშვა. ეს ქალბატონი გარდაიცვალა და ქვეყანაც პროტესტმა მოიცვა. მადრიდის ცენტრში 1,200-ზე მეტი კარავი გაიშალა. პრემიერმა პედრო სანჩესმა სცადა საგანგებო დეკრეტით გამოსახლებების აკრძალვა და ფონდებისთვის ბინების შესყიდვის შეზღუდვა, თუმცა პარლამენტმა ინიციატივა ჩააგდო, რასაც პარლამენტის დათხოვნა და 29 ნოემბერს ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოჰყვა.
აი, რაც შეეხება იტალიას, რომსა და მილანში, ათობით ათასი ადამიანი გაზრდილმა, 4.2%-იანმა ინფლაციამ და ჯანდაცვის სისტემის კოლაფსმა გამოიყვანა.
გარკვეულწილად, უკვე გასაგებია, თუ რამ გამოიყვანა ხალხი ქუჩაში, მაგრამ მეორე მხრივ, არც ამჟამინდელი იტალიური ინფლაციით, არც ესპანეთში ერთი ასაკოვანი ქალბატონის გამოსახლებით და არც ფრანგული ბიუჯეტის შემცირებით საზოგადოებაში ამ მასშტაბის უკმაყოფილება არ დაწყებულა. ის, რაც ვახსენეთ, იყო ე.წ. თრიგერი, რომელმაც საზოგადოებაში დაგროვილი უკმაყოფილების აფეთქება გამოიწვია.
აი, სწორედ იმისთვის, რომ სრულ სურათს ვხედავდეთ, საჭიროა, ამ დაგროვილი უკმაყოფილების მიზეზებიც გავარკვიოთ.
რეალური პრობლემა ის არის, რომ ევროპელი მოქალაქის მსყიდველუნარიანობა ბოლო წლებში სისტემურად დაეცა. მართალია, ინფლაციის ტემპი 2022 წლის პიკიდან ჩამოვიდა, მაგრამ ფასები ძველ ნიშნულს არ დაბრუნებია. ევროსტატის მონაცემებით, ბოლო 5 წელიწადში საკვები პროდუქტები ევროკავშირში ჯამურად 34%-ით გაძვირდა, ხოლო მხოლოდ წელს ენერგოტარიფები კიდევ თითქმის 19%-ით გაიზარდა.
ამას ემატება საცხოვრებელი ხარჯებიც: მადრიდსა და ბარსელონაში ბინის ქირა გაორმაგდა და დღეს საშუალო ხელფასის ნახევარზე მეტს, 50%-ზე მეტს ყლაპავს. მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანებს ფული აღარ რჩებათ აღარაფრისთვის, გარდა თავის რჩენისა.
ასე დროს კი, ტრადიციულად, ხალხი დახმარებას მისგან მოელის, ვისაც თავადვე ჩააბარა მართვის სადავეები. მაგრამ პასუხი კითხვაზე, თუ რატომ ვერ ხერხდება დახმარების გაწევა, ანუ ხელფასების, პენსიებისა თუ სოციალური დახმარების სხვა ფორმების ზრდა, მარტივად გაცემადი არ არის. არ არის, რადგან მთავრობას თავად სჭირდება დახმარება - სახელმწიფო ვალისაგან.
იმ ფონზე, რომ ევროზონის ეკონომიკური ზრდა ფაქტობრივად გაჩერებულია და საფრანგეთსა თუ იტალიაში საშუალოდ მხოლოდ 0.6%-ია, ბიუჯეტში ახალი ფული ვეღარ შედის. როცა ბიუჯეტში ფული ვერ შედის, დახმარებები კი გასაცემია, ქვეყნები ადგებიან გლობალურ სასესხო ბაზარს, სადაც უშვებენ ბონდებს და იღებენ ვალებს, რომელთა გასტუმრების ხარჯები ჭამს სწორედ იმ ფულს, რომელიც ხალხს უნდა რჩებოდეს.
ეს ერთგვარი სპირალია და ძალიან წააგავს ვალში მყოფი ადამიანის მდგომარეობას, რომელიც გამუდმებულად იღებს ახალ სესხებს და წინა ვალის გასტუმრების მიუხედავად, ახლის დასაკმაყოფილებლად მეტის გაღება უწევს, შესაბამისად, აკლებს საკუთარ ჯიბეს. თანაც, უკეთესი ანაზღაურების მქონე სამსახურიც არ ჩანს.
აი, სწორედ ამ ტიპის პრობლემას აწყდებიან წამყვანი ევროპული ქვეყნები. მაგალითად, საფრანგეთის სახელმწიფო ვალი უკვე მთლიანი შიდა პროდუქტის 119%-ს, 3.6 ტრილიონ ევროს აღწევს. თანაც, არა უბრალოდ ვალის, არამედ მხოლოდ ვალის პროცენტის მომსახურება დაუჯდება საფრანგეთს მომავალ წელს 91 მილიარდ ევროზე მეტი. თუ ეს არ მოხერხდა, გლობალურ ბაზარზე ქვეყნის მიერ გამოშვებულ ბონდებს აღარავინ იყიდის და ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება. გაუარესდება იქამდე, სანამ ეკონომიკის ზრდა არ დაიწყება. შესაბამისად, სანამ გამოსავალი არ გამოჩნდება, ეს ფული მოაკლდება სკოლებსა და საავადმყოფოებს - მოაკლდება ხალხის ჯიბეებს.
აი, ამ ფონზე კი შეიძლება ითქვას, რომ ის, რასაც ხალხი აპროტესტებს, ის, რასაც ისინი ითხოვენ: იქნება ეს ფასების სუბსიდირება, ხელფასების ინდექსაცია, საპენსიო ასაკის დაწევა თუ საჯარო სექტორში მილიარდობით დოლარის ჩასხმა, ასევე ქირაზე ზედა ზღვრის დაწესება, ბიზნესისა და ფისკალური კუთხით თითქმის არ ექვემდებარება შესრულებას.
მაგალითად, საპენსიო რეფორმის უკან დაბრუნება საფრანგეთის ბიუჯეტს წლიურად 20 მილიარდ ევრომდე დაუჯდება. მაშინ, როცა ისედაც 50-მილიარდიანი დეფიციტი აქვთ, ხელფასების ავტომატური მიბმა ინფლაციაზე ახალ ინფლაციურ სპირალს დაატრიალებს და ევროპულ ექსპორტს კონკურენტუნარიანობას დაუკარგავს. რაც შეეხება ესპანეთში ქირის გაყინვასა და გამოსახლებების აკრძალვას, ეს ბაზრიდან გასაქირავებელი ბინების 30%-ს გააქრობს, რადგან მესაკუთრეები ბინებს უბრალოდ გაყიდიან.
ასე, რომ ევროპაც და მისი მთავრობებიც ორ რთულ არჩევანს შორის არიან მოქცეულნი: თუ ქუჩის მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, ფინანსური ბაზრები მათ ვალის კიდევ უფრო გაძვირებით დასჯიან; ხოლო თუ ე.წ. ქამრების შემოჭერას გააგრძელებენ, პოლიტიკურ კრიზისსა და პარალიზებულ ეკონომიკას მიიღებენ. გასარკვევი სწორედ ის არის, თუ რა გზას გამონახავენ ისინი ამ კრიზისიდან.
BM.GE
წყარო: bm.ge