
RECSOL – „თეგეტას“ პროექტი, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემას ცვლის
გამოყენებული საბურავები საქართველოში ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე რთულად სამართავ ნარჩენად მიიჩნეოდა. მათი არასწორი განთავსება კი გარემოსთვის სერიოზულ საფრთხეს ქმნიდა – აბინძურებდა ნიადაგს, წყალსა და ჰაერს, ზრდიდა ხანძრის რისკს და ეკოლოგიურ პრობლემებს აჩენდა, რომელთა მართვაც სისტემური მიდგომის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია. სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ გადაწყვიტა „თეგეტა ჰოლდინგმა“ ქვეყანაში საბურავების გადამმუშავებელი სრულფასოვანი ინფრასტრუქტურის შექმნა, რაც კომპანიის მდგრადი განვითარების სტრატეგიას ეხმიანება და ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების პრაქტიკაში დანერგვას ისახავს მიზნად.RECSOL-ის საწარმო, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომიდან ამოქმედდება, მხოლოდ ინფრასტრუქტურის შექმნას არ გულისხმობს – ის ნარჩენების მართვისადმი სრულიად ახალი მიდგომის დანერგვას უკავშირდება, სადაც გამოყენებული საბურავები აღარ აღიქმება, როგორც გარემოსთვის საშიში ნარჩენი და გარდაიქმნება რესურსად, რომელსაც ეკონომიკური ღირებულება აქვს.
შალვა ახვლედიანი, RECSOL-ის აღმასრულებელი დირექტორი: „RECSOL შეიქმნა იმისთვის, რომ გადაჭრილიყო პრობლემა, რომელიც საქართველოს ათწლეულების განმავლობაში აწუხებდა. ჩვენ ვქმნით მოდელს, სადაც ნარჩენი აღარ წარმოადგენს გარემოსდაცვით საფრთხეს და გარდაიქმნება ღირებულ რესურსად. ქარხანა სრულად დააკმაყოფილებს CE და ISO სტანდარტებს და შეძლებს ქვეყანაში დაგროვილი საბურავების ნარჩენის სისტემურ გადამუშავებას. შედეგად, მიღებული მასალები სხვადასხვა ინდუსტრიაში გამოიყენება, მათ შორის რეზინით მოდიფიცირებული ასფალტის წარმოებაში, რაც უფრო გამძლე და ხანგრძლივი ინფრასტრუქტურის შექმნას უწყობს ხელს“.
პროექტში განსაკუთრებულ როლს ასრულებს „თეგეტა ჰოლდინგთან“ დაკავშირებული კომპანია „თეგეტა გრინ პლანეტი“, რომელიც მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (EPR) სისტემის ფარგლებში საბურავების შეგროვებისა და მართვის მიმართულებით მუშაობს. სწორედ EPR სისტემა ქმნის იმ საფუძველს, რომელზედაც მსგავსი მასშტაბის ინფრასტრუქტურა შეიძლება ეფექტიანად ფუნქციონირებდეს. მოდელი გულისხმობს, რომ პროდუქტის სასიცოცხლო ციკლზე პასუხისმგებლობა მხოლოდ გაყიდვით არ სრულდება – მწარმოებელი და იმპორტიორი ნარჩენის შეგროვებასა და გადამუშავებაზეც არის პასუხისმგებელი. საბოლოოდ იქმნება ერთიანი ჯაჭვი, სადაც ნარჩენი კვლავ ეკონომიკურ ციკლში ბრუნდება.