
სახელმწიფო ელექტროსისტემა Siemens-ისგან ქსელის დაცვის პროგრამულ უზრუნველყოფას შეიძენს
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ (სსე) ელექტროენერგეტიკული ქსელის ტექნიკური დაცვისთვის გამოყენებული პროგრამული Siemens-ის სისტემის, APA-ს, ერთწლიან ტექნიკურ მხარდაჭერაში €48 000-ს გადაიხდის. შესყიდვა ექსკლუზიური უფლებამოსილების საფუძვლით განხორციელდება და მომსახურება 2026 წლის 2 დეკემბრიდან 2027 წლის 2 დეკემბრამდე გაგრძელდება.
სსე-ს განმარტებით, APA პროგრამული უზრუნველყოფის სისტემაა, რომელსაც კომპანია ელექტროენერგეტიკული ქსელის დაცვისა და მისი გამართული მუშაობის კონტროლისთვის იყენებს. პროგრამა, მათ შორის, ელექტროენერგიის ქსელში ავარიული შემთხვევების შეფასებას, დაცვის მოწყობილობების მუშაობის შემოწმებასა და მათი მოქმედების კოორდინაციას უზრუნველყოფს.
სსე-ის ინფორმაციით, პროგრამის ტექნიკური მხარდაჭერა აუცილებელია მისი განახლებისა და ახალი დაცვის მოწყობილობების სისტემაში დამატებისთვის. კომპანიაში აცხადებენ, რომ სხვა პროგრამულ სისტემაზე გადასვლა ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის, რადგან ამას ახალი პროგრამის დანერგვა, თანამშრომლების გადამზადება და საქართველოს ელექტროენერგეტიკული ქსელის შესახებ მონაცემების ახალ სისტემაში გადატანა დასჭირდება. სსე-ის შეფასებით, ამ პროცესს მინიმუმ ერთი წელი დასჭირდება.
APA-ის მწარმოებელი და მფლობელი „Siemens Industry, Inc.“-ია, ხოლო საქართველოში შესაბამის მომსახურებას Siemens-ის თურქეთის ოფისი, „Siemens Sanayi ve Ticaret A.S., Turkey“, უზრუნველყოფს. სსე-ის დოკუმენტაციის მიხედვით, კომპანიას პროგრამის ექსკლუზიური ლიცენზირებისა და ტექნიკური მხარდაჭერის უფლებამოსილება აქვს.
შესყიდვის ღირებულება €48 000-ს შეადგენს, დღგ-ის გარეშე. სსე-ის ცნობით, შესყიდვაზე საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს თანხმობა 2026 წლის 27 აგვისტოს გაიცა.
BM.GE
წყარო: bm.ge