
„როდესაც უკომპრომისოდ დავუპირისპირდით კორუფციას, მზად ვართ მსგავსი ბრალდებებისთვის“ - მდინარაძე ღარიბაშვილის განცხადებებზე
მამუკა მდინარაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ კორუფციასთან ბრძოლის გამო მსგავსი ბრალდებებისთვის მზად იყო.
მდინარაძის თქმით, იგი თავს შეიკავებს პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერის მიზნებზე საუბრისგან, რადგან მასზე შეტევაზე გადასვლას ამ ეტაპზე სწორად არ მიიჩნევს.
„მოდი, მე მის მიზნებზე საუბრისგან თავს შევიკავებ. პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ, რომ ჩემი მხრიდან სწორი არ იქნება რაღაც შეტევაზე გადასვლა. ერთი რამ შემიძლია გითხრათ აბსოლუტური გულწრფელობით, როდესაც პირადად მე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით კორუფციას, მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები, შეიძლება უარესიც, იყოს, არის და იქნება. თუ ამისთვის მზად არ ხარ ხელისუფლების წარმომადგენელი, მაშინ ვერც კორუფციას გამოუცხადებ ბრძოლას, ვერც საქმეს გააკეთებ და ვერც რაღაც სწრაფ მენეჯმენტს უზრუნველყოფ“, - განაცხადა მდინარაძემ.
ვიცე-პრემიერმა ასევე დაამატა, რომ უსაფუძვლო და ურთიერთგამომრიცხავი ბრალდებების მიუხედავად, არ აპირებს დისკუსიაში შესვლას იმ შეტევების გამო, რომლებიც ხელისუფლებაზე კორუფციასთან ბრძოლის გამო ხორციელდება.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 17 აგვისტოს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას „ბიძინა ივანიშვილის დავალებით წერილი გაუგზავნეს“. მოგვიანებით, 18 აგვისტოს გამოქვეყნებულ ღია წერილში ღარიბაშვილმა დააზუსტა, რომ აღნიშნული წერილი მას მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა.
BM.GE
წყარო: bm.ge