
"სახელმწიფო უწყებებსა და ბიზნესს შორის დავის გადაწყვეტაში არბიტრაჟის მსგავსი ორგანოც უნდა ჩაერთოს" - რას ითხოვენ მშენებლები?
ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანიების ნაწილში აცხადებენ, რომ აუცილებელია სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის სადავო საკითხების გადასაწყვეტად სასამართლოს გარდა სხვა დამოუკიდებელი სპეციალიზებული ორგანოც არსებობდეს.
როგორც კომპანია „კონსტრაქშენ სერვისის” დამფუძნებელმა BMG-ის განუცხადა, დღევანდელი პრაქტიკით მხარეებს შორის დავას როგორც წესი, სასამართლო განიხილავს, რომელიც გადატვირთულია.
გიორგი გაბუნიას თქმით, აღნიშნულ ინსტიტუციას არ აქვს შესაბამისი ტექნიკური ცოდნა. აქედან გამომდინარე, „კონსტრაქშენ სერვისის” დამფუძნებელს მიაჩნია, რომ აუცილებელია შეიქმნას არბიტრაჟის მსგავსი ორგანო, რომელიც ინფრასტრუქტურის სექტორში წარმოშობილი დავების დროულად გადაწყვეტაზე იქნება ორიენტირებული.
მისივე თქმით, მან აღნიშნული ინიციატივა „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ თანაორგანიზებით გამართულ საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატში გაფართოებულ სამუშაო შეხვედრაზე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს გააცნო.
“შეხვედრაზე რამდენიმე შეკითხვა დავსვი, ერთ-ერთი პირველი იყო ის, რომ კონტრაქტებში შემსყიდველსა და ჩვენს შორის, გარდა ქართული სასამართლოსი, დავის შემთხვევაში, შემოვიდეს სხვა ელემენტიც. თუნდაც დამოუკიდებელი ელემენტი, რომელიც ტექნიკურ საკითხებზე მიიღებს გადაწყვეტილებას მხარეებს შორის წარმოქმნილი დავის შემთხვევაში.
ეს შეიძლება იყოს არბიტრაჟი, ეს შეიძლება იყოს ინჟინერი. FIDIC-ის მიხედვით, მაგალითად წითელი, ყვითელი წიგნების მიხედვით, პასუხისმგებლობის გადანაწილება [ხდება] მხარეებზე, ინჟინრის ინსტიტუტი, სადაც იქნებიან მაღალი ნდობის მქონე, საინჟინრო განათლების მქონე ექსპერტები. არა იურიდიულ მხარეზე, არამედ წმინდა ტექნიკურ მხარეზე მაქვს საუბარი.
ჩვენს კომპანიას ჰქონდა ორი პრეცედენტი, ორი საქმე მოვუგეთ სახელმწიფო ორგანოებს, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ მოსამართლეები არ არიან ინჟინრები და ტექნიკური დარგის სპეციალისტები. ისინი იღებენ მოსმენის შედეგად გადაწყვეტილებას. ყველა ჯერზე მაინც გვიწევს საექსპერტო დასკვნების წარდგენა, რომელიც დროში გაწელილი პროცესია. შესაბამისად, საკითხის ოპერატიულობა და აქტუალურობა იკარგება ამ შემთხვევაში.
ორივე შემთხვევაში სახელმწიფო სტრუქტურებს მოვუგეთ დავები, თუმცა ეს საკმაოდ დროში გაწელილი პროცესია, ერთი 36 თვის შემდეგ, მეორე 24 თვის შემდეგ. სამართლიანი სასამართლო ნამდვილად არსებობს ამ ქვეყანაში, სფეროში, თუმცა
[გამოწვევაა] სისწრაფე და ალბათ, საქმეების სიმრავლე. იმიტომ, რომ მოსამართლე ხშირ შემთხვევაში არ არის ინჟინერი, ის იურისტია და გადაწყვეტილებას იღებს სხვადასხვა არგუმენტებზე და სხვადასხვა საექსპერტო დასკვნებზე და მან რომ ეს გადაწყვეტილება მიიღოს, გვიწევს უამრავი საექსპერტო დასკვნის წარდგენა, რაც ასევე დროში გაწელილი და გრძელვადიანი პროცესია”, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
BM.GE
წყარო: bm.ge