მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. როგორ ჩაიარა სომხეთისთვის ისტორიულმა დღეებმა და რა შედეგებს მიაღწია ქვეყანა?
როგორ ჩაიარა სომხეთისთვის ისტორიულმა დღეებმა და რა შედეგებს მიაღწია ქვეყანა?

როგორ ჩაიარა სომხეთისთვის ისტორიულმა დღეებმა და რა შედეგებს მიაღწია ქვეყანა?

BM.GE6 მაისი, 2026, 22:58|bm.ge

გასული ორი დღის განმავლობაში მსოფლიოს ყურადღების ცენტრში საქართველოს მეზობელი სახელმწიფო, სომხეთი მოექცა, სადაც თავი მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნის ლიდერმა მოიყარა.

ღონისძიებამ განსაკუთრებული მნიშვნელობა იმის გათვალისწინებით შეიძინა, რომ მსგავსი მასშტაბისა და დონის სამიტი სამხრეთ კავკასიაში აქამდე არასდროს გამართულა.

მას ესწრებოდნენ როგორც ევროკავშირის წევრი თუ წევრობის კანდიდატი ქვეყნების ლიდერები, ისე NATO-ს ხელმძღვანელი, კანადის პრემიერ-მინისტრი და ომში მყოფი სახელმწიფოს, უკრაინის ლიდერი ვოლოდიმირ ზელენსკი. მის სტუმრობას დამატებითი ღირებულება იმ ფაქტმა შესძინა, რომ სომხეთში დღემდე დგას რუსეთის სამხედრო ბაზა.

ორდღიანი ღონისძიებების ფარგლებში სომხეთმა არაერთი მნიშვნელოვანი შეთანხმება გააფორმა და გაიმყარა პოზიციები, როგორც კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მქონე, ევროპული არჩევანის დამცველმა ქვეყანამ. ვიდრე 4 მაისის ერევანი "ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის" რიგით მე-8 სამიტს უმასპინძლებდა, 3 მაისს ნიკოლ ფაშინიანმა სასახლეში მიიღო ეუთოს აღმასრულებელი მდივანი, ფერიდუნ შინირლიოღლუ, რომელთან ერთადაც მიმდინარე პროგრამები და სამომავალო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა.

იმავე დღეს, სახელმწიფო ვიზიტით სომხეთს ეწვია ბულგარეთის მოქმედი პრეზიდენტი, ილიანა იოტოვა. მიღება მთავრობის სასახლეში გაიმართა. სტუმრობის განსაკუთრებით აღსანიშნავია მომენტი იყო ორი ქვეყნის ლიდერების მიერ გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება, რომელიც მოიცავს პარტნიორობას უსაფრთხოების, თავდაცვისა და მართლმაჯულების, ასევე ეკონომიკური და მაღალტექნოლოგიური მიმართულებებით. ხელმომწერმა მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები და იმედი გამოთქვეს, რომ ხელმოწერა საფუძველს დაუდებს ორმხრივი კავშირების გაძლიერებას.

3 მაისვე ნიკოლ ფაშინიანი შეხვდა ლიეტუვას პრემიერ-მინისტრ ინგა რუგინიენეს, კანადის ლიდერს, მარკ კარნისა და კოსოვოს პრემიერ-მინისტრ ალბინ კურტის. პირისპირი მიღებების შემდეგ ფაშინიანმა "ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის" მე-8 სამიტის მონაწილე პოლიტიკოსებს ვახშამზე უმასპინძლა.

ორშაბათი დილა სომხეთისა და ბელგიის ლიდერების შეხვედრით დაიწყო. ნიკოლ ფაშინიანმა პრემიერ-მინისტრ ბარტ დე ვივერთან ერთად ერევანში ბელგიის სამეფოს საელჩო გახსნა. სიტყვით გამოსვლისას მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ეს დიპლომატიური ნაბიჯი ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის დაახლოებას და გახდება საფუძველი კავკასიის რეგიონთან ბელგიის დაახლოების.

საელჩოს გახსნის შემდეგ ნიკოლ ფაშინიანმა კარენ დემირჩიანის სახელობის სპორტულ-საკონცერტო კომპლექსში გადაინაცვლა, სადაც მსოფლიოს ლიდერებს შეხვდა. სამიტში მონაწილეობა მიიღეს: ევროპული კომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ, ევროპული საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასმა, ევროპული პარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ, ასევე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა, იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯა მელონიმ, პოლონეთის ლიდერმა, დონალდ ტუსკმა, NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ, ასევე რუმინეთის, ესპანეთის, საქართველოს, ბოსნია-ჰერცოგოვინას, ალბანეთის, პორტუგალიის, ხორვატიის, ჩეხეთის, მოლდოვას და სხვა არაერთი ევროპული სახელმწიფოს ლიდერმა. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას დაესწრო თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი, ჩევდეტ ილმაზიც, რომელიც თანამედროვე სომხეთის ისტორიაში გახდა პირველი თურქი მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც ერევანში ჩავიდა.

ისტორიული მნიშვნელობის ღონისძიების მონაწილეებმა სიტყვით გამოსვლისას არაერთ გეოპოლიტიკურ საკითხზე ისაუბრეს, მათ შორის, ევროპის მომავალზე, დივერსიფიკაციის აუცილებლობასა და უსაფრთხოების კუთხით პოზიციების გამყარებაზე.

სომხეთის ლიდერმა, ნიკოლ ფაშინიანმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა EPC-ის მე-8 სამიტის ისტორიულ ხასიათს, მიესალმა მსოფლიო ლიდერთა ფართო წრეს და იმედი გამოთქვა, რომ მიღებული კოლექტიური გადაწყვეტილებები ხანგრძლივ საერთაშორისო სტაბილურობას ჩაუყრის საფუძველს. ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ არსებული გეოპოლიტიკური ლანდშაფტი მოითხოვს „მთლიანი ევროპის“ პასუხს იმ გამოწვევებზე, რომლებიც არ ჩერდება ევროკავშირის საზღვრებთან. ამ მხრივ, მან იგულისხმა როგორც კონვენციური, ისე ჰიბრიდული ომები. ფაშინიანმა თქვა, რომ მსოფლიო ლიდერებს 360-გრადუსიანი უსაფრთხოების სტრატეგია სჭირდებათ - ისეთი, რომელიც ყველა მხრიდან მომავალ შესაძლო საფრთხეს გაანეიტრალებს. მან ისაუბრა მეტად ავტონომიური ევროპის მნიშვნელობაზეც და თქვა, რომ კონტინენტს აქვს უნარი იმოქმედოს დამოუკიდებლად.

ღონისძიების გამორჩეული მონაკვეთი იყო ვიდეოჩართვით ილჰამ ალიევის გამოსვლაც. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მადლიერება გამოხატა სამიტზე მოწვევისთვის და ხაზი გაუსვა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის პოზიციების დაახლოებას. მან აღნიშნა, რომ ორი ერი უკვე ცხრა თვეა დე ფაქტო მშვიდობის პირობებში ცხოვრობს და დაიწყო პრაქტიკული სავაჭრო ურთიერთობებიც, მათ შორის, პირველად ისტორიაში, აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების ექსპორტი სომხეთში. მან ასევე განაცხადა, რომ საერთაშორისო მშვიდობის „ტრამპის მარშრუტი“ მალე დასრულდება და ის დააკავშირებს აზერბაიჯანს მის ექსკლავთან, ნახიჩევანთან და შექმნის შუა დერეფნის გაფართოების შესაძლებლობას. მეორე მხრივ, ალიევმა ახსენა ის უკმაყოფილებაც, რაც გარკვეული ევროპული ინსტიტუტების, კერძოდ, ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიმართ აქვს. მან ისინი ორმაგ სტანდარტებში სამიტზეც გააკრიტიკა. მან ევროპელები გააფრთხილა, რომ მსგავსი ქმედებები ხელს უშლის სამშვიდობო პროცესს. მართლაც, საინტერესოა, რომ თუ 9 თვის წინ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები დაძაბული იყო, ახლა ალიევი არა სომხეთს, არამედ ევროპას სომხეთიდანვე აკრიტიკებს.

საყურადღებო იყო ევროპული კომისიის ლიდერ ურსულა ფონ დერ ლაიენის გამოსვლაც, რომელმაც თავის სიტყვაში მიმდინარე ეპოქა ევროპის „დამოუკიდებლობის მომენტად“ გამოაცხადა. ფონ დერ ლაიენის თქმით, ბოლო ოთხმა წელმა, ომებითა და კრიზისებით გამოწვეულმა ტურბულენტობამ ევროპას მწარე გაკვეთილი ჩაუტარა და ასწავლა, რომ გადამეტებული დამოკიდებულება არცერთ ქვეყანასთან არ ვარგა. ამ მხრივ მან განსაკუთრებული ყურადღება წიაღისეულის იმპორტზე გაამახვილა და მოიყვანა რუსეთ-უკრაინისა და აშშ-ირანის ომებით გამოწვეული კრიზისების მაგალითი. ფონ დერ ლაიენმა დააანონსა, რომ ევროპა უახლოეს წლებში უფრო მეტად გადავა განახლებად ენერგორესურსებზე, მათ შორის, მზეზე, ქარზე და ჰიდრო ენერგიაზე და არც ბირთვულ ენერგიას ეტყვის უარს. მან ასევე ხაზი გაუსვა უსაფრთხოებისა და თავდაცვის კრიტიკულ საჭიროებას და გამოაცხადა, რომ 2030 წლისთვის ევროკავშირი ჯამურად 800 მილიარდს მოუყრის თავს და დახაჯრავს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებზე.

თავდაცვის კუთხით გაძლიერება იყო საფრანგეთის პრეზიდენტის გამოსვლის ერთ-ერთი კრიტიკული ნაწილიც. მან აღნიშნა, რომ დროა, დაიწყოს ევროპის სტრატეგიული ევოლუცია და ის მხოლოდ ენერგეტიკასა და შეიარაღებას კი არა, კოსმოსის ათვისებასა და ნახევარგამტარების წარმოებასაც უნდა მოიცავდეს. საფრანგეთის ლიდერის შეფასებით, სრული დამოუკიდებლობის მიღწევა არის ის, რაც ევროპას ამ კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმარება. ქვეყნის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ისიც აღნიშნა, რომ მიესალმება ევროკავშირის მიერ ამერიკაზე დამოკიდებულების შემცირებას და დივერსიფიკაციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. დასასრულს, მაკრონმა ნიკოლ ფაშინიანი გამორჩეულად შეაქო და აღნიშნა, რომ მან სამაგალითოდ შეძლო რუსული გავლენისაგან დისტანცირება და ევროპისთვის მშვიდობის სიმბოლოდ ქცევა.

ისტორიული ღონისძიების დასრულების შემდეგ სომხეთის ლიდერი ხორვატიის პრემიერ-მინისტრ ანდრეი პლენკოვიჩს შეხვდა და სტრატეგიული დიალოგის შესახებ შეთანხმება დადო. ფაშინიანმა იმედი გამოთქვა, რომ ევროპულ სახელმწიფოსთან პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება და დადგება ეტაპი, როცა ორი ქვეყანა სტრატეგიულ თანამშრომლობასაც მოაწერს ხელს.

ხორვატიის პრემიერ-მინისტრის შემდგომ დემირჩიანის კომპლექსში ფაშინიანმა NATO-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტესაც უმასპინძლა. მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოება, ასევე სომხეთ-NATO-ს თანამშრომლობის გაღრმავება და განვითარება განიხილეს. მარკ რუტემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სომხეთის ლიდერს დემოკრატიული რეფორმების გატარებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ორ მხარეს შორის პარტნიორობა თავდაცვითი თვალსაზრისით მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაღრმავდება.

ბულგარეთის შედეგ, სტრატეგიული პარტნირობა სომხეთმა დიდ ბრიტანეთთანაც გააფორმა. კირ სტარმერთან შეხვედრისას მხარეებმა ხელი მოაწერეს ისტორიულ გარიგებას, რომელიც თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკური ზრდისა და განვითარების, ასევე დემოკრატიული მდგრადობის კუთხით თანამშრომლობას მოიცავს. ორი ქვეყანა შეთანხმდა, რომ ყოველწლიურად გაიმართება სტრატეგიული პარტნიორობის სესიები, სადაც მხარეები შეაჯამებენ მთელი წლის განმავლობაში გადადგმულ ნაბიჯებს და იმუშავებენ ურთიერთობების გაღრმავებაზე.

4 მაისს ფაშინიანი ასევე შეხვდა ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესს და მასთან თანამშრომლობის დაახლოების შესაძლებლობაზე ისაუბრა. სომხეთის ლიდერმა მიიღო უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელთან საუბრისასაც მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ გააძლიერებენ პარტნიორობას ყველა იმ სექტორში, რომელიც ორივე ქვეყნის საერთო ინტერესებს მოიცავს. მხარეებმა რეგიონული და გლობალური მოვლენები მიმოიხილეს და ხაზი გაუსვეს სტაბილურობისა და გრძელვადიანი მშვიდობის მნიშვნელობას.

როგორც აღინიშნა, სამიტი ისტორიული იყო იმ თვალსაზრისითაც, რომ სომხეთს ისტორიაში პირველად ეწვია თურქი მაღალჩინოსანი, ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი, ჩევდეთ ილმაზი. შეხვედრისას ფაშინიანმა და ილმაზმა ისტორიული მნიშვნელობის ანის ხიდის ერთობლივად აღდგენის გადაწყვეტილება მიიღეს, რაც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის დაახლოებას და თანამშრომლობის გაღრმავებას.

ბოლო სტუმარი, რომელიც დემირჩიანის კომპლექსში ფაშინიანმა ცალკეულად მიიღო, ამჟამად ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყნის, კვიპროსის პრეზიდენტი, ნიკოლას ქრისტოდულიდესი იყო. მასთან ერთად სომხეთის ლიდერმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური პარტნიორობის საკითხი განიხილეს.

ორშაბათს საღამოს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს უმასპინძლა. მათ ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების ერთობლივ დეკლარაციას. ეს შეთანხმება განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია სომხეთის თავდაცვის სფეროსთვის, რადგან ის მოიცავს კონტრაქტებს "Airbus"-ის სატრანსპორტო ვერტმფრენებისა და "Sofema Group"-ის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებაზე. ორმა ქვეყანამ ასევე გააფორმა ურთიერთგაგების მემორანდუმი სტრატეგიულ ტექნოლოგიებში თანამშრომლობის შესახებ, რაც მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის, ნახევარგამტარებისა და კიბერუსაფრთხოების ერთობლივად განვითარებას. ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, ფრანგულმა კომპანიებმა "Razel-Bec"-მა და "VINCI"-მ ხელი მოაწერეს მემორანდუმს ბარგუშატის გვირაბის მშენებლობის პროექტზე.

დღევანდელი დღე სომხეთისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო, რადგან ისტორიაში პირველად ჩატარდა ევროკავშირ-სომხეთის სამიტი, სადაც მხარეებმა არაერთ მნიშვნელოვან გარიგებას მოაწერეს ხელი და კიდევ უფრო გააღრმავეს პარტნირობა.

დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოეწერა, "დაკავშირებადოების პარნიორობის" შეთანხმება ეწოდება და ის საფუძველს უყრის ოფიციალურ თანამშრომლობას ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრულ სექტორებში. ეს შეთანხმება მოასწავებს სომხეთის სრულ ინტეგრაციას ტრანსკასპიურ სატრანსპორტო დერეფანსა და ძირითად ევროპულ მიწოდების ჯაჭვებში. ამ მიზნების მისაღწევად, ევროკავშირმა დაადასტურა მზადყოფნა, “გლობალური კარიბჭის სტრატეგიის ფარგლებში სომხეთისთვის გამოყოს 2.5 მილიარდი ევრო და, დამატებით, 270 მილიონი ევრო მდგრადობისა და ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად 2024-2027 წლებისთვის. უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირმა დააფუძნა ახალი სამოქალაქო პარტნიორობის მისია EUPM Armenia და გამოყო 30 მილიონი ევრო "ევროპის მშვიდობის ფონდიდან" სომხეთის შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური შესაძლებლობების გასაძლიერებლად. გარდა ამისა, ევროკავშირმა წარადგინა პოზიტიური ანგარიში ვიზალიბერალიზაციის პროგრესის შესახებ.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"საქართველოს რკინიგზიდან" გათავისუფლებები დაიწყო... ვიწყებთ პროცესის შესწავლას|"კონსტიტუციის 78 მუხლი"

"საქართველოს რკინიგზიდან" გათავისუფლებები დაიწყო... ვიწყებთ პროცესის შესწავლას|"კონსტიტუციის 78 მუხლი"

BM.GE

ჩაშლილი ტენდერების შემდეგ, შსს-მ ხმაურის საზომი ხელსაწყოები შეიძინა - კომპანიას მოსამზადებლად 70 დღე აქვს

ჩაშლილი ტენდერების შემდეგ, შსს-მ ხმაურის საზომი ხელსაწყოები შეიძინა - კომპანიას მოსამზადებლად 70 დღე აქვს

BM.GE

"აჭარა ტექსტილეს" მფლობელი თურქული კომპანია სამკერვალო საწარმოს ეგვიპტეშიც ხსნის

"აჭარა ტექსტილეს" მფლობელი თურქული კომპანია სამკერვალო საწარმოს ეგვიპტეშიც ხსნის

BM.GE

დაგვიანებული Apple Intelligence-ის გამო, კომპანიას $250 მილიონის გადახდა დაეკისრა

დაგვიანებული Apple Intelligence-ის გამო, კომპანიას $250 მილიონის გადახდა დაეკისრა

BM.GE