
საქართველოში დღეისთვის მონიტორინგის სისტემა 18 მეწყრულ სხეულზეა დამონტაჟებული - ანგარიში
ბოლო წლების განმავლობაში გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გეოლოგიური მონიტორინგის ქსელი გააფართოვა და დღეისთვის, ქვეყნის მასშტაბით თანამედროვე მონიტორინგის სისტემები 18 მეწყრულ სხეულზე დამონტაჟებულია. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2025 წლის ანგარიშში გეოლოგიური მონიტორინგი და საფრთხეების შეფასების ნაწილშია აღნიშნული.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დამონტაჟებული სისტემებიდან 11 ერთიან სერვერულ პლატფორმაზეა ინტეგრირებული.
„საქართველო გეოლოგიური პროცესების (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი/ქვათაცვენა და სხვა) განვითარების მასშტაბებით, განმეორებადობის სიხშირით და ქვეყნის მოსახლეობისა და ეკონომიკისადმი მათგან მიყენებული ნეგატიური შედეგებით მსოფლიოს მთიან ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ურთულეს რეგიონს წარმოადგენს“, - აღნიშნულია ანგარიშში.
სააგენტოს ინფორმაციით, 11 მეწყრულ სხეულზე დასამონტაჟებლად 2025 წელს სააგენტოს ბიუჯეტით დამატებით მონიტორინგის სისტემები შეისყიდეს, თუმცა დაკონკრეტებული არ არის რამდენი სისტემა შეიძინეს და რა დაუჯდა ბიუჯეტს ეს შესყიდვა.
„აღნიშნული სამუშაოების (ინსტალაცია, ტრენინგები, მონაცემების მიღება/დამუშავება, ანალიზი და ვალიდაცია) დასრულება დაგეგმილია 2026 წლის პირველ ნახევარში“, - ნათქვამია დოკუმენტში.
ამასთან, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2025 წელს, სტიქიური გეოლოგიური (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავ-ქვათაცვენა და სხვა) პროცესების შეფასების მიზნით, საქართველოს ყველა მხარეში ორ ეტაპად (გაზაფხული-შემოდგომის ფორმატში) განხორციელდა ყოველწლიური გეგმური გეოლოგიური მონიტორინგი.
„მომზადდა და გამოიცა ყოველწლიური საინფორმაციო გეოლოგიური ბიულეტენი - „საქართველოში 2024 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2025 წლისთვის“. ბიულეტენში ასახულია ინფორმაცია გეოლოგიური მონიტორინგის და სტიქიის ექსტრემალური გააქტიურების პერიოდში ჩატარებული კვლევების შედეგად დამუშავებული გეოლოგიური საფრთხეების შესახებ. ბიულეტენს ახლავს გეოლოგიური საფრთხეების სპეციალიზებული რუკები, საქართველოს ცალკეული მხარეებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით“, - წერია ანგარიშში.
ამასთან, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გასულ წელს ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან, უწყებებიდან და ცალკეული მოქალაქეებისგან შესული წერილების საფუძველზე 1170 ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა იყო შედგენილი, სადაც 2131 დასახლებულ პუნქტში მცხოვრები 4008 მოსახლის (კომლი) საცხოვრებელი სახლის, საკარმიდამო მიწის ნაკვეთის და მიმდებარე ტერიტორიის გეოდინამიკური მდგომარეობაა შეფასებული, გადაუდებელი ღონისძიებების გატარების მიზნით განსაზღვრულია საშიშროების რისკი და შესაბამისი რეკომენდაციები, ასევე შეფასებულია 85 ინფრასტრუქტურული ობიექტის გეოდინამიკური და გეოეკოლოგიური მდგომარეობა.
BM.GE
წყარო: bm.ge