
საქართველოსა და რუსეთს შორის ახალი ფორმატით პირდაპირი დიალოგი რეგულარულ ხასიათს მიიღებს - გალუზინი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის განცხადებით, საქართველოსა და რუსეთს შორის ახალი ფორმატით პირდაპირი დიალოგი რეგულარულ ხასიათს მიიღებს. ამის შესახებ მან რუსულ სამთავრობო სააგენტო TASS-სთან, საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ გიორგი ზურაბაშვილთან გამართული შეხვედრის შეფასებისას ისაუბრა.
გალუზინის თქმით, რუსული მხარე მოლაპარაკებების შედეგებით კმაყოფილია და შეხვედრაზე ორმხრივი ინტერესის სფეროებში პრაქტიკული თანამშრომლობის გაფართოების პოტენციალი გამოიკვეთა. მისივე განმარტებით, მხარეებმა ქართული სასოფლო-სამეურნეო და ღვინის პროდუქციის რუსულ ბაზარზე მიწოდების ზრდისა და საავტომობილო გადაზიდვებისთვის დამატებითი ნებართვების გაცემის საკითხები განიხილეს.
„რუსულმა მხარემ ქართულ მხარეს გააცნო ის ზომები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ვრცელ ბაზარზე ქართული სასოფლო-სამეურნეო და ღვინის პროდუქციის მიწოდების შემდგომი ზრდისთვის ტარდება. ქართული მხარის ინიციატივით, შეთანხმებულია საავტომობილო გადაზიდვებისთვის დამატებითი ნებართვების გაცემა. მონაწილეები მიესალმნენ ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროში არსებულ სტაბილურ დადებით დინამიკას, რაც ორმხრივი ურთიერთობების მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს“, - განაცხადა გალუზინმა TASS-ის ცნობით.
რუსი დიპლომატის ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს საერთაშორისო საკითხები და რეგიონული უსაფრთხოება. გალუზინმა აღნიშნა, რომ რეგიონში არსებული პრობლემების მოგვარებაზე პასუხისმგებლობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და მათ უშუალო მეზობლებს ეკისრებათ. მისივე მტკიცებით, მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროში კავშირების ეტაპობრივად დამყარებასა და ხალხებს შორის კონტაქტების გაძლიერებაზე.
მიხაილ გალუზინსა და გიორგი ზურაბაშვილს შორის შეხვედრა 19 ნოემბერს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გაიმართა. ირაკლი კობახიძემ გიორგი ზურაბაშვილი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად 2026 წლის ოქტომბერში დანიშნა. კობახიძის თქმით "ზურაბაშვილის თხოვნით" ის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზეც დარჩა.
BM.GE
წყარო: bm.ge