მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. შედით ინტერნეტში და ნახეთ, რამდენი მარანი და ვენახი იყიდება… დარგში კრიზისია|იაგო ბიტარიშვილი
შედით ინტერნეტში და ნახეთ, რამდენი მარანი და ვენახი იყიდება… დარგში კრიზისია|იაგო ბიტარიშვილი

შედით ინტერნეტში და ნახეთ, რამდენი მარანი და ვენახი იყიდება… დარგში კრიზისია|იაგო ბიტარიშვილი

BM.GE6 ივნისი, 2026, 19:29|bm.ge

კომპანია "იაგოს ღვინოს" დამფუძნებელი იაგო ბიტარიშვილი მიიჩნევს, ღვინის საერთაშორისო ბაზარზე არსებული კრიზისის ფონზე, საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის დარგს ახალი რეგულაციებისა და ბიუროკრატიული ბარიერების ნაცვლად, მეტი თავისუფლება და ჯანსაღი კონკურენცია სჭირდება.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” განაცხადა, სადაც ინტერვიუს ერთ-ერთი თემა მევანახეობა-მეღვინეობის დარგში ამოქმედებული და განხილვაში არსებული რეგულაციები იყო.

როგორც ცნობილია, 1-ელი მაისიდან, ღვინის ეროვნული სააგენტოს ნებართვის გარეშე, ქვეყანაში სამეწარმეო ვენახის გაშენება აიკრძალა. გარდა ამისა, იგეგმება სავალდებულო ნიშანდების შემოღება, რომლის საფასური, სავარაუდოდ, ბოთლზე 10 თეთრი იქნება. ასევე, საყოველთაო სავალდებულო ორგანოლეპტიკურ შემოწმებას ყველა კატეგორიის ღვინო დაექვემდებარება, როგორც საექსპორტო ისე ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი; „მცირე მარნის“ სტატუსის მქონე მეღვინეობების წარმოების მოცულობები 40 000 ლიტრიდან 25 000 ლიტრამდე მცირდება და ა.შ.

“წერტილთან” ინტერვიუში “იაგოს ღვინოს” დამფუძნებელმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ღვინის ხარისხის გაუმჯობესება რეგულაციებით და “ფურცლების შევსებით” ვერ მიიღწევა. “ქართული ღვინის რეალური აღიარება სწორედ თავისუფალმა გარემომ მოიტანა”, - ამბობს ის.

იაგო ბიტარიშვილს მიაჩნია, რომ სახელმწიფომ ყურძნის სუბსიდირებაზე მიმართული მილიონები ქართული ღვინის საერთაშორისო მარკეტინგისა და პრომოუშენის მიმართულებით უნდა გადაამისამართოს.

ინტერვიუ იაგო ბიტარიშვილთან

- ხშირ შემთხვევაში ასე ხდება ხოლმე: ამბობენ, ბევრ რეგულაციას იმიტომ ვაწესებთ, რომ ვიღაც ცუდ ღვინოს აკეთებსო. თუნდაც ასე იყოს… ჩემი მეზობელი თუ ცუდ ღვინოს აკეთებს და ამ რეგულაციებით მას წარმოება შეუჩერდება, ჩემს ღვინოს რა მოემატება?! ჩემი ღვინო უკეთესი გახდება?! ჩემი ღვინის ხარისხი როგორ გაიზრდება?! აი, საქართველოში ვინც არ უნდა არსებობდეს, დიდი თუ პატარა მარანი, რომელიც ვიღაცის თვალით ვერ აწარმოებს ხარისხიან ღვინოს – მათ ყველამ ხვალვე რომ დაანებოს თავი ღვინის წარმოებას, ამით საქართველოს ღვინოების გაყიდვა გაორმაგდება, გაიზრდება, თუ ფასი მოიმატებს?! არაფერიც არ მოხდება… ხარისხიანი ვენახი არ იწყება ფურცლებიდან. ნებისმიერი რეგულაცია არანაირად არ აუმჯობესებს ღვინისა თუ ვენახის ხარისხს. ღვინის ხარისხს მხოლოდ ჯანსაღი კონკურენცია ზრდის. რა თქმა უნდა, მსოფლიო ბაზარზე რეპუტაცია მნიშვნელოვანია და არცერთმა ღვინომ არ უნდა მოგვიტანოს ზიანი, მაგრამ საერთაშორისო ბაზარზე ჩვენ ახლა უფრო მეტად გვჭირდება აღიარება და დამკვიდრება იმ მაღალ საფასო სეგმენტში, რასაც ჯერჯერობით, მხოლოდ პატარა მარნები ახერხებენ.

- ფაქტია, სახელმწიფო სწორედ ღვინის და ვენახის ხარისხის გაუმჯობესების სახელით იღებს არაერთ რეგულაციას, მაგრამ რადგან მიიჩნევთ, რომ ეს ვერ მოიტანს შედეგს, რა სახის მხარდაჭერა სჭირდება ახლა დარგს მეღვინეების აზრით?

- რამდენიმე დღის წინ ვკითხულობდი სტატიას, რომელიც საერთაშორისო ღვინის ბაზრის პრობლემებს შეეხებოდა. იქ აღნიშნული იყო, რომ საფრანგეთი, ესპანეთი და იტალია, რომლებსაც ძალიან დიდი პრობლემები აქვთ ამ მიმართულებით, კიდევ უფრო მეტ რესურსს ხარჯავენ საერთაშორისო პრომოუშენისთვის, საკუთარი ღვინოების ცნობადობის ამაღლებისა და რეკლამისთვის. ვფიქრობ, საქართველომ, მით უმეტეს ამ მძიმე პერიოდში, აუცილებლად უნდა გააგრძელოს ეს პროცესი, რასაც გარკვეული პროექტებით ისედაც აკეთებს. მიმაჩნია, რომ ღვინის ეროვნულმა სააგენტომ სუბსიდირებაში იმხელა თანხების ჩადების ნაცვლად, ეს ფული ქართული ღვინის პრომოუშენისკენ უნდა მიმართოს. ბევრად მეტი თანხა უნდა ჩაიდოს მარკეტინგში, ვიდრე დღესაა, და ეს კიდევ უფრო დამატებით შედეგს გამოიღებს. აი, ეს სჭირდება დარგს.

ამასთანავე, აუცილებელია შიდა ბაზრის იმ ლიბერალური და თავისუფალი გარემოს შენარჩუნება, სადაც ნაკლები რეგულაცია იქნება, რათა უფრო მეტმა მარანმა შეძლოს ღვინის წარმოების დაწყება, თორემ რას ვზღუდავთ?! შედით ინტერნეტში და ნახეთ, რამდენი მარანი და ვენახი იყიდება – მყიდველიც კი არ არის, იაფადაც აღარავის უნდა. ანუ ჩვენ რას ვამცირებთ ხელოვნურად?! ისედაც მცირდება ყველაფერი, იმიტომ რომ დარგში კრიზისია. დაგუგლეთ და ნახავთ, რომ თვეებისა და წლების განმავლობაში ერთი და იგივე მარანი თუ ვენახი იყიდება.

- რატომ?

- ამ დარგში უკვე ისეთი სიტუაციაა – როგორც რამდენჯერმე ვახსენეთ საერთაშორისო ბაზარზე [ღვინის მოხმარება მცირდება] … [ჩვენ კი, ისევ ვიქცევით], თითქოს საქმე ისე გვქონდეს, რომ ვეღარ ვერევით და იმდენად დიდი წარმოება გვაქვს, რომ რეგულაციებით უნდა შევაჩეროთ. სამწუხაროდ, ჯერ საერთოდ არ გვაქვს საქმე ასე კარგად. ვფიქრობ, რაც მეტი თავისუფლება იქნება, მით უკეთესია. სწორედ ამ თავისუფლებამ და ნაკლებმა რეგულაციამ მოიტანა აქამდე მაღალი ხარისხი და თუნდაც მცირე, მაგრამ საერთაშორისო აღიარება. მხოლოდ ამ თავისუფლების შენარჩუნება მოგვცემს კიდევ უფრო მაღალ ხარისხსა და მეტ აღიარებას მსოფლიო ბაზარზე.

- წერტილი რას უნდა დაესვას მეღვინეობის დარგში?

- წერტილი უნდა დაესვას მეტ რეგულაციასა და ბიუროკრატიას.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ერთად, ძალადობისა და დაუსჯელობის წინააღმდეგ“ - თბილისში საპროტესტო მარში იმართება

„ერთად, ძალადობისა და დაუსჯელობის წინააღმდეგ“ - თბილისში საპროტესტო მარში იმართება

BM.GE

ყაზახეთი მზადაა, ბირთვული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ირანის ურანის მარაგი შეინახოს

ყაზახეთი მზადაა, ბირთვული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ირანის ურანის მარაგი შეინახოს

BM.GE

ევროკავშირში მწეველთა რაოდენობით ბულგარეთი ლიდერობს - Eurostat-ის მონაცემები

ევროკავშირში მწეველთა რაოდენობით ბულგარეთი ლიდერობს - Eurostat-ის მონაცემები

BM.GE

საერთაშორისო დონეზე ევროს როლი გაიზარდა - ECB

საერთაშორისო დონეზე ევროს როლი გაიზარდა - ECB

BM.GE