
შვეიცარიის მხარდაჭერა საქართველოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის - R-Empower პროგრამის დეტალები
საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების ეკონომიკური გაძლიერებისა და დასაქმების ხელშესაწყობად გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) ახორციელებს პროექტს - "გაუმჯობესებული შესაძლებლობები საქართველოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის - R-Empower". შვეიცარიის თანადაფინანსება 3,38 მილიონ შვეიცარიულ ფრანკს შეადგენს.
პროექტის შესახებ ინფორმაციას შვეიცარიის საელჩო ავრცელებს. დამატებითი დეტალების გასარკვევად კი BMG-მ თავად საელჩოსა და IOM-ს მიმართა.
პროექტი დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდაჭერაზე, პროფესიული უნარების გაძლიერებასა და დიასპორის ჩართულობის ხელშეწყობაზე მუშაობს. ინიციატივა ასევე მიზნად ისახავს მიგრაციის მართვის ერთიანი სისტემის გაძლიერებას, ეროვნულ და ადგილობრივ უწყებებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებასა და კერძო სექტორთან ეფექტიანი თანამშრომლობის ხელშეწყობას.
პროექტის მთავარი სამიზნე აუდიტორია საქართველოში დაბრუნებული ის მიგრანტები არიან, რომლებიც სამშობლოში დასაქმების, ახალი უნარების ათვისებისა თუ ეკონომიკური საქმიანობის დაწყების კუთხით სირთულეებს აწყდებიან.
დაინტერესებულ პირებს ინფორმაციის მისაღებად, კონსულტაციისა და შესაბამის სერვისებში ჩასართავად შეუძლიათ, საქართველოს 12 მუნიციპალიტეტში მოქმედ "მიგრაციის სერვისების ჰაბებს" (MSHs) მიმართონ.
ინდივიდუალურ დონეზე ბენეფიციარები პრაქტიკულ დახმარებას პროფესიულ გადამზადებაში, სამუშაო ადგილების მოძიებასა და კერძო სექტორთან დაკავშირებაში მიიღებენ. გარდა ამისა, პროგრამა ფინანსური განათლების ამაღლებას და ფორმალურ ფინანსურ პროდუქტებზე, მათ შორის ფულადი გზავნილების დაბალპროცენტიან ციფრულ ოფციებსა და საინვესტიციო შესაძლებლობებზე წვდომას უზრუნველყოფს.
პოტენციურმა ბენეფიციარებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ R-Empower ფოკუსირდება არა ერთჯერადი ფინანსური გრანტების გაცემაზე, არამედ მათ არსებულ შრომის ბაზარსა და ეკონომიკურ სისტემებში ინტეგრაციაზე.