
საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა
საქართველოსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადავიდა. შესაბამის დოკუმენტს ირაკლი კობახიძემ და ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ყაზახეთში გამართული ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მოაწერეს ხელი.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მაღალი დონის პოლიტიკურ ურთიერთობებზე, სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო-ლოგისტიკური მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ასევე ტურიზმის სფეროში კავშირების გაფართოებასა და ორმხრივი ტურისტული ნაკადების ზრდაზე.
შემცირებული სავაჭრო ბრუნვა და FDI - როგორია საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური კავშირები?
„მსურს, გამოვხატო ჩემი პატივისცემა თქვენი ლიდერობის მიმართ, რომელმაც ხელი შეუწყო ყაზახეთის უწყვეტ პროგრესს და გააძლიერა მისი, როგორც რეგიონში მნიშვნელოვანი და პატივსაცემი პარტნიორის, პოზიცია. მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მოგილოცოთ საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელება და რეფერენდუმის ჩატარება. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ლიდერობის პირობებში განხორციელებული რეფორმები კიდევ უფრო გააძლიერებს ყაზახეთის განვითარებას და ინსტიტუციურ მდგრადობას. სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი მიღწევაა და დარწმუნებული ვარ, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ახალ შესაძლებლობებს შექმნის თანამშრომლობის გასაფართოებლად ჩვენს ქვეყნებს შორის არაერთი მიმართულებით. მოხარული ვიქნებით, გიმასპინძლოთ საქართველოში. მადლობას გიხდით ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ მთავრობათაშორისი კომისიის მუშაობას და მოუთმენლად ველით მისი შემდეგი სხდომის გამართვას საქართველოში. მიგვაჩნია, რომ ის დამატებით მუხტს შესძენს ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობებს”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საუბარი შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ნაყოფიერ თანამშრომლობას. ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ყაზახეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და ნაყოფიერ თანამშრომლობას.