
როგორ უნდა დაფაროს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზამ $775-მილიონიანი ვალი - პროექტის დეტალები
დღეს ოფიციალურად გაიხსნა ბაქო-თბილისი-ყარსის 827-კილომეტრიანი რკინიგზა, რომლის 183 კილომეტრიც საქართველოზე გადის. რკინიგზის გახსნას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი რაშად ნაბიევი და თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი აბდულკადირ ურალოღლუ ესწრებოდნენ .
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა სატესტო რეჟიმში 2017 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ასევე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გახსნეს. მაშინ ითქვა, რომ რკინიგზა ოფიციალურ ექსპლოატაციაში 2018 წლიდან შევიდოდა და მისი წლიური გამტარიანობა 6.5 მილიონი ტონა იქნებოდა პირველ ეტაპზე, შემდეგ ეტაპზე კი 15 მილიონ ტონამდე გაიზრდებოდა. ამასთან, 2017 წლის პრეზენტაციაზე ხაზგასმული იყო რკინიგზის სამგზავრო ასპექტი და მითითებული იყო, რომ რკინიგზას წლიურად 1 მილიონი მგზავრის გადაყვანა შეეძლებოდა. თუმცა, უკვე პოსტ-ფაქტუმ აღნიშნულ "გახსნასთან" დაკავშირებით გაკეთდა განმარტება და აღინიშნა, რომ ეს იყო არა სრულმასშტაბიანი გახსნა არამედ "სატესტო გახსნა". ამასთან, უკვე მომავალში დამოდიფიცირდა გამტარიანობის შესახებ გაკეთებული დაპირებაც და წლიური გამტარიანობა 6.5 მილიონი ტონა (სამომავლოდ 15 მლნ ტონამდე ზრდის პოტენციალით) შეიცვალა 5 მილიონი ტონის დაპირებით. ხოლო რკინიგზის სამგზავრო ასპექტის შესახებ კი მითითებები თითქმის გამქრალია და მის შესახებ დღესაც კი არაფერი თქმულა.
რაც შეეხება პროექტის ფინანსურ ასპექტს - რკინიგზის საქართველოს მონაკვეთი აშენდა 775 მილიონი დოლარის კრედიტით, რომელიც გამოყო "აზერბაიჯანის მაღალი ტექნოლოგიების, კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის სამინისტრომ". პროექტის განსახორციელებლად საქართველოს მთავრობამ 2007 წელს დააფუძნა შპს "მარაბდა-კარწახის რკინიგზა", თავდაპირველად პროექტის განხორციელება გაცილებით მოკლე ვადებში იგეგმებოდა და მისი ქართული მონაკვეთის ბიუჯეტი 200 მილიონ დოლარს შეადგენდა, რომლის საპროცენტო განაკვეთიც 1%-ს შეადგენდა, შემდეგ კი მას დაემატა 575 მილიონი დოლარის საკრედიტო ხაზი, რომლის განაკვეთიც 5%-ს შეადგენს. აღნიშნული სესხის მიმღები იყო შპს "მარაბდა-კარწახის რკინიგზა", თუმცა ქართული მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები სასესხო შეთანხმების შესაბამისადვე განახორციელა საქართველოში აზერბაიჯანის რკინიგზის მიერ დაფუძნებულმა შვილობილმა "აზერბაიჯანის რკინიგზის საქართველოს ფილიალმა", ხოლო სამშენებლო კონტრაქტორი იყო "აზერბაიჯანის რკინიგზის შპს დემირიოლსერვის საქართველოს ფილიალი".
სასესხო შეთანხმების შესაბამისად, რკინიგზის ვალდებულების გასტუმრება უნდა მოახდინოს BTKI-ის ერთობლივმა საწარმომ, რომელიც პროექტის მონაწილე ქვეყნების მიერ არის ერთობლივად დაფუძნებული, ხოლო ვალდებულების გასტუმრება კი პროექტის მოგებიდან უნდა მოხდეს.
რაც შეეხება პროექტის საოპერაციო მიმართულებას, სატესტო რეჟიმის ფარგლებში ბოლო ცხრა წლის განმავლობაში რკინიგზის მიერ მოხდა მხოლოდ 1.8 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვა, მაშინ როდესაც მხოლოდ ერთ წელში რკინიგზის გამტარიანობა 5 მლნ ტონა უნდა ყოფილიყო.
წლების მიხედვით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მიერ გატარებული ტვირთების მოცულობა ასე ნაწილდება:
• 2025 წელი (9 თვე): 155,000 ტონა — რკინიგზის დატვირთვა 3.1% (5 მლნ ტონიდან) • 2024 წელი: 53,000 ტონა — რკინიგზის დატვირთვა 1.1% (5 მლნ ტონიდან) • 2023 წელი: 92,000 ტონა — რკინიგზის დატვირთვა 1.8% (5 მლნ ტონიდან) • 2022 წელი: 430,000 ტონა — რკინიგზის დატვირთვა 8.6% (5 მლნ ტონიდან) • 2021 წელი: 483,000 ტონა — რკინიგზის დატვირთვა 9.7% (5 მლნ ტონიდან) • 2020 წელი: 247,000 ტონა — რკინიგზის დატვირთვა 4.9% (5 მლნ ტონიდან) • 2019 წელი: 116,000 ტონა — რკინიგზის დატვირთვა 2.3% (5 მლნ ტონიდან)
შესაბამისად, BTKI-ის რკინიგზას მაქსიმალური 483,000 ტონის ოპერაციები 2021 წელს ჰქონდა შესრულებული, რაც მაქსიმალური ტექნიკური დატვირთვის მხოლოდ 10%-ს შეადგენდა.
სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა ცაგარეიშვილმა BMG-სთან აღნიშნა, რომ არსებული რეალობით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ზე-წამგებიანია.
„დღეისათვის, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი მხოლოდ 5-10%-იანი დატვირთვით ფუნქციონირებს. იმისათვის, რომ პროექტი იყოს არა მოგებიანობის, არამედ ზღვრული წონასწორობის პირობებში, მას 1 მლნ 200 ათასი ტონა ტვირთი ესაჭიროება, რათა, ასე თუ ისე ხარჯების გასტუმრება მოახერხოს. იმისათვის რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა დამკვიდრდეს და საჭირო ტვირთნაკადი მოიპოვოს, ამას დრო სჭირდება - პირობითად, 3-5 წელი მაინც. ეს მნიშვნელოვანი დროა, რომელიც საქართველოს მხარემ უნდა გამოიყენოს“ - აცხადებს პაატა ცაგარეიშვილი BMG-სთან.
BM.GE
წყარო: bm.ge