მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "სამი წლის მერე ან მთავრობა შეიცვლება ან ვენახის გაშენების ნებართვის წესი"|გიორგი სამანიშვილის ანალიზი და რჩევები
"სამი წლის მერე ან მთავრობა შეიცვლება ან ვენახის გაშენების ნებართვის წესი"|გიორგი სამანიშვილის ანალიზი და რჩევები

"სამი წლის მერე ან მთავრობა შეიცვლება ან ვენახის გაშენების ნებართვის წესი"|გიორგი სამანიშვილის ანალიზი და რჩევები

BM.GE13 მაისი, 2026, 12:30|bm.ge

ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი სამანიშვილი, მიმდინარე წლის 1-ელი მაისიდან ამოქმედებულ ახალ რეგულაციას, რომელიც ვენახის გაშენებისთვის სპეციალურ ნებართვას აწესებს, დარგში არსებული სისტემური პრობლემების ზედაპირულ "სიმპტომად" მიიჩნევს. როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა, ეს არის ბიუროკრატიული ბარიერი, რომელიც რეალურად ვერ უზრუნველყოფს ხარისხის ზრდას და მხოლოდ მცირე მევენახეებს შეაფერხებს. „დიდი [ფერმერები] მაინც გააგრძელებენ ვენახის გაშენებას, პატარები კი უბრალოდ არ დაიცავენ ამ წესს“, - ასეთია გიორგი სამანიშვილის მოლოდინი. ამასთან, ღვინის სააგენტოს ყოფილი უფროსის თქმით, კომერციული ვენახის გაშენების ნებართვის წესის შემოღება კორუფციულ რისკებსაც აჩენს.

- თქვენი შეფასებით, კომერციული ვენახის გაშენების ნებართვის წესი, რომელიც უკვე გამოიცა, მართლაც ვენახის გაშენების ნებართვის წესია თუ რეალურად ახალი ვენახების გაშენების ირიბი აკრძალვა?

- სიმართლე გითხრათ, გადაწყვეტილი მქონდა, ამ თემაზე აღარ მელაპარაკა, რადგან ეს იმდენად პატარა პრობლემაა... უფრო სწორედ, პრობლემა კი არ არის, ეს არის სიმპტომი იმისა, რომ დარგში სერიოზული პრობლემები გვაქვს. ეს წესი, რაც მივიღეთ - ჯერ „ვაზისა და ღვინის კანონში“ ცვლილება და შემდეგ თავად რეგულაცია - არის ჩვეულებრივი, ადრინდელი, შევარდნაძის დროინდელი გაუაზრებელი მიდგომა. ასეთი წესები მცირე ბარიერებს კი უქმნიდა დარგს, მაგრამ გამოსავალს მერე მაინც პოულობდნენ. დაახლოებით, იგივე ხდება ახლაც. კომერციული ვენახის გაშენების ნებართვის შემოღების არგუმენტები, რაც კანონპროექტში იყო გაწერილი, აბსოლუტურად აცდენილია იმასთან, რაც შემდეგ ვენახის გაშენების ნებართვის წესში ჩაიწერა. სიმართლე გითხრათ, მგონია, რომ ამაზე საუბარიც არ ღირს, მაგრამ რადგან ხაზგასმით ამბობენ, თითქოს ეს არის დარგის გადარჩენის ერთადერთი გზა, ვფიქრობ, მაინც ღირს დეტალებში ჩასვლა.

- დიახ. სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი პირდაპირ აცხადებს, რომ [კომერციული ვენახის გაშენებისთვის ნებართვა] არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში ღვინის ხარისხი "დავიჭიროთ" და გავაუმჯობესოთ - ეს მისი სიტყვებია...

- როგორ არის, იცით?! ეს წესი და ის ფაქტი, რომ ნებართვის გარეშე ვეღარავინ გააშენებს ეგრეთ წოდებულ სამეწარმეო ვენახს, ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ ვერავინ გააშენებს ვენახს საერთოდ. ერთადერთი, დიდ კომპანიებსა და მსხვილ მევენახეებს ეს პრობლემას არ უქმნის, რადგან ისინი მაინც მოახერხებენ ამ წესების დაცვას - დაახლოებით, იმავეს ისედაც აკეთებდნენ, უბრალოდ პროცესი ოდნავ გაუძვირდებათ, რაც ჯამში, მათთვის მნიშვნელოვანი ცვლილება არ არის; თუმცა ეს არის სერიოზული ბიუროკრატიული, ტექნიკური და შინაარსობრივი ბარიერი მცირე მევენახეებისთვის. მაგალითად, კახეთში დღეს, დაახლოებით, იმდენივე ვენახია, რამდენიც საბჭოთა კავშირის პერიოდში, პიკის დროს იყო. იმერეთში კი, ახლა დავთვალე და წინა პერიოდებთან შედარებით, ფართობები ექვსჯერ არის შემცირებული. იქ ვენახი აუცილებლად უნდა გაშენდეს, მაგრამ იქ მცირე ნაკვეთებია. თუ მევენახეები ამ წესებს ზედმიწევნით დაიცავენ, ან საერთოდ ვერ გააშენებენ ვენახს, ან გააშენებენ უხარისხოს. ამას ხაზს ვუსვამ...

- რანაირად, როცა ეს ყველაფერი სწორედ ხარისხისკენ არის მიმართული?

- აი, შინაარსობრივად როგორ არის: ვთქვათ, პატარა მევენახე ვარ და ხარაგაულში ან ზესტაფონში ვაშენებ ვენახს. იქ დიდი ფართობები არ აქვთ. გადავხედე მოთხოვნებს - თითქოს მარტივია, ნიადაგის ანალიზი. ნიადაგის ანალიზი, როგორც მოვიკვლიე, 300-დან 500 ლარამდე ჯდება, თუ ნიმუშს თავად მიიტან, მაგრამ წესში ჩამატებულია ორი ისეთი ანალიზი (მაგალითად, წყლის დგომის სიმაღლე და ნიადაგის სიღრმე), რის გამოც ლაბორატორიიდან სპეციალისტი უნდა მოვიდეს. უნდა ამოთხარონ, ნახონ... არ ვიცი, რა დაჯდება სპეციალისტის ჩაყვანა, მაგალითად, ხარაგაულში - თბილისიდან წამოვა თუ გურიიდან, სადაც ლაბორატორიებია (და ძალიან ცოტაა ასეთი ლაბორატორია). მევენახე უნდა ელოდოს, მოიყვანოს ეს ხალხი და ეს საბუთები შეადგინოს. არის ნერგის საკითხიც: აქამდე როგორ იყო? - ჩემს ვენახში ავჭრიდი კვირტს ან მე თვითონ დავამყნობდი, ან სოფელში ვინც ამყნის, იმას გავაკეთებინებდი იაფად, ან შეიძლება სხვა რამეში გამეცვალა. დღეს ვალდებული ვარ, ვიყიდო სერტიფიცირებული ნერგი. ანუ მევენახე უნდა ჩამოვიდეს ხარაგაულიდან, ვთქვათ, ქართლში და იყიდოს ისეთი კლონები და ფორმები, რომლებიც მასთან არ იყო. მის ვენახში რაც აქვს, ის ასობით წელიწადია მორგებულია იმერეთის გარემოს, ეს არის ჩვენი ბიომრავალფეროვნება. სხვაგან ნაყიდი ნერგით ყოველთვის არსებობს რისკი, რომ სხვა ჯიში წაჰყვეს - დიდ სანერგეებში, როცა მცირე რაოდენობით გასცემენ ნერგს, შეცდომა ბევრია. რაც მთავარია, თუ ამ წესებს ბოლომდე მიჰყვებიან, ჩვენს ბიომრავალფეროვნებას სერიოზული პრობლემა ექმნება.

- ჯამში, შეაჩერებს ეს რეგულაცია ახალი ვენახების გაშენებას?

- არა, არ შეაჩერებს. დიდები მაინც გააგრძელებენ, პატარები კი უბრალოდ არ დაიცავენ ამ წესს. მე ვურჩევ კიდეც, რომ დიდად არ დაიცვან, იმიტომ რომ ვენახს სამი წელი მოსავალი მაინც არ აქვს. სამი წლის მერე ან მთავრობა შეიცვლება ან წესი შეიცვლება, ან მოხერხდება ამნისტიის გამოცხადება და მისცემენ უფლებას, რომ დაარეგისტრირონ.

- ანუ ეს არის რაღაც მკვდრადშობილი წესი?

- დიახ... ეს მხოლოდ მცირე პრობლემებს შეუქმნის პატიოსან მწარმოებლებს და დაბალ დონეზე გაზრდის კორუფციის რისკებს - ვიღაცამ გოჭი თუ არ აჩუქა, შეიძლება დაუწუნონ ნიადაგი ან რამე მსგავსი...

- ისე, სხვათა შორის, მეღვინეებისგან, განსაკუთრებით მცირე მწარმოებლებისგან, ბოლო პერიოდში ხშირად ისმის კითხვა: დავუშვათ, გავაშენე სამოყვარულო ვენახი და რამდენიმე წლის შემდეგ გადავწყვიტე, რომ მას მივცე სამეწარმეო სტატუსი, ანუ გავყიდო ყურძენი. ამ ახალი წესის თანახმად, ამას ვერ შევძლებ?

- ახალი წესის თანახმად, ისიც კი უწერიათ, რომ თუ მონიტორინგისას აღმოჩნდა, რომ რიგთაშორისი მანძილი 1.5 მეტრის ნაცვლად ორი მეტრია, ვენახად აღარ ჩაგითვლიან, მაგრამ სხვა რა გზაა?! ვენახი ხომ რეალურად არსებობს, გარეთ ხომ არ დატოვებენ?! ლოგიკურად, მაინც უნდა ჩაუთვალონ, უბრალოდ გააწვალებენ ადამიანებს, ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის პოსტსაბჭოთა სტილის წესი. ამას ხშირად ადარებენ ევროკავშირის ქვეყნებს, ამბობენ, რომ იქაც არის ნებართვებიო. დიახ, იქაც არის, ოღონდ აბსოლუტურად განსხვავებული მიზნებით და წესებით მუშაობენ.

- სამინისტროს აშკარად არ შეუწუხებია თავი საერთაშორისო გამოცდილების მიმოხილვით, თუმცა ვიცით, რომ ევროკავშირს გამოვლილი აქვს ეგრეთ წოდებული „ღვინის ტბების“ მწარე გამოცდილება. იქ ღიად ამბობდნენ, რომ მიზანი იყო სწორედ ჭარბი წარმოების შეჩერება, რადგან იმაზე მეტი პროდუქტი იწარმოებოდა, ვიდრე მოთხოვნა იყო. ჩვენი მთავრობა თითქოს არ აღიარებს ამას - მინისტრისგანაც მოვისმინეთ, რომ ჭარბწარმოება პრობლემა კი არა, შესაძლებლობაა, მთავარია ხარისხი და ამ გზით ხარისხს გავაუმჯობესებთო. სწორ გზას ადგანან?

- მე როგორც ვიცი, სახელმწიფო მაინც აღიარებს, რომ ჭარბწარმოება გვაქვს. შეიძლება ტელევიზიით არ ამბობენ, რომ ცუდად არ გამოჩნდეს, თორემ კარგად აცნობიერებენ, რომ სერიოზული პრობლემებია. მარტო ჭარბი ყურძენიც არ არის, სხვა საკითხებიცაა, მაგრამ ეს ყველაზე კარგად ჩანს... სანამ ვენახის გაშენების ნებართვის წესი გამოქვეყნდებოდა, რადგან ევროპული გამოცდილება იყო ნახსენები, ვვარაუდობდი, რომ შეიძლება საერთოდ აეკრძალათ ვენახის გაშენება. ევროკავშირმა ეს როგორ შეიმუშავა: დააწესეს კვოტა არსებულ გაყიდვებზე და თქვეს, რომ ჯამური ფართობი აღარ უნდა გაიზარდოს. ანუ ახალ ვენახს ვერავინ გააშენებს, თუ ვინმე სხვამ ძველი არ გაჩეხა - ამ უფლებას ყიდულობენ, როგორც ბირჟაზე. რაოდენობა არ იზრდება. თუ სახელმწიფო შეატყობს, რომ მოთხოვნა იზრდება, მაშინ გაზრდის კვოტას. ასე არეგულირებენ რაოდენობას, რომ მევენახეების შემოსავალი იყოს სტაბილური. ეს არის იქაური მიზანი. ეს არის ცალსახა აკრძალვა. მსგავსი რამ რომ მიეღოთ, შეიძლება კამათი ყოფილიყო, მაგრამ პოლემიკაში შევიდოდი და დავიცავდი კიდეც, რადგან იქ იდეა მაინც დევს. დღევანდელი მიდგომა კი მხოლოდ პატარა მწარმოებლისთვის ნერვების მოშლაა. ვიღაცამ შეიძლება საერთოდ თქვას, რომ აღარ მინდა არაფერი და ამით მორჩეს... თორემ ვისაც დიდი ვენახის გაშენება უნდა, თუ წყლის დგომის სიმაღლე 1 მეტრის ნაცვლად 90 სანტიმეტრი აღმოჩნდა, ვერ დარეკავს სადმე და ვერ მოახერხებს, რომ ის 10 სანტიმეტრი მაინც ჩაუთვალონ?! ძალიან მარტივია.

- პატარა ფერმერების ჩარჩოში ჩასმა უფრო მარტივია, ვიდრე - დიდი მწარმოებლების...

- როგორც ყოველთვის.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

“ვისოლის“ ბიუჯეტური ავტოგასამართი სადგურების ქსელი „ვიგო“ ქუთაისში 3 ობიექტს ხსნის

“ვისოლის“ ბიუჯეტური ავტოგასამართი სადგურების ქსელი „ვიგო“ ქუთაისში 3 ობიექტს ხსნის

BM.GE

მარიამ ქვრივიშვილი საბერძნეთში გაემგზავრა - როგორია ეკონომიკური კავშირები?

მარიამ ქვრივიშვილი საბერძნეთში გაემგზავრა - როგორია ეკონომიკური კავშირები?

BM.GE

ქსელური მარკეტები მომხმარებელს სოციალურ პროდუქტზე ფასდაკლებებს სთავაზობენ - რითეილ ასოციაცია

ქსელური მარკეტები მომხმარებელს სოციალურ პროდუქტზე ფასდაკლებებს სთავაზობენ - რითეილ ასოციაცია

BM.GE

ლარსზე რუსეთის საბაჟო სამსახურების გაჭიანურებული გაფორმება ქართველ მძღოლებს შუამავლებთან გარიგებისკენ უბიძგებს - TCRC

ლარსზე რუსეთის საბაჟო სამსახურების გაჭიანურებული გაფორმება ქართველ მძღოლებს შუამავლებთან გარიგებისკენ უბიძგებს - TCRC

BM.GE