
საწვავის კრიზისის გამო, რუსეთში ელექტრომობილებზე მოთხოვნა გაორმაგდა
რუსეთის ნავთობსაწარმოებზე უკრაინის მიერ განხორციელებული თავდასხმების ფონზე, ქვეყანაში ელექტრომობილებზე მოთხოვნა გაორმაგდა.
როგორც ცნობილი გახდა, მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში რუსეთში 83,000-ზე მეტი ელექტრომობილი და დამუხტვადი ჰიბრიდი გაიყიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 93%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ექსპერტების შეფასებით, საავტომობილო ბაზარზე დაფიქსირებული უჩვეულო ტენდენცია უშუალოდ უკრაინული დრონების მიერ რუსულ ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე მიტანილ იერიშებსა და საწვავის დეფიციტს უკავშირდება.
ამ ტენდენციის ფონზე, რუსეთის საავტომობილო ბაზარზე სრულად ელექტრო და ჰიბრიდული მოდელების წილი სექტემბრის ბოლოსთვის 11.5%-მდე გაიზარდა. არსებული ინფორმაციით, ქვეყანაში რეალიზებული ავტომობილების უდიდესი ნაწილი არის ჩინური წარმოების, რომელთა შორის განსაკუთრებული პოპულარობით Changan-ის, BYD-ისა და Avatr-ის მოდელები სარგებლობენ.
Reuters-ის ცნობით, აგვისტოს ბოლოსთვის ქვეყანაში ბენზინის წარმოების 70%-იანი კლება დაფიქსირდა, რამაც მძღოლებს ალტერნატიული გზების ძიებისკენ უბიძგა. ამ შემთხვევაში, ელექტრომობილები სრულად გვერდს უვლიან საწვავის კრიზისით გამოწვეულ პრობლემას და თან ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დასავლური ბრენდებისგან განსხვავებით, ჩინურ კომპანიებს რუსეთში ოფიციალური წარმომადგენლობა, სერვისი და გარანტია აქვთ, რაც მათ პროდუქციაზე მოთხოვნას დამატებით ზრდის.
BM.GE
წყარო: bm.ge