
SOCAR-მა Comstock Resources-ის ამერიკული აქტივები $1.65 მილიარდად შეიძინა
აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-მა ამერიკულ Comstock Resources-თან $1.65 მილიარდის ღირებულების შეთანხმება გააფორმა.
კომპანიის პრესსამსახურის ცნობით, ნასყიდობის საბოლოო ხელშეკრულებას ხელი 4 ნოემბერს მოეწერა. დოკუმენტის თანახმად, აზერბაიჯანული მხარე Legacy Haynesville-ის პროექტში 20%-იან, ხოლო Western Haynesville-ის საბადოებში 15%-იან არასაოპერაციო წილს შეისყიდის.
ამას გარდა, გარიგება ინფრასტრუქტურულ კომპანია Pinnacle Gas Services-ში Comstock-ის კუთვნილი 73%-იანი წილიდან 15%-ის შესყიდვასაც ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ Western Haynesville-ის აქტივებში SOCAR-ის წილი ხუთი წლის შემდეგ და ინვესტიციაზე 15%-იანი უკუგების მიღწევის შემთხვევაში 7.5%-მდე შემცირდება. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ტრანზაქციის დასასრულებლად მხარეები ამჟამად შესაბამისი სამთავრობო უწყებებისგან ოფიციალური ნებართვების მიღებაზე მუშაობენ.
ცნობისთვის, Comstock Resources-ი აშშ-ის ერთ-ერთი წამყვანი დამოუკიდებელი გაზმომპოვებელი კომპანიაა, რომლის საქმიანობაც ჩრდილოეთ ლუიზიანასა და აღმოსავლეთ ტეხასში მდებარე Haynesville-ის ფიქლოვანი საბადოების ათვისებას მოიცავს.
BM.GE
წყარო: bm.ge