
საგადასახადო პოლიტიკა, ბიუჯეტის დაგეგმვა... - რას მოიცავს უზბეკეთთან საბაჟო და საფინანსო თანამშრომლობა?
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, პრეზიდენტ შავკატ მირზიოევის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ხელს შეუწყობს საჯარო ფინანსებისა და ეკონომიკური მმართველობის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებას.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და უზბეკეთის რესპუბლიკის ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა, ლაზიზ კუდრატოვმა.
მემორანდუმის თანახმად, სამინისტროები ითანამშრომლებენ შემდეგ სფეროებში: საჯარო ფინანსების მართვა; ბიუჯეტის დაგეგმვა; საგადასახადო პოლიტიკა; ფინანსური და საბიუჯეტო ანგარიშგება; ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი; სახელმწიფო ვალის მართვა და სხვა.
თანამშრომლობა, ასევე, მოიცავს ინფორმაციისა და ექსპერტული ცოდნის გაცვლასა და საკონსულტაციო დახმარებას.
დღესვე მინისტრებმა გააფორმეს შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საკითხებში თანამშრომლობისა და ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“.
დოკუმენტი არეგულირებს საბაჟო ადმინისტრაციებს შორის ინფორმაციის გაცვლის, ადმინისტრაციული დახმარების გაწევის, საბაჟო კანონმდებლობის დარღვევების პრევენციის, გამოვლენისა და გამოძიების, ასევე, საბაჟო სამართალდარღვევებთან ბრძოლის მიზნით თანამშრომლობის ძირითად პრინციპებსა და მექანიზმებს.
სამინისტროს თანახმად, შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გაფართოებას.
BM.GE
წყარო: bm.ge