
საიამ ტროტუარზე დგომის საქმესთან დაკავშირებული საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დიმიტრი ჯამბურიას სახელით საჩივარი გაგზავნა. ინფორმაციას ამის შესახებ თავად ორგანიზაცია ავრცელებს.
საქმე ეხება 2025 წლის 17 დეკემბერს, პარლამენტის შენობის წინ მდებარე ტროტუარზე მშვიდობიანი პროტესტის გამო პირის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობას და მისთვის 4-დღიანი პატიმრობის შეფარდებას.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, საია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევაზე დავობს. კერძოდ: მე-11 მუხლი (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება); მე-6(1) მუხლი (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება); მე-14 მუხლი (დისკრიმინაციის აკრძალვა) მე-6(1) და მე-11 მუხლებთან ერთობლიობაში; მე-17 მუხლი (უფლებათა ბოროტად გამოყენების აკრძალვა).
საიას განმარტებით, არ არსებობს არანაირი მითითება, რომ აქციის ორგანიზატორებს ან თავად მომჩივანს რაიმე ძალადობრივი განზრახვა ჰქონდათ. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად უგულებელყვეს ის ფაქტი, რომ კანონში მითითებული ტერმინის — „ხელის შეშლის“, უკიდურესად ბუნდოვანი და ფართო ფორმულირება სამართალდამცავებს კანონმდებლობის ბოროტად გამოყენების საშუალებას აძლევს.
როგორც საია აღნიშნავს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ფაქტად მიიჩნია შსს-ის მტკიცება, რომ აქციასთან მიმართებით გაფრთხილებები სათანადო ფორმით იყო წარმოდგენილი, რის საფუძველზეც შსს-მ აქცია არაკანონიერად მიიჩნია. სასამართლომ მომჩივანი დამნაშავედ ცნო მხოლოდ იმ მოტივით, რომ მცირერიცხოვანმა აქციამ ფეხით მოსიარულეთა ნაწილი დროებით შეაფერხა.
„მოსამართლეს საერთოდ არ შეუფასებია არც ის ფაქტი, რომ მომჩივანს რეალურად ჰქონდა გაგონილი შსს-ის გაფრთხილების შესახებ, რომ აქცია დაშლილიყო, არც დაბრკოლების სიმძიმე, არც ალტერნატიული ადგილმდებარეობების შეთავაზების გაკეთების არსებობა და, რაც მთავარია, არც მომიტინგეთა მხრიდან გადაადგილების შეზღუდვის წინასწარი განზრახვა“, — აცხადებენ საია-ში და ამატებენ, რომ ვინაიდან პროტესტი ყოველთვის იწვევს ჩვეული რიტმის გარკვეულ შეფერხებას, კანონის ასეთი ფართო განმარტება პრაქტიკულად კრძალავს ნებისმიერ მშვიდობიან შეკრებას.
საიას შეფასებით, ეროვნულმა სასამართლოებმა მტკიცებულებები ობიექტურად არ შეაფასეს, მხედველობაში არ მიიღეს დაცვის მხარის მნიშვნელოვანი შუამდგომლობები და მიიღეს შაბლონური გადაწყვეტილებები, რითაც დაარღვიეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების პრინციპი. ამასთანავე, სასამართლოებმა უგულებელყვეს, რომ შსს-მ ვერ დაამტკიცა მომჩივნის მიერ ტროტუარის განზრახ ბლოკირება და „საზოგადოებრივი საჭიროების“ არსებობა.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დიმიტრი ჯამბურიას საქმე არ არის ერთადერთი ინციდენტი და ის წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან ძალაუფლების სისტემური, წინასწარ დაგეგმილი ბოროტად გამოყენების ნათელ მაგალითს, რაც ქვეყანაში 2024 წლიდან მიმდინარე დემოკრატიული უკუსვლისა და მზარდი ავტორიტარიზმის პირდაპირი შედეგია.
საია-ს განცხადებით, ხელისუფლებამ პროევროპული აქციების ჩასახშობად მიზანმიმართულად მიიღო რეპრესიული კანონები, ტროტუარზე დგომა ტრანსპორტის სავალ ნაწილზე შეკრებას გაუთანაბრა და ერთადერთ სასჯელად პატიმრობა დააწესა, ხოლო ამ ქმედების ხელახლა ჩადენა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს.
„აქციის მონაწილეების იდენტიფიცირების მიზნით სახის ამომცნობი ტექნოლოგიების გამოყენება, ეროვნული სასამართლოების დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები, დაცვის მხარის არგუმენტების სრული უგულებელყოფა, აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების წამება/არასათანადო მოპყრობა, დემონსტრანტებისა და აქტივისტების მიმართ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა, ათასობით მშვიდობიანი აქციის მონაწილის დასჯა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე ემსახურება არა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, არამედ საზოგადოებაში „მსუსხავი ეფექტის“ (chilling effect) შექმნას“, — ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
საია-ში მიიჩნევენ, რომ მომჩივნის უფლებების დარღვევა პირდაპირ უკავშირდება მის პოლიტიკურ შეხედულებებს, როგორც პროევროპული აქციების მონაწილის. მათი თქმით, 2024 წლის დეკემბრიდან მიღებულ კანონებს შსს და სასამართლო ექსკლუზიურად პროევროპული აქციების მონაწილეების დასასჯელად და მათ მიმართ ფართომასშტაბიანი, სისტემური დისკრიმინაციის განსახორციელებლად იყენებენ.
BM.GE
წყარო: bm.ge