ორიგინალი
რატომ ვერ მუშაობს სოცდაუცველთა დასაქმების პროგრამები - აუდიტის მიგნებები
BM.GE·15:21

რატომ ვერ მუშაობს სოცდაუცველთა დასაქმების პროგრამები - აუდიტის მიგნებები

25 ნოემბერი, 2026 · 15:21

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების წასახალისებლად მნიშვნელოვანი საკანონმდებლო მექანიზმები შექმნა, ბენეფიციარებამდე ვერ მივიდა მთავარი გზავნილი, რომ საკუთარი დასაქმების გაოფიციალურების შემთხვევაში, ოთხი წელი დახმარება შეუნარჩუნდებოდათ.

ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი კაპანაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.

სხდომაზე აუდიტის სამსახურმა „საარსებო შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი ბენეფიციარების სოციალურ დახმარებაზე დამოკიდებულების შემცირების ეფექტიანობის აუდიტის“ ანგარიში წარადგინა, რომელიც 2023-2024 წლებსა და 2025 წლის პირველ ნახევარს მოიცავს.

როგორც გიორგი კაპანაძემ განაცხადა, ბოლო წლებში სოციალური დახმარების სისტემამ პროგრესი განიცადა და მისი მიზანი გახდა, დახმარების გარდა, შრომისუნარიან მოქალაქეებს სიღარიბისთვის დაეღწიათ თავი. ამ კუთხით ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი ოთხწლიანი საშეღავათო პერიოდის ამოქმედება იყო, რომელიც სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრის დასაქმების შემთხვევაში, ოჯახს ოთხი წლის განმავლობაში საარსებო შემწეობას უნარჩუნებს. თუმცა აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ამ სტიმულის მიუხედავად, შედეგები არასახარბიელოა.

"[დღეს] დახმარების სისტემა აღარ შემოიფარგლება მხოლოდ გაჭირვებულთა მხარდაჭერით, მისი მიზანია, შექმნას ერთგვარი საფეხური იმ ადამიანებისთვის, ვისაც მუშაობა შეუძლია, რათა მათ თავი დააღწიონ სიღარიბეს და წლების განმავლობაში პასიური დახმარების მიმღებებად არ დარჩნენ.

ამ მიმართულებით სამინისტროს ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ნაბიჯი და ინიციატივა იყო ოთხწლიანი საშეღავათო პირობების ამოქმედება. ეს გულისხმობდა, რომ თუ სოციალურად დაუცველი ოჯახის რომელიმე წევრი ბაზარზე დასაქმდებოდა და მუშაობას დაიწყებდა, მას არ შეუწყდებოდა დახმარება, ხოლო მისი ოჯახი ოთხი წლის განმავლობაში არ დაექვემდებარებოდა გადამოწმებას, რათა სოციალური დახმარების სახით არსებული შემოსავალი არ დაეკარგა.

გარდა ამისა, მოქმედებდა საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის პროგრამაც, რომელიც შეიქმნა საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების 18 წლიდან საპენსიო ასაკამდე მყოფი დაუსაქმებელი პირების შრომის ბაზარზე გასააქტიურებლად.

რაც შეეხება მიგნებებს, პირველი მიგნება სტრატეგიული ხედვის ტრანსფორმაციასა და პოლიტიკის თანმიმდევრულობას ეხება. კერძოდ, შრომისუნარიანი ბენეფიციარების დასაქმების სტიმულირების მექანიზმების დანერგვის პროცესს თან ახლავს პოლიტიკის მნიშვნელოვანი არათანმიმდევრულობა და მარეგულირებელი ნორმების ხშირი ცვლა. სისტემა, რომელიც 2022 წლამდე არ ქმნიდა სტიმულს შრომის ბაზარზე აქტივაციისთვის, პირდაპირ გადავიდა ყველაზე ძლიერ მხარდაჭერაზე ოთხწლიანი საშეღავათო პერიოდის შემოღებაზე. აღნიშნული რადიკალური ცვლილების ფონზეც კი, ოთხწლიანი ჯავშნის მექანიზმის მოქმედების პირობები იცვლებოდა და მასში სხვადასხვა მცირე ცვლილება შედიოდა.

ასევე, გარკვეულ ეტაპზე Worknet-ის პლატფორმაზე შრომის ბაზრის მართვის ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში, რომელიც დასაქმების ადმინისტრირების კუთხით საკმაოდ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს რეგისტრაცია სავალდებულო მოთხოვნად განისაზღვრა, თუმცა ეს ვალდებულება შემდგომ კვლავ გაუქმდა. ამრიგად, ქვეყანაში არ არსებობს ერთიანი სტრატეგიული დოკუმენტი და შესაბამისი სამოქმედო გეგმა, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი ის მექანიზმები და ღონისძიებები, რაც უზრუნველყოფს ბენეფიციართა ეფექტიან გადასვლას სოციალური დაცვის სისტემიდან შრომის ბაზარზე. აქედან გამომდინარე, გვაქვს მოსაზრება, რომ საარსებო შემწეობის პროგრამის დიზაინის ხშირი და არათანმიმდევრული ცვლილება აჩენს სისტემის მიმართ ბენეფიციართა ნდობის შემცირების რისკს, რაც საბოლოოდ შესაძლოა უარყოფითად აისახოს მათ მზაობაზე, ჩაერთონ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ დასაქმების ინიციატივებში.

მეორე მიგნება კვლავ ამავე საკითხს ოთხწლიანი საშეღავათო პერიოდის რეფორმის გავლენასა და დასაქმების მაჩვენებელს ეხება. 2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, იდენტიფიცირებული რეფორმის უშუალო სამიზნე პოპულაციის მხოლოდ 13%-მა (დაახლოებით 33 000-მა პირმა) შეძლო ფორმალურ შრომის ბაზარზე ჩართვა. აუდიტის ჯგუფის გამოკითხვით დგინდება, რომ ბენეფიციართა უმრავლესობამ დასაქმების გადაწყვეტილება საშეღავათო პირობების შესახებ ინფორმაციის ფლობის გარეშე მიიღო. თუ დასაქმებისა და აქტიური ჯავშნის (ოთხწლიანი საშეღავათო პერიოდის) გამოყენების მაჩვენებლებს ქალაქების მიხედვით შევხედავთ, მაგალითად, თბილისში ეს შესაძლებლობა 52 ათასი ადამიანიდან 8 900-მა გამოიყენა, რაც მთლიანი რაოდენობის 17%-ია, ხოლო ქვეყნის მასშტაბით ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალია და 13%-ს შეადგენს.

რომ შევაჯამოთ, მიუხედავად ინსტრუმენტის არსებობისა, ბენეფიციარამდე ვერ მივიდა მთავარი გზავნილი სახელმწიფოს მხრიდან დაცულობის გარანტია, რამაც შეაფერხა უფრო მასშტაბური აქტივაცია", - განაცხადა კაპანაძემ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: bm.ge
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რატომ ვერ მუშაობს სოცდაუცველთა დასაქმების პროგრამები - აუდიტის მიგნებები

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

BM.GE·19:42

ევროკომისია აშშ-სა და ჩინეთთან კონკურენციისთვის კვანტური კომპიუტერების აქტის წარდგენას გეგმავს

ევროკომისია აშშ-სა და ჩინეთთან კონკურენციისთვის კვანტური კომპიუტერების აქტის წარდგენას გეგმავს
BM.GE·19:31

გამოუყენებელი მეორადი აპარატურა და შეუსრულებელი სამუშაოები – რა დარღვევები გამოავლინა აუდიტმა "სამედიცინო ჰოლდინგში"

გამოუყენებელი მეორადი აპარატურა და შეუსრულებელი სამუშაოები – რა დარღვევები გამოავლინა აუდიტმა "სამედიცინო ჰოლდინგში"
BM.GE·19:22

„ბიზნესის დღე“ - ეკონომიკის განვითარების კორპორაციამ ბიზნესფორუმების სერია დაიწყო

„ბიზნესის დღე“ - ეკონომიკის განვითარების კორპორაციამ ბიზნესფორუმების სერია დაიწყო
BM.GE·19:09

ცენტრალური ბანკების გაზრდილი მოთხოვნა ოქროზე ფასებს ზრდის - „ზარაფხანაში“

ცენტრალური ბანკების გაზრდილი მოთხოვნა ოქროზე ფასებს ზრდის - „ზარაფხანაში“
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.