მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. როგორ აირჩიეს სების საბჭოში ნანა ყეინიშვილი 2023 წელს? - ქრონოლოგია სრულად
როგორ აირჩიეს სების საბჭოში ნანა ყეინიშვილი 2023 წელს? - ქრონოლოგია სრულად

როგორ აირჩიეს სების საბჭოში ნანა ყეინიშვილი 2023 წელს? - ქრონოლოგია სრულად

BM.GE9 ოქტომბერი, 2026, 19:26|bm.ge

2023 წლის 21 სექტემბერს პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოში ორ ვაკანტურ ადგილზე ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი აირჩია. ყეინიშვილის კანდიდატურას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხომერიკისას კი, 82-მა. კენჭისყრას წინ უძღოდა ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები, საბჭოს წევრების გადადგომა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის უთანხმოება კანდიდატურების საკითხზე.

როგორ დაიწყო კანდიდატურების არჩევის პროცესი

2023 წლის 28 ივნისს პარლამენტში მმართველმა გუნდმა მხარი არ დაუჭირა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოში წარდგენილ კანდიდატებს გიორგი ბაქრაძესა და დიმიტრი ჯაფარიძეს.

რამდენიმე თვის შემდეგ, 2023 წლის სექტემბერში, პრეზიდენტმა საბჭოში არსებულ ორ ვაკანტურ ადგილზე ახალი კანდიდატურები წარადგინა: ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი.

ყეინიშვილი 2012-2016 წლებში „ქართული ოცნების“ წევრი იყო. პარლამენტში მუშაობდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილისა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობებზე. მან მმართველი პარტია 2016 წლის აგვისტოში დატოვა. თეიმურაზ ხომერიკი სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისში საქმიანობდა.

სანქციების გამო ეროვნული ბანკის ხელმძღვანელების გადადგომა

კანდიდატურების განხილვას წინ უძღოდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის იმჟაიმინდელი შემსრულებლის, ნათია თურნავას გადაწყვეტილება, რომელმაც საბჭოში კრიზისი გაამწვავა.

2023 წლის 14 სექტემბერს აშშ-მა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. ფარცხალაძეს გენერალური პროკურორის თანამდებობა „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ეკავა. აშშ-ის მიერ სანქცირებულ პირს მედიაში ივანიშვილების ოჯახთან დაახლოებულ ქართველ-რუს ოლიგარქადაც მოიხსენიებდნენ.

საქართველოს საბანკო სექტორმა, რომელიც საერთაშორისო საფინანსო სანქციებს ემორჩილება, ფარცხალაძის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვები გაითვალისწინა და მას საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეუზღუდა.

17 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ სანქციების აღსრულების წესი ყველა სანქცირებულ პირზე ვრცელდებოდა. თუმცა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სების გადაწყვეტილებას „არაკონსტიტუციური“ უწოდა.

18 სექტემბერს ნათია თურნავამ ბრძანება გამოსცა, რომლითაც სანქციების აღსრულების წესში გამონაკლისი დაუშვა. ბრძანების თანახმად, კომერციულ ბანკებს აღარ უნდა გაევრცელებინათ სების სანქციები საქართველოს მოქალაქეზე, თუ მას საქართველოს სასამართლო სისტემაში ბრალი დამტკიცებული არ ჰქონდა. ამ ცვლილების შედეგად, ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეუნარჩუნდებოდა.

თურნავა ამტკიცებდა, რომ გადაწყვეტილება კონსტიტუციური იყო და ფარცხალაძის დასაცავად არ მიუღიათ. მის პოზიციას კრიტიკოსები არ ეთანხმებოდნენ. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თურნავას თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მან ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა ვერ დაიცვა.

20 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ბანკის სამივე ვიცე-პრეზიდენტი გადადგა. თანამდებობა დატოვა სების პრეზიდენტის მრჩეველმაც. ეროვნული ბანკის საბჭოში არსებული ორი ვაკანტური ადგილისა და სამი ვიცე-პრეზიდენტის გადადგომის შემდეგ საბჭოში მხოლოდ ოთხი წევრი დარჩა: ნათია თურნავა, ეკა გალდავა, ეკა მიქაბაძე და რიჩარდ სინგლეტარი.

მანამდე, რამდენიმე თვის განმავლობაში, ეროვნული ბანკის 9-წევრიანი საბჭო შვიდი წევრით მუშაობდა. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის მე-7 მუხლის თანახმად, თუ საბჭოს წევრთა რაოდენობა ხუთზე ნაკლებია, საბჭო უფლებამოსილი არ არის, შეასრულოს თავისი ფუნქციები. შესაბამისად, ვაკანტური ადგილების შევსება აუცილებელი გახდა.

როგორ აირჩია პარლამენტმა ყეინიშვილი და ხომერიკი

2023 წლის 21 სექტემბერს, კანდიდატურების კენჭისყრამდე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებმა პარლამენტს მათი არჩევის საკითხზე უარყოფითი დასკვნები წარუდგინეს.

იმავე დღეს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის საბჭოში ვაკანტურ ადგილებზე მის მიერ წარდგენილ კანდიდატურებს უკან იწვევდა. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხალაძის განმარტებით, ზურაბიშვილი კანდიდატების წარდგენაზე უარს ამბობდა, სანამ ნათია თურნავა 19 სექტემბრის გადაწყვეტილებას არ გააუქმებდა.

პარლამენტში პრეზიდენტს უპასუხეს, რომ კანდიდატურების გაწვევის უფლებამოსილება მას არ ჰქონდა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ განმარტა, რომ არც კანონით და არც პარლამენტის რეგლამენტით კანდიდატურების გაწვევის მექანიზმი გათვალისწინებული არ იყო.

„არ არის კანონში, არც რეგლამენტში, არსად პრეზიდენტის წარმოდგენილი კანდიდატურების გაწვევა. ასეთი მექანიზმი არ არსებობს. ამიტომ ჩვენ განვიხილეთ და უბრალოდ, წარმოუდგენელი იქნებოდა, მხარი დაგვეჭირა ხალხისთვის, რომლებმაც უბრალოდ არც დაგვაფასა და არც მოვიდნენ. არ დავუჭირეთ მხარი. თუმცა აქვე ვაფიქსირებ: ჩვენ კომიტეტმა არ დავუჭირეთ, სესიას აქვს გადაწყვეტილების მიღების უფლება საბოლოოდ“, - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

კომიტეტებზე ყეინიშვილისა და ხომერიკის კანდიდატურებს მხარი არ დაუჭირეს. მიუხედავად ამისა, საკითხი პლენარულ სხდომაზე გავიდა, სადაც საპარლამენტო უმრავლესობამ ორივე კანდიდატურის მხარდაჭერა გადაწყვიტა.

საბოლოოდ, 2023 წლის 21 სექტემბერს პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოში ნანა ყეინიშვილი 84 ხმით, თეიმურაზ ხომერიკი კი 82 ხმით აირჩია.

საბჭო ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა. მის წევრებს პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით, 7 წლის ვადით ირჩევს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

IG Development "სითიზენ ექსპოს" წინასწარ გაყიდვებს იწყებს - პროექტის ღირებულება $500 მილიონია

IG Development "სითიზენ ექსპოს" წინასწარ გაყიდვებს იწყებს - პროექტის ღირებულება $500 მილიონია

BM.GE

50 000 ლარამდე ავტოსესხი ბარიერების გარეშე – "ევროკრედიტის" სპეციალური შეთავაზება 31 ოქტომბრამდე

50 000 ლარამდე ავტოსესხი ბარიერების გარეშე – "ევროკრედიტის" სპეციალური შეთავაზება 31 ოქტომბრამდე

BM.GE

კანონით უნდა გაიზარდოს, თუმცა ბიუჯეტში თანხა არ არის - გაეზრდებათ თუ არა ხელფასი პარლამენტის წევრებს?

კანონით უნდა გაიზარდოს, თუმცა ბიუჯეტში თანხა არ არის - გაეზრდებათ თუ არა ხელფასი პარლამენტის წევრებს?

BM.GE

მთის კურორტებზე ზამთრის სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნება - MTA

მთის კურორტებზე ზამთრის სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნება - MTA

BM.GE