
სატელიტური ტელეკომუნიკაციები მთელი პლანეტისთვის - რა ვიცით Starlink Mobile-ზე?
აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ ილონ მასკის SpaceX-ს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო მომსახურების გაწევისა და გლობალური რეალიზაციის უფლება მიანიჭა. FCC-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება Starlink Mobile-ის გლობალური ინფრასტრუქტურის განვითარებას მოიაზრებს.
როგორც ირკვევა, მარეგულირებლის ეს გადაწყვეტილება SpaceX-ს საშუალებას მისცემს საკომუნიკაციო სერვისების რეალიზაცია აშშ-ის საზღვრებს გარეთაც განახორციელოს.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ FCC-ის ნებართვა ავტომატურად არ გულისხმობს Starlink Mobile-ის მუშაობის დაწყებას მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. SpaceX-ის ფინანსურმა დირექტორმა, ბრეტ ჯონსენმა განმარტა, რომ საერთაშორისო ბაზრებზე კომპანიას სტანდარტული Starlink-ის მსგავსი გზის გავლა მოუწევს. შესაბამისად, პროექტის სრულფასოვანი გაშვებისთვის თითოეული ქვეყნის ადგილობრივ მარეგულირებლებთან ინდივიდუალური შეთანხმებების მიღწევა და სიხშირეების გამოყენების უფლების მოპოვებაა საჭირო.
Starlink Mobile-ის დაბალ ორბიტაზე განთავსებული ასობით თანამგზავრი სტანდარტულ LTE სმარტფონებთან სპეციალური ანტენების, დამატებითი პროგრამული უზრუნველყოფისა თუ აპლიკაციების გარეშე მუშაობს. შესაბამისად, ის ზუსტად ისეთივე მარტივი გამოსაყენებელი იქნება, როგორც ნებისმიერი სატელეფონო ოპერატორი.
რაც შეეხება ტექნოლოგიის შემდგომ ეტაპს, SpaceX-ი Starlink Mobile V2-ის თაობის თანამგზავრების ორბიტაზე გაყვანას 2027 წლიდან გეგმავს. კომპანიის ინფორმაციით, ახალი სისტემა სრულფასოვანი 5G სტანდარტის მომსახურებას უზრუნველყოფს. განახლებული თანამგზავრები SpaceX-ის მიერ სპეციალურად შექმნილი ჩიპებით, გაფართოებული ანტენებითა და უფრო ფართო სიხშირული დიაპაზონით აღიჭურვება. შედეგად, თითოეული თანამგზავრის გამტარუნარიანობა 20-ჯერ, ხოლო ქსელის ჯამური ტევადობა 100-ზე მეტჯერ გაიზარდება, რაც ხმოვანი ზარების განხორციელებისა და ვიდეოსტრიმინგის შესაძლებლობას გააჩენს.
ილონ მასკის განცხადებით, Starlink Mobile-ის სრულფასოვნად გაშვების შემდეგ, SpaceX-ის სატელიტური ინტერნეტი და საკომუნიკაციო სერვისები მთელი პლანეტისთვის გახდება ხელმისაწვდომი.
Starlink Mobile-ის მთელი უპირატესობა ის არის, რომ ის, თეორიულად, დედამიწის ნებისმიერ წერტილში იმუშავებს და მას მიწაზე ფიზიკური ინფრასტრუქტურა არ სჭირდება.
BM.GE
წყარო: bm.ge