
სომხეთში TRIPP-ის პროექტი განხორციელების ეტაპზე გადავიდა
სომხეთის მთავრობამ რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების TRIPP-ის მასშტაბური პროექტის განხორციელება დაიწყო.
ვიცე-პრემიერ მჰერ გრიგორიანის ხელმძღვანელობით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა სიუნიქის პროვინცია უკვე მოინახულა და სარკინიგზო, საავტომობილო თუ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მდგომარეობა ადგილზე შეაფასა.
მთავრობის სხდომაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ინიციატივის პრაქტიკულ ფაზაში გადასვლა დაადასტურა და რეგიონული კომუნიკაციების დაუყოვნებლივ ამოქმედების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ფაშინიანის განცხადებით, ეს პროექტი სომხეთის ეკონომიკური მდგრადობისა და განვითარების ტემპის შენარჩუნებისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება.
აღსანიშნავია, რომ სომხეთის პარლამენტმა პროექტთან დაკავშირებით ოფიციალურ ვაშინგტონთან გაფორმებული შეთანხმების რატიფიცირების პროცესი დაიწყო. შესაბამისმა საპარლამენტო კომიტეტმა კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე გატანამდე მხარი უკვე დაუჭირა.
პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ უახლოეს პერიოდში ერთობლივი ამერიკულ-სომხური საწარმო TRIPP Development Company დაფუძნდება. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ორგანიზაციის ჩამოყალიბების პროცესი დასკვნით ფაზაში შევიდა, რის შემდეგაც სახელმწიფოს მიერ მომზადებული საპროექტო ბაზა ახალ კომპანიას გადაეცემა.
ცნობისთვის, TRIPP-ის პროექტი სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო დერეფნების გახსნასა და სომხეთის გავლით საერთაშორისო სავაჭრო კავშირების გაძლიერებას ითვალისწინებს. სიუნიქის სტრატეგიული რეგიონი ამ მარშრუტზე ძირითად სატრანზიტო კვანძად მიიჩნევა.
BM.GE
წყარო: bm.ge