
შეცდომები, რომლებსაც ყველაზე მასშტაბური ზარალი მოაქვს
ისტორია გვიყვება, რომ მთავრობების, გიგანტური კორპორაციებისა თუ გლობალური ლიდერების არასწორ გათვლებს ყოველთვის უმძიმესი შედეგები მოაქვს. როდესაც ფსონი ასე მაღალია, ადამიანური შეცდომა მხოლოდ რამდენიმე ათასი დოლარი არ ჯდება - მისი ფასი მილიარდობით, ზოგჯერ კი ტრილიონობით დოლარია. ცუდ დაგეგმარებას, ამპარტავნობას, გაუგებრობასა და უბრალო უიღბლობას, ოდესმე დაფიქსირებულ ყველაზე კოლოსალურ ფინანსურ ზარალამდე მივუყვანივართ.
ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქება
ასეთი იყო ჩერნობილის ბირთვული კატასტროფა. 1986 წლის 26 აპრილს უკრაინაში ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ინჟინრები უსაფრთხოების რუტინულ ტესტირებას ატარებდნენ. თუმცა, მეოთხრე რეაქტორის სერიოზულმა კონსტრუქციულმა ხარვეზებმა და სადგურის ოპერატორების მიერ მიღებულმა არასწორმა გადაწყვეტილებებმა, სიმძლავრის კატასტროფული ნახტომი გამოიწვია. რეაქტორი აფეთქდა, შენობას 1000-ტონიანი სახურავი ახადა და ატმოსფეროში რადიოაქტიური მასალის უზარმაზარი ღრუბელი გაფანტა.
ამ შეცდომის ზუსტი საფასურის დათვლა თითქმის შეუძლებელია, მაგრამ ექსპერტების შეფასებით, ათწლეულების განმავლობაში მან 235-დან 700 მილიარდ დოლარამდე შეადგინა. ეს თანხა შედეგების დაუყოვნებლივი ლოკალიზების მცდელობებს, 300 ათასზე მეტი ადამიანის სამუდამო გადასახლების ხარჯებს, უზარმაზარი სასოფლო-სამეურნეო მიწების დაკარგვასა და სხვა კომპონენტებს ითვალისწინებს.
ფუკუშიმას ტრაგედია
ბუნებრივი კატასტროფები ადამიანის შეცდომა არ არის, თუმცა მათთვის მოუმზადებლობა შეიძლება ასეთად ჩაითვალოს. ასეთი შემთხვევა იყო 2011 წლის მარტში, როდესაც იაპონიის სანაპიროზე 9.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რამაც დამანგრეველი ცუნამი გამოიწვია. ცუნამმა ფუკუშიმა-დაიჩის ატომური ელექტროსადგურის დამცავი ჯებირები გაარღვია.
საქმე ისაა, დამცავი ჯებირები მხოლოდ 6 მეტრი სიმაღლის ტალღაზე იყო გათვლილი, რითაც იგნორირებული იქნა ისტორიული მონაცემები და მეცნიერთა არაერთი გაფრთხილება იმის შესახებ, რომ კონკრეტულად ამ რეგიონში გაცილებით დიდი ცუნამი იყო მოსალოდნელი. 14-მეტრიანმა ტალღამ მარტივად გადაუარა დამცავ ბარიერებს და ის სარეზერვო გენერატორები დატბორა, რომლებიც რეაქტორების გასაგრილებლად იყო საჭირო.
ფინანსური ზარალი გამაოგნებელი აღმოჩნდა. იაპონიის მთავრობის შეფასებით, სადგურის ექსპლუატაციიდან ამოღების, მიმდებარე ტერიტორიის რადიაციისგან გაწმენდისა და დაზარალებულთათვის კომპენსაციის გადახდის საერთო ხარჯმა დაახლოებით 200 მილიარდი დოლარი შეადგინა. თუმცა, დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრები ვარაუდობენ, რომ საბოლოო თანხამ შესაძლოა 400 მილიარდ დოლარსაც კი გადააჭარბოს.
Yahoo vs Google
ზოგჯერ ყველაზე ძვირად ღირებული შეცდომა ის ფასია, რომელსაც არ იხდი. 1990-იანი წლების ბოლოსა და 2000-იანი წლების დასაწყისში Yahoo ინტერნეტის უდავო მეფე იყო, Google კი მხოლოდ პატარა, დამწყები საძიებო სისტემა.
1998 წელს Google-ის დამფუძნებლებმა, ლარი პეიჯმა და სერგეი ბრინმა, Yahoo-ს საკუთარი კომპანიის 1 მილიონ დოლარად მიყიდვა შესთავაზეს, რათა სტენფორდში დაბრუნებულიყვნენ და სწავლა დაესრულებინათ. Yahoo-მ უარი განაცხადა.
2002 წელს კომპანიამ შეცდომა გააცნობიერა და Google-ის 3 მილიარდ დოლარად შეძენა სცადა. პეიჯი და ბრინი კი უკვე 5 მილიარდს ითხოვდნენ. Yahoo-ს აღმასრულებელმა დირექტორმა დამატებით 2 მილიარდის გადახდაზე უარი თქვა.
დღეს Google-ის მშობელი კომპანია Alphabet-ი 4 ტრილიონ დოლარზე მეტი ღირს. მეორე მხრივ, Yahoo ნელ-ნელა დავიწყებას მიეცა და საბოლოოდ 2017 წელს სულ რაღაც 4.5 მილიარდ დოლარად გაიყიდა.
Neflix vs Blockbuster
2000 წელს Netflix-ი DVD დისკების ფოსტით გაქირავების სერვისი იყო, რომელსაც ძალიან უჭირდა. დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს, საკუთარი კომპანია ვიდეოგაქირავების უდავო გიგანტის, Blockbuster-ისთვის 50 მილიონ დოლარად შეეთავაზებინათ. Netflix-ი შეიცვლიდა სახელს, გახდებოდა Blockbuster.com და ონლაინ ბიზნესს მიხედავდა, ხოლო Blockbuster-ი ფიზიკურ მაღაზიებზე იზრუნებდა. Blockbuster-ის ხელმძღვანელებმა მათ პირდაპირი მნიშვნელობით დასცინეს და ოთახიდან ისე გაისტუმრეს. მათ სჯეროდათ, რომ DVD-ის გამოწერის მოდელი ვიწრო ნიშური ბაზარი იყო, რომელიც პოპულარული არასდროს გახდებოდა.
Blockbuster-მა ციფრული სტრიმინგის რევოლუციას ფეხი ვერ აუწყო. 2010 წელს კომპანიამ გაკოტრების შესახებ განაცხადა. Netflix-ი კი დღეს გლობალური გასართობი ინდუსტრიის გიგანტია, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 400 მილიარდ დოლარს შეადგენს.
რუსეთის მიერ ალასკის გაყიდვა
მე-19 საუკუნის შუა ხანებში, ყირიმის ომის წაგების შემდეგ, რუსეთის იმპერია ფულის მწვავე დეფიციტს განიცდიდა. ისინი ალასკის უზარმაზარ ტერიტორიას აკონტროლებდნენ, მაგრამ მას გაყინულ, გამოუსადეგარ და რთულად დასაცავ უდაბნოდ მიიჩნევდნენ. რუსეთი შიშობდა, რომ მომავალ ომში დიდი ბრიტანეთი მის წართმევას შეძლებდა, ამიტომ გადაწყვიტა, ალასკა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მიეყიდა.
1867 წელს, აშშ-მა ალასკის 7.2 მილიონ დოლარად შესყიდვაზე აწარმოვა მოლაპარაკებები. იმ დროისთვის ეს დაახლოებით ნახევარი ჰექტარი მიწის 2 ცენტად ყიდვას ნიშნავდა. ბევრმა ამერიკელმა მკაცრად გააკრიტიკა ეს გარიგება და ძვირად ღირებულ შეცდომად შერაცხა.
თუმცა, ნამდვილი შეცდომა რუსეთმა დაუშვა. გაყიდვიდან მალევე ალასკაზე ოქროს უზარმაზარი საბადოები აღმოაჩინეს. ათწლეულების შემდეგ იქ ნავთობისა და ბუნებრივი აირის ვეებერთელა მარაგებიც გამოჩნდა. დღეს ალასკა პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი რეგიონია რესურსების თვალსაზრისით, რომელიც ასობით მილიარდი დოლარის ღირებულების წიაღისეულ საწვავს, მინერალებსა და ზღვის პროდუქტებს აწარმოებს. რუსეთმა, ფაქტობრივად, ტრილიონობით დოლარის ღირებულების ტერიტორია ხურდა ფულად გააჩუქა.
ისტორია გვიჩვენებს, რომ ბრწყინვალე წარმატებასა და კატასტროფულ მარცხს შორის ზღვარი ხშირად ბუნდოვანია. კონტრაქტზე ერთადერთმა ხელმოწერამ, პლატფორმაზე ხარჯების ოდნავმა შემცირებამ, ან ახალი ტექნოლოგიების ქედმაღლურად უგულებელყოფამ შეიძლება დომინოს ეფექტი გამოიწვიოს, რაც საბოლოოდ უდიდესი ფინანსური კრახით დასრულდება.
BM.GE
წყარო: bm.ge