
"თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია" მთავრობას ნავთობპროდუქტებზე აქციზის განაკვეთის შემცირებისკენ მოუწოდებს
თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია მთავრობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეამციროს საწვავზე აქციზის განაკვეთი, მით უფრო დიზელის შემთხვევაში, რომელიც ინდუსტრიულ პროდუქტს წარმოადგენს და აქტიურად გამოიყენება როგორც ლოგისტიკაში, ისე სოფლის მეურნეობასა და ეკონომიკის სხვა დარგებში.
როგორც ბიზნესასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საწვავის ფასები ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს და აღნიშნული ტენდენცია მთელს ეკონომიკასა და სამომხმარებლო ფასებზე ნეგატიურად გავრცელდება.
"თავისუფალ ბიზნესთა ასოციაციას" მაგალითად მოჰყავს გერმანია, რომლის პარლამენტმა საწვავზე აქციზის დროებით შემცირებას დაუჭირა მხარი. ასევე, აშშ-მა წლის ბოლომდე გადაავადა დიზელზე დაწესებული ფედერალური აქციზის გადასახადის გადახდა.
"თავისუფალ ბიზნესთა ასოციაციის" განცხადებას BMG უცვლელად გთავაზობთ:
"გასულ კვირას საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ტრანსპორტის ჯგუფში ფასების 18.7%-იანი მატება ფიქსირდება, რაც ნელ-ნელა გადაეცემა ფასების საერთო დონეს.
საწვავის ფასების დრამატული ზრდა მნიშვნელოვანწილად გამოწვეულია გლობალურ ბირჟებზე ნავთობის ფასების ზრდით, რამაც საქართველოში ბენზინის ფასები ერთწლიან ჭრილში 30%-ზე მეტად, ხოლო დიზელის შემთხვევაში 55%-ზე მეტად გაზარდა. ეს კატასტროფულად მაღალი მაჩვენებელია.
თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია მთავრობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ამ რთული მდგომარეობის გამოსასწორებლად, რათა თავიდან იქნეს აცილებული სიტუაციის კიდევ უფრო დამძიმება და სოციალური ფონის გაუარესება.
კერძოდ, აუცილებელია, სწრაფად მოხდეს ნავთობპროდუქტებზე საგადასახადო შეღავათების დაწესება. მაგალითად, სწორედ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, 2015 წელს, ბენზინის აქციზი გაორმაგდა, ხოლო დიზელის აქციზი გასამმაგდა. შესაბამისად, შესაძლებელია, თუნდაც დროებით, ნავთობპროდუქტებზე აქციზის განაკვეთის შემცირება, რათა გლობალური ბაზრებიდან წამოსული შოკი ჩვენს ეკონომიკაზე შერბილდეს.
აღნიშნული პრაქტიკა აპრობირებულია და მას ჩვენზე ბევრად უფრო მაღალშემოსავლიანი და ძლიერი სახელმწიფოები იყენებენ საკუთარი მოქალაქეების დასაცავად. მაგალითად, გერმანიის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი საწვავზე აქციზის დროებითი შემცირების შესახებ.
ცვლილების თანახმად, ოქტომბრიდან მომდევნო სამი თვის განმავლობაში საწვავის აქციზი ლიტრზე 17 ცენტით შემცირდა, ამ გადაწყვეტილების მიზანი მოსახლეობისთვის გაზრდილი ფასებიდან მომდინარე წნეხის შემცირებაა. ყურადსაღებია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც, რომლის მიხედვითაც წლის ბოლომდე გადავადდა დიზელზე დაწესებული ფედერალური აქციზის გადასახადის გადახდა", - ნათქვამია განცხადებაში.
BM.GE
წყარო: bm.ge