
“სკოლაში ფორმის ტარების ვალდებულების ამოქმედებამ ჩვენზე მოთხოვნა გაზარდა” - რას სთავაზობს მშობლებს “მანიკო”
საჯარო სკოლებში I-VI კლასებში მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარების ვალდებულების გაჩენამ საბავშვო სამოსის ქართული ბრენდებისადმი მიმართვიანობა გაზარდა. ამის შესახებ BM.GE-ს "მანიკოს" დამფუძნებელმა მარიამ ბაცაშვილმა განუცხადა.
უნდა აღინიშნოს, რომ თავდაპირველად გაცხადებული პოლიტიკით სკოლის ფორმებს სახელმწიფოს უნდა შეეკერა. თუმცა, მშობლების ნაწილში გაჩნდა მოთხოვნა, რომ ფორმა განსხვავებული შემადგენლობისა და ქსოვილისგან შეიკეროს. სწორედ ამ მოთხოვნის საპასუხოდ საბავშვო ტანსაცმლის ბრენდმა „მანიკომ“ სასკოლო ფორმების კერძო შეკვეთით დამზადება დაიწყო.
როგორც BM.GE-სთან საუბრისას „მანიკოს“ დამფუძნებელი მარიამ ბაცაშვილი აცხადებს, კომპანიისთვის ფორმების შეკერვის დაწყების მთავარი მიზეზი მომხმარებლების მაღალი ინტერესია. მისი თქმით, კომპანიაში ბევრი შეტყობინება შედის მშობლებისგან, რომლებსაც სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული ფორმის იდენტური, თუმცა განსხვავებული ქსოვილისგან დამზადებული სამოსის შეძენა სურთ.
„მოთხოვნამ შექმნა ეს შესაძლებლობა. მოთხოვნა ძალიან დიდია. შემოტანილი ფორმები, როგორც მახსოვს, დაახლოებით 75%-ით პოლიესტერისგან არის დამზადებული, რაც ალერგიული ბავშვებისთვის სასურველი არ არის. ამიტომ ძალიან ბევრი შეტყობინება შემოდის მშობლებისგან, რომლებსაც უნდათ იდენტური ფორმა და არა განსხვავებული - იგივე ფერი, იგივე ფორმა და სილუეტი, შესაბამისი გერბით. ვისაც შემოტანილი ფორმის შეძენა სურს, ისიც ჩვეულებრივად შეიძენს, თუმცა მათთვის, ვისაც სხვა ქსოვილის არჩევა ურჩევნია, ეს არის ალტერნატივა“, - ამბობს მარიამ ბაცაშვილი.
მისი ინფორმაციით, „მანიკო“ ბიჭებისთვის პიჯაკისა და შარვლის კომპლექტს, გოგონებისთვის კი ქვედატანს ამზადებს. მისი თქმით, ამ ეტაპზე შეკვეთები სტანდარტული, ევროპული ზომებით მიიღება, თუმცა კომპანია ინდივიდუალური ზომების დამზადების შესაძლებლობასაც განიხილავს.
„ძალიან ბევრი შეტყობინება შემოდის, მაგრამ ჯერ ვერ ვიტყვით, რამდენი შეკვეთა იქნება საბოლოოდ. ბევრი ადამიანი უბრალოდ ინტერესდება, გვეკითხება ფასს, ზომებს, ქსოვილის შემადგენლობას. ამ ეტაპზე რამდენიმე ერთეულის შეკერვა უკვე დაწყებული გვაქვს და ვნახავთ, როგორ განვითარდება მოთხოვნა“, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.
მარიამ ბაცაშვილის თქმით, ფორმების დამზადების იდეა თავდაპირველად თავად მისი შვილის საჭიროებიდან გაჩნდა. ბაზარზე არსებული ვარიანტების მოძიების შემდეგ კი გადაწყვიტა, რომ იგივე მოდელის სხვა ქსოვილით დამზადება თავად შეეთავაზებინა მომხმარებლებისთვის.
„თავდაპირველად ჩემი შვილისთვის მინდოდა შემეკერა. მოვიძიე ინფორმაცია, დავრეკე სხვადასხვა ადგილას და გავარკვიე, რომ ამის გაკეთება აკრძალული არ არის. შესაბამისად, ყველას აქვს უფლება, იდენტური ფორმა შეკეროს და მომხმარებელს შესთავაზოს“, - ამბობს ბაცაშვილი.
„მანიკოს“ შემთხვევაში აქცენტი ქსოვილის შემადგენლობაზეც კეთდება. კომპანიის ინფორმაციით, შარვალი და თეთრი პოლო მაისური 100%-იანი ბამბისგან იქნება დამზადებული, პიჯაკის ზედა ნაწილი 75% ბამბას შეიცავს, დანარჩენი კი პოლიესტერი და ელასტინი იქნება. პიჯაკის სარჩული სრულად ბამბისაა.
„ზოგადად ჩვენი ნაწარმი იმით გამოირჩევა, რომ ძირითადად ბუნებრივ ქსოვილებს ვიყენებთ - დაახლოებით 90%-ით. ამ შემთხვევაშიც სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანი, რომ მშობლებს ჰქონოდათ არჩევანის შესაძლებლობა და ფორმა ისეთი ქსოვილისგან შეგვეკერა, რომელიც მათთვის უფრო მისაღები იქნებოდა“, - ამბობს ბაცაშვილი.
ინფორმაციისთვის, „მანიკო“ ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს და საბავშვო ტანსაცმლის წარმოებაზეა ორიენტირებული. სასკოლო კოლექციას ბრენდი აქამდეც აწარმოებდა, თუმცა სავალდებულო ფორმის შემოღების შემდეგ მოთხოვნა ამ მიმართულებით გაიზარდა. კომპანია სახელმწიფოსთან არ თანამშრომლობს და სასკოლო ფორმებს კერძო ინიციატივის ფარგლებში ამზადებს.
კომპანიის ვებგვერდზე I-VI კლასის მოსწავლეებისთვის ფორმების ფასები ასე ნაწილდება: ბიჭებისთვის პიჯაკისა და შარვლის კომპლექტი 220 ლარი ღირს, ორი შარვლის შემთხვევაში კი - 290 ლარი. გოგონებისთვის ქვედაბოლოსა და შარვლის ფასი ცალ-ცალკე 85 ლარია, ხოლო ბამბის თეთრი პოლო მაისურის - 55 ლარი.
BM.GE
წყარო: bm.ge