
"სონღულაშვილი და მეხუზლა ისეთ რამეს ამტკიცებენ, რაც ზუსტად იციან, რომ სიმართლე არაა"|ინტერვიუ გიორგი სამანიშვილთან
ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი სამანიშვილი იზიარებს მევენახეობა-მეღვინეობის სექტორის წარმომადგენლების შეფასებებს და დარგში ამოქმედებულ და დაგეგმილ რეგულაციებს აბსურდულს, არაკომპეტენტურსა და არასერიოზულს უწოდებს. გიორგი სამანიშვილს მიაჩნია, რომ სახელმწიფო პოლიტიკა დარგს ჩიხში აგდებს და რეალური პრობლემების მოგვარების ნაცვლად, მხოლოდ დროის გაყვანაზეა ორიენტირებული. როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, პრობლემების დამალვის მავნე პრაქტიკა უნდა დასრულდეს.
საქმე ის არის, რომ ღვინის ხარისხის შენარჩუნება-გაუმჯობესების მოტივით, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში რიგი ცვლილებები შედის. 1-ელი მაისიდან ამოქმდდა რეგულაცია, რომლის თანახმად, კომერციული ვენახების გაშენებისთვის ღვინის ეროვნული სააგენტოს ნებართვა ხდება საჭირო. „[კომერციული ვენახის გაშენებისთვის ნებართვა] არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში ღვინის ხარისხი "დავიჭიროთ" და გავაუმჯობესოთ“ - აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი. გარდა ამისა, იგეგმება სავალდებულო ნიშანდების შემოღება, რომლის საფასური, სავარაუდოდ, ბოთლზე 10 თეთრი იქნება. ასევე, საყოველთაო სავალდებულო ორგანოლეპტიკურ შემოწმებას ყველა კატეგორიის ღვინო დაექვემდებარება, როგორც საექსპორტო ისე ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი; „მცირე მარნის“ სტატუსის მქონე მეღვინეობების წარმოების მოცულობები 40 000 ლიტრიდან 25 000 ლიტრამდე მცირდება და ა.შ.
"მე შეიძლება დავიჩოქო ვაზთან, მაგრამ გაუაზრებელი გადაწყვეტილების მიმღებ ჩინოვნიკთან - არა"|შალვა ქურდაძე
ღვინოზე ნიშანდების საფასურის დაწესება რეალურად მეღვინეობის დარგისთვის "ბეგარაა" - ვასილ მანაგაძე
კარგი იქნებოდა, გადაწყვეტილების მიღებამდე კონსულტაცია დარგთან გაევლოთ|”თბილღვინო” ვენახების გაშენების რეგულირებაზე
- პრობლემა მხოლოდ ეს კონკრეტული ცვლილებები არ არის. მთავარი პრობლემა ის აბსოლუტური გაუგებრობაა, რომელშიც ვიმყოფებით - ვერ ვიგებ, ვინ მართავს დარგს და ვინ იღებს ამ გადაწყვეტილებებს. პროცესები „ზემოთ“ [იმართება] თუ - „ქვემოთ“, თუ რომელიმე ცალკეული ჩინოვნიკია, რომელსაც ვერავინ ეწინააღმდეგება?! ვხედავ, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრი [დავით სონღულაშვილი] და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე [ლევან მეხუზლა] ისეთ რამეს ამტკიცებენ, რაც ზუსტად იციან, რომ სიმართლეს არ შეესაბამება, [კითხვები მიჩნდება]. ორივეს ვიცნობ და ორივემ კარგად იცის, როგორ იმართება მევენახეობა-მეღვინეობის დარგი მსოფლიოში, მაგრამ ისინი მაინც ამტკიცებენ ამას, ე.ი. რაღაც ისეთი დავალებაა ან ქვეყანაში რაღაც ისეთი ხდება, რის შესახებაც ჩვენ არ ვიცით.
- რა ვერსიები შეიძლება განვიხილოთ - რა დავალება შეიძლება მიეღოთ ლევან მეხუზლასა და დავით სონღულაშვილს, რომ მათი ავტორობით მსგავსი რეგულაციები მომზადებულიყო?
- იცით, ეს ჩემი პირადი აზრია, თუმცა მაქვს შესაბამისი განათლება და გამოცდილება დარგის მართვის კუთხით. ნამუშევარი მაქვს პოსტ-შევარდნაძის პერიოდშიც, ერთი წელი - „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს და ოთხი წელი - ამ ხელისუფლების პირობებში. შესაბამისად, ნანახი მაქვს, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები. ვხედავთ, რომ დარგში სერიოზული პრობლემებია: 300 მილიონი დოლარის ღვინო გადის ექსპორტზე და დაახლოებით, ამავე ღირებულების (ან ცოტა მეტი) სპირტი. ჩემი ვარაუდით, ამ ღვინის 15% და სპირტის 80% ძალიან საეჭვო წესებით დამზადებული. ამას ემატება ისიც, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2025 წელს რთველის სუბსიდირებისთვის 200 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. სავარაუდოდ, როდესაც ამ ხალხს პასუხი მოსთხოვეს - რატომ იხარჯება ამდენი ფული ბიუჯეტიდან და რატომაა ხალხი მაინც უკმაყოფილოო - პასუხები ვერ იქნებოდა, რომ დარგს ვერ მართავენ. ვერ თქვეს, რომ ისინი, ვინც საქმეს აფუჭებს, მათზე ძლიერები არიან... ამ პრობლემების გადაჭრა რთული ასახსნელია, ამიტომ მარტივი გზა აირჩიეს: თქვეს, თითქოს გლეხები ვენახებს შეუსაბამო ადგილებში აშენებენ და მიიღეს დავალება, რომ აკრძალონ ახალი გაშენება. შესაბამისად, მთელი სამინისტრო იძულებული გახდა, რეალურ პრობლემებზე საუბარი დროებით გადაედოთ და დრო მოეგოთ. ამ ყველაფერში წინასწარ დაგეგმილ რაციონალურობას ვერ ვხედავ - ეს უბრალოდ არაკომპეტენტური და არასერიოზული გადაწყვეტილებაა.
- სინამდვილეში, თუ მევენახეობა-მეღვინეობის დარგში რეალური რეფორმა გვსურს, რას უნდა აკეთებდეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მენეჯმენტი - რა არის მთავარი დიაგნოზი და როგორ უნდა ვუმკურნალოთ მას?
- ხშირად მსაყვედურობენ, რატომ გამოგაქვს დარგის პრობლემები საჯაროდ, შიგნით მოვაგვაროთო, მაგრამ პრობლემები შიგნით არ წყდება. დღეს ღვინის ეროვნულ სააგენტოს დახმარება სჭირდება, რომ ასეთ დამცირებულ მდგომარეობაში აღარ იყოს. პირველი, რაც უნდა გაკეთდეს: ღვინის სააგენტოდან აუცილებლად უნდა გავიდეს სპირტების სერტიფიცირება და რეგულირება. სააგენტო ვერ უმკლავდება ამ პროცესს, რადგან სპირტის ბიზნესში ძალიან დიდი ფული ტრიალებს და ეს სფერო გაუმჭვირვალეა. ამ პრობლემას, ალბათ, ძალოვანი უწყებებიც კი ძლივს გაუმკლავდებოდნენ. მეორე: ღვინის სააგენტოდან უნდა გავიდეს სახელმწიფო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“, რომელიც ყურძენს იბარებს. შარშან ეს კომპანია ღვინის სააგენტოს გადასცეს, რაც წარმოუდგენელი ინტერესთა კონფლიქტია. გამოდის, რომ კომპანია, სადაც ყველაზე დიდი რისკია არაკანონიერი ოპერაციების, ფაქტობრივად, კონტროლის მიღმაა, რადგან მისი მაკონტროლებელი თავად მისი მფლობელია. მესამე: სააგენტოს თავმჯდომარე უნდა იყოს არჩევითი პირი, რომელიც დაინიშნება, მაგალითად, ოთხი წლით და მას ვერავინ მოხსნის მხოლოდ იმის გამო, რომ პრემიერ-მინისტრი ან მმართველი პარტია შეიცვალა. მან უნდა იცოდეს, რომ დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს. თუ დღეს ღვინის სააგენტოს არ მივეხმარებით, დარგს დავკარგავთ და ტიპურ პოსტსაბჭოთა ქვეყნად ვიქცევით.
- როგორ უნდა მივეხმაროთ და ვინ უნდა გააკეთოს ეს?
- დახმარებაში ვგულისხმობ იმას, რომ პირველ რიგში, ყველამ ღიად უნდა ვისაუბროთ პრობლემებზე; როცა ხმაური იქნება, გადაწყვეტილების მიმღები პირებიც მიხვდებიან, რომ ყველამ ყველაფერი იცის. კერძო სექტორმაც უნდა ამოიღოს ხმა, თუმცა ბიზნესმენებს ხშირად ეშინიათ შესაძლო თანამდევი პრობლემების, მაგრამ ვისაც ხელი მიუწვდება მაღალ ეშელონებზე, სიმართლე უნდა თქვან. სპირტის რეგულირება სხვა უწყებას უნდა გადაეცეს, რათა ღვინო მაინც გადავარჩინოთ. დღეს მართლა რისკის ქვეშ ვართ. მახსენდება 2004-2005 წლები, როდესაც ქართულ ღვინოს ნდობა ჰქონდა დაკარგული და ძალიან არ მინდა, იმ წარსულში დავბრუნდეთ.
- ამის რისკები ცალსახად ჩანს?
- ცალსახად. ამას მხოლოდ მე არ ვამბობ - ბევრი აღნიშნავს, რომ ნდობა ქართული ღვინის მიმართ მცირდება.
- რა არის ის ყველაზე სუსტი წერტილი მეღვინეობის დარგში, რაც უნდა დასრულდეს?
- უნდა დასრულდეს პრობლემების დამალვის მავნე პრაქტიკა. რაც მეტს ვილაპარაკებთ ხარვეზებზე, მით უფრო ნათლად გამოჩნდება განვითარების გზა.
BM.GE
წყარო: bm.ge