
რუმინეთსა და უნგრეთში ელექტროსადგურების მუშაობა შეფერხდა - მიზეზი დუნაიში წყლის დონის მნიშვნელოვანი კლებაა
ევროპის ქვეყნებში ხანგრძლივმა სიცხემ და მდინარე დუნაის აუზში წყლის დონის ისტორიულმა შემცირებამ ენერგოსისტემები მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე დააყენა. განსაკუთრებით რთული ვითარებაა უნგრეთსა და რუმინეთში, სადაც დუნაიში წყლის დეფიციტმა ატომური ელექტროსადგურების მუშაობას შეუქმნა პრობლემა.
კერძოდ, რუმინეთი "ჩერნავოდას" ატომური ელექტროსადგურის სრულად გაჩერებას იწყებს. ამის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტრომ სააგენტო Mediafax-ზე დაყრდნობით განაცხადა. სადგურის მეორე რეაქტორის გათიშვა დღეს, 13 აგვისტოს დაიწყო. პირველი რეაქტორი წყლის არასაკმარისი რაოდენობის გამო ჯერ კიდევ ივლისის ბოლოს გაითიშა.
აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ რუმინეთში, დუნაის ერთ-ერთ განშტოებაზე მდებარე "ჩერნავოდა" ქვეყნის ელექტროენერგიის მოთხოვნის დაახლოებით 20%-ს უზრუნველყოფს. სადგური გაგრილების სისტემისთვის საჭირო წყალს მთლიანად დუნაიდან იღებს, რის გამოც მდინარეში წყლის დონის შემცირებამ მის მუშაობას პირდაპირი საფრთხე შეუქმნა.
ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, ყველაზე მძიმე სცენარის შემთხვევაში შესაძლოა ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდოს მსხვილ სამრეწველო მომხმარებლებს. თუმცა, მისი თქმით, ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის მიწოდებაზე გავლენა მოსალოდნელი არ არის. პარალელურად, რუმინეთი ელექტროენერგიის იმპორტის შესაძლებლობაზეც მოლაპარაკებებს აწარმოებს მეზობელ უკრაინასა და ბულგარეთთან.
ცნობისთვის, დაახლოებით 10 დღის წინ რუმინეთმა დუნაიზე სპეციალური ოპერაცია ჩაატარა, რომლის მიზანიც "ჩერნავოდას" მიმართულებით წყლის ნაკადის გაზრდა იყო. კერძოდ, სადგურიდან დაახლოებით 50 კილომეტრში, სამხედროებმა მდინარის ორ განშტოებას შორის მდებარე კლდე ააფეთქეს, რათა მეტი წყალი "ჩერნავოდას" მომმარაგებელ არხში გადასულიყო. შემდგომში ნანგრევებით დატვირთული ოთხი ბარჟა მდინარის სხვა მონაკვეთში ჩაძირეს, რათა წყლის ნაკადი უკეთ გაეკონტროლებინათ. ოპერაციამ "ჩერნავოდასთან" წყლის დონე მცირედ გაზარდა და მეორე რეაქტორის მუშაობის რამდენიმე დღით გახანგრძლივება შესაძლებელი გახადა. თუმცა, თავდაცვის მინისტრ რადუ მირუცას განცხადებით, ზომები საკმარისი არ აღმოჩნდა სადგურის გრძელვადიანი წყლით მომარაგების უზრუნველსაყოფად.
აღსანიშნავია, რომ "ჩერნავოდას" ატომური ელექტროსადგური წელიწადში დაახლოებით 10 მილიონ მეგავატსაათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. მისი პირველი რეაქტორი 1996 წელს შევიდა ექსპლუატაციაში, მეორე კი - 2007 წელს.
რაც შეეხება უნგრეთს, ხელისუფლება დუნაის წყლის დონის ხელოვნურად აწევის ღონისძიებებს ამ კვირაში დაიწყებს, რათა ქვეყნის ერთადერთ ატომურ ელექტროსადგურს - "პაკსის" ატომურ სადგურს - მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა შეუნარჩუნოს. სადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე 2,000 მეგავატია, ამჟამად სრული სიმძლავრის მხოლოდ 10%-ზე ოდნავ მეტით მუშაობს. "პაკსი" უნგრეთის ელექტროენერგიის წარმოების დაახლოებით მესამედს უზრუნველყოფს.
უნგრეთისთვის ერთ-ერთ მთავარ დამცავ ფაქტორად ბოლო ათწლეულის განმავლობაში სწრაფად განვითარებული მზის ენერგეტიკა იქცა. მზის ელექტროსადგურების ჯამური სიმძლავრე დაახლოებით ოთხჯერ აღემატება "პაკსის" 2,000 მეგავატიან დადგმულ სიმძლავრეს. ამასთან, მზის ენერგია ქვეყნის წლიური ელექტროენერგიის წარმოების დაახლოებით 22-27%-ს შეადგენს და ამჟამად დღის საათებში გაზრდილი მოთხოვნის დაახლოებით ორ მესამედს ფარავს. თუმცა პრობლემა საღამოს საათებში ჩნდება, როდესაც მზის გენერაცია მცირდება და "პაკსის" შეზღუდული მუშაობის ფონზე ელექტროენერგიის დეფიციტის რისკი იზრდება.
უნგრეთის მთავრობამ მოსახლეობას ელექტროენერგიის მოხმარების დღის საათებში გადატანისკენ მოუწოდა და 17:00-დან 22:00-მდე მოხმარების შემცირება ურჩია. ხელისუფლება ასევე იტოვებს შესაძლებლობას, საჭიროების შემთხვევაში, შეზღუდოს მიწოდება გარკვეული მსხვილი სამრეწველო მომხმარებლებისთვის, რათა კრიტიკული ობიექტებისა და მოსახლეობის მომარაგება უზრუნველყოს.
ამგვარად, უნგრეთისა და რუმინეთის მაგალითი აჩვენებს, რომ ხანგრძლივი გვალვა და ექსტრემალური სიცხე უკვე არა მხოლოდ სოფლის მეურნეობისა და წყლის რესურსების, არამედ ევროპის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისთვისაც სერიოზულ რისკად იქცა.
BM.GE
წყარო: bm.ge