მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "TEMU-ს ეფექტი": განბაჟების 300-ლარიანი ლიმიტი გაუქმდება?|რას ითხოვს მთავრობისგან ადგილობრივი ბიზნესი
"TEMU-ს ეფექტი": განბაჟების 300-ლარიანი ლიმიტი გაუქმდება?|რას ითხოვს მთავრობისგან ადგილობრივი ბიზნესი

"TEMU-ს ეფექტი": განბაჟების 300-ლარიანი ლიმიტი გაუქმდება?|რას ითხოვს მთავრობისგან ადგილობრივი ბიზნესი

BM.GE9 ივლისი, 2026, 12:25|bm.ge

საცალო და ელექტრონული კომერციის ასოციაცია (REA) სახელმწიფოსგან სასწრაფო რეაგირებას და ბაზარზე თანაბარი, სამართლიანი საკონკურენციო პირობების შექმნას ითხოვს.

როგორც BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში საცალო და ელექტრონული კომერციის ასოციაციის პრეზიდენტმა თამარ გოგოლაშვილმა განაცხადა, საერთაშორისო ონლაინ სავაჭრო პლატფორმების საქმიანობამ საქართველოში ორგანიზებული იმპორტის სახე მიიღო, ამიტომ საჭიროა, ისეთმა ონლაინ პლატფორმებმა, როგორიც, მაგალითად, ჩინური გიგანტი TEMU-ა, დღგ გადაიხადონ.

„COVID-პანდემიის შემდეგ „ონლაინ ვაჭრობა“ საკმაოდ გაიზარდა მთელ მსოფლიოში, ისევე როგორც საქართველოში, რაც, რა თქმა უნდა, მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილებებს, რათა სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ დაიკარგოს მილიონობით ლარი. იგივე პრობლემა უდგას ევროპის ქვეყნებსაც, სწორედ ამიტომ დააწესეს ევროკავშირში (EU) ბლოკის არაწევრი ქვეყნებიდან გამოწერილ ამანათებზე 3-ევროიანი მოსაკრებელი.

TEMU არ არის უბრალოდ ონლაინ ვაჭრობა; მისმა გამოწერებმა და მუშაობის სტილმა დიდი ხანია, ორგანიზებული იმპორტის სახე მიიღო. შესაბამისად, ის უნდა ჩაჯდეს სხვა იმპორტიორებთან თანაბარ საგადასახადო ვალდებულებაში… ამასთან, TEMU ხასიათდება საკმაოდ აგრესიული მარკეტინგით - განსაკუთრებით ყურადსაღებია ე.წ. „რულეტკის“ ტიპის რეკლამა, რაც რეალურად სათამაშო ბიზნესის ტიპის რეკლამაა და კანონით აკრძალულია ქვეყანაში“, - აცხადებს თამარ გოგოლაშვილი და იქვე დასძენს, რომ არათანაბარი საგადასახადო რეჟიმის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტი და, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკა მილიონობით ლარის საგადასახადო შემოსავალს კარგავს, ხოლო ადგილობრივ საცალო და ელ-კომერციის ბიზნესს პრობლემები უმწვავდება.

საცალო და ელექტრონული კომერციის ასოციაცია საკუთარი არგუმენტების გასამყარებლად შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ სტატისტიკას იშველიებს.

რამდენი მილიარდის ამანათს იწერს საქართველო?

2025 წლის მონაცემებით, საქართველომ 2 მილიარდი ლარის ღირებულების 20 მილიონი ამანათი გამოიწერა. აქედან 874 მილიონი ლარის ღირებულების 13.6 მილიონზე მეტი ამანათი პირდაპირ ჩინეთიდან შემოვიდა.

რაც შეეხება 300-ლარიან განბაჟების ლიმიტს, 2025 წელს 300 ლარზე ნაკლები ღირებულების იყო 19.3 მილიონი ერთეული ამანათი, რაც ჯამური გზავნილების 97%-ია — ამ ამანათების ღირებულება კი 1.2 მილიარდ ლარს შეადგენდა. შესაბამისად, დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარა 582,364 ამანათი, რომელთა საერთო ფასიც 849 მილიონი ლარი იყო, ანუ ერთი გზავნილის საშუალო ფასი ამ სეგმენტში 1 455 ლარს შეადგენდა, ხოლო დაუბეგრავი, ანუ 300 ლარამდე ღირებულების ამანათების სეგმენტში გზავნილის საშუალო ფასი 62 ლარი იყო.

საცალო და ელექტრონული კომერციის ასოციაციის პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, წლის ბოლომდე ამანათების რაოდენობა 30 მილიონს, ხოლო ღირებულება 3 მილიარდ ლარს გადააჭარბებს, რაც ქვეყნის მთლიანი ბიუჯეტის (დაახლოებით 35 მილიარდი ლარი) თითქმის 10%-ია.

„გადინებული 2 მილიარდი ლარი თავისი მულტიპლიკატორის ეფექტით გაცილებით დიდ უარყოფით გავლენას ახდენს ეკონომიკაზე. ეს ნიშნავს ათიათასობით დაკარგულ სამუშაო ადგილს და განუვითარებელ ადგილობრივ მეწარმეობას.

იზოლირებულად დათვლისას ქართული ელკომერციის ბაზარი მცირე ჩანს, თუმცა რეალობაში ის და ტრადიციული საცალო ვაჭრობა მჭიდროდ გადაჯაჭვული და განუყოფელია. გლობალური კონკურენციის მკვეთრმა ზრდამ (ე.წ. „TEMU-ს ეფექტი“) რადიკალურად შეცვალა სურათი - სერიოზული პრობლემის წინაშე დადგა უამრავი ადგილობრივი კომპანია და მეწარმე, რამაც მთლიან ეკონომიკაზე მოახდინა გავლენა. სწორედ ამიტომ, REA-ში ორივე სფერო და ადგილობრივი მეწარმეები გავაერთიანეთ“, - აღნიშნა თამარ გოგოლაშვილმა.

რა ეტაპზეა ბიზნესის მთავრობასთან კომუნიკაცია?

საცალო და ელექტრონული კომერციის ასოციაციამ უკვე გამართა პირველი სამუშაო შეხვედრები ეკონომიკის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროსა და კონკურენციის სააგენტოს მენეჯმენტთან (მინისტრის მოადგილეების დონეზე).

თამარ გოგოლაშვილის თქმით, ფინანსთა სამინისტრო იაზრებს პრობლემის სიმწვავეს. „ამჟამად ვაგროვებთ და ვამუშავებთ ბაზრის სტატისტიკას და ვამზადებთ სპეციალურ პროექტს, რომელსაც ფინანსთა სამინისტროს წარვუდგენთ. ჩვენი მიზანია, სახელმწიფოსა და საზოგადოებას დავანახოთ პრობლემის სიმწვავე და შევთავაზოთ მისი გადაჭრის ჩვენეული ხედვა“, - თქვა თამარ გოგოლაშვილმა და იქვე დასძინა, რომ საკანონმდებლო პროექტი, სავარაუდოდ, სექტემბრისთვის ექნებათ მზად.

რას ითხოვს საცალო ვაჭრობის და ელკომერციის ბიზნესი?

ადგილობრივი სექტორი სახელმწიფოსგან სამ მთავარ ნაბიჯს ელის:

1. გლობალური პლატფორმების დღგ-ით დაბეგვრა ციფრული გზით

ბიზნესი ითხოვს, რომ TEMU-მ და სხვა საერთაშორისო პლატფორმებმა, რომლებიც რეალურად ეკონომიკურ საქმიანობას საქართველოში ეწევიან, ბიუჯეტში დღგ გადაიხადონ. ეს მოდელი ქვეყანაში უკვე აპრობირებულია - 2021 წლიდან Google და Facebook ანალოგიურად იბეგრებიან. გადასახადი უნდა აისახოს პირდაპირ მათ საიტებზე, პროდუქციის დამანგარიშებლის სახით.

„პირველ რიგში, ვსაუბრობთ იმაზე, რომ Temu და სხვა მსგავსი პლატფორმები ორგანიზებული იმპორტიორები არიან - მათი საქმიანობის სპეციფიკა სწორედ ამაზე მიუთითებს. შესაბამისად, მათ საქართველოს ბიუჯეტში გადასახადები უნდა გადაიხადონ. ეს შეიძლება მოხდეს ციფრული გზით: მათ საიტზე პირდაპირ გამოჩნდეს დღგ-ს დამანგარიშებელი, მომხმარებელი გადასახადს პროდუქციის ღირებულებასთან ერთად პლატფორმაზევე გადაიხდის, კომპანიები კი ამ თანხას საქართველოს ბიუჯეტში მიმართავენ. ეს პირობებს მეტ-ნაკლებად გაათანაბრებს. ეს არის გზა, რომელსაც ფინანსთა სამინისტრომ 2021 წელს უკვე მიმართა Facebook-ისა და Google-ის შემთხვევაში. ეს პრაქტიკა საქართველოში არსებობს: ვინაიდან ამ პლატფორმებს საქართველოს ტერიტორიაზე ვიყენებთ და ეკონომიკური საქმიანობაც აქ ხორციელდება, გადასახადის გადახდაც ადგილობრივად უნდა მოხდეს. ჩვენი წინადადებაც სწორედ ეს არის - ამ ონლაინ იმპორტიორებმაც გადაიხადონ გადასახადები, რათა ადგილობრივ ბიზნესთან თანაბარ პირობებში აღმოჩნდნენ“, - განმარტავს თამარ გოგოლაშვილი.

2. ხარისხის კონტროლი, სერტიფიცირება და რეკლამის შეზღუდვა

თამარ გოგოლაშვილი ჰყვება, რომ ადგილობრივი იმპორტიორები ვალდებულები არიან, დაიცვან სურსათის უვნებლობისა თუ პროდუქციის ხარისხის მკაცრი სტანდარტები, რაც მათ ხარჯებს ზრდის. გლობალური პლატფორმები კი ყოველგვარი შემოწმების გარეშე ახორციელებენ პროდუქციის იმპორტს. გარდა ამისა, ადგილობრივი ბიზნესის განცხადებით, პრობლემურია TEMU-ს ე.წ. „რულეტკის“ ტიპის აგრესიული მარკეტინგი, რაც რეალურად სათამაშო ბიზნესის რეკლამაა.

"გარდა საგადასახადო ნაწილისა, ამ პლატფორმებმა აუცილებლად უნდა დაიცვან ადგილობრივი კანონმდებლობაც. მაგალითად, სერტიფიცირების წესი მათ პროდუქციაზეც ანალოგიურად უნდა ვრცელდებოდეს. ავიღოთ ევროკავშირის მაგალითი, რომელმაც TEMU სწორედ იმის გამო დააჯარიმა 200 მილიონი ევროთი, რომ პლატფორმაზე ისეთი პროდუქცია განათავსა, რომელიც მინიმალურ ხარისხობრივ სტანდარტებსაც კი ვერ აკმაყოფილებდა. შემოწმების შედეგად დარღვევა დადასტურდა და შესაბამისი სანქციაც დაეკისრათ.

დღეს საქართველოშიც ზუსტად იგივე ხდება, თუმცა ჩვენ არანაირი ბერკეტი არ გაგვაჩნია ჩვენი მომხმარებლების დასაცავად. თუ ადგილობრივ იმპორტიორებს მკაცრად ვუკონტროლებთ პროდუქციის ხარისხს, მაშინ საერთაშორისო პლატფორმებსაც იგივე მოეთხოვებათ. სახელმწიფოს პირდაპირი საზრუნავია იცოდეს, რა შემოდის ქვეყანაში და რას ყიდულობს ჩვენი მოქალაქე. სხვა შემთხვევაში, აზრს კარგავს სურსათის უვნებლობის სამსახურის არსებობა თუ სხვადასხვა შიდა რეგულაციები.

ეს წესები ყველაზე უნდა გავრცელდეს, მათ შორის კონკურენციის ნაწილშიც. დღეს ელექტრონული კომერცია ნაწილობრივ კონკურენციის სააგენტოს დაქვემდებარებაშია და უწყება აღასრულებს კიდეც კანონს, თუმცა ეს ბერკეტები საერთაშორისო მოთამაშეებზე, მათ შორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით, პრაქტიკულად ვერ მოქმედებს“, - აცხადებს თამარ გოგოლაშვილი.

3. განბაჟების 300-ლარიანი ლიმიტის გაუქმება ან ევროკავშირს მოდელის დანერგვა

როგორც საცალო და ელკომერციის ასოციაციის პრეზიდენტმა „წერტილში“ განაცხადა, დღის წესრიგში ისევ აქტიურად დგას 300-ლარიანი დაუბეგრავი ზღვრის გაუქმების ან გადახედვის საკითხი. ბიზნესი მაგალითად იშველიებს ევროკავშირს, რომელმაც ბლოკის არაწევრი ქვეყნებიდან გამოწერილ ამანათებზე ნივთზე „3-ევროიანი“ სპეციალური მოსაკრებელი დააწესა.

„300-ლარიანი ლიმიტის გაუქმების საკითხზეც მიდის საუბარი, ვინაიდან პრობლემა ნებისმიერი კუთხით განიხილება. ფინანსთა სამინისტროსთან შეხვედრებზე ეს თემა დღის წესრიგში დგას და ამჟამად სამუშაო რეჟიმში ვმსჯელობთ, თუ რა კონკრეტული ვერსია ჩამოყალიბდება საბოლოო ჯამში - იქნება ეს გლობალური პლატფორმების პირდაპირი დაბეგვრა თუ არსებული შეღავათის გაუქმება. ჩვენ შეგვიძლია სახელმწიფოს შევთავაზოთ ჩვენი ხედვა, რის შემდეგაც უკვე საბოლოო გადაწყვეტილებაზე მოხდება მსჯელობა.

დიახ, ეს საკითხიც განიხილება ჩვენი მოთხოვნების ჩამონათვალში, ვინაიდან აქ უფრო უპირატესი უკვე ქვეყნის ეკონომიკური ინტერესებია. დღეს ამ 300-ლარიან საგადასახადო ზღვარს ძალიან ბევრი უცხოური კომპანია იყენებს ჩვენი ქვეყნისა და ადგილობრივი ბიზნესის საზიანოდ. ეს მხოლოდ ბიზნესის პრობლემა აღარ არის; მარტო წინა წელს ქვეყნიდან 2 მილიარდი ლარი გავიდა. სწორედ ქართული კომპანიები ქმნიან საქართველოში დასაქმებას - ამ სექტორში, მცირე მეწარმეების თუ დაქირავებული თანამშრომლების სახით, ათიათასობით ადამიანია დაკავებული. შექმნილი არათანაბარი გარემოს გამო კი ეს ადამიანები სამუშაო ადგილებს კარგავენ, ხოლო მეწარმეები — თავიანთ ბიზნესებს“, - აღნიშნა თამარ გოგოლაშვილმა.

რამდენად გაძვირდება ონლაინ ვაჭრობა? - პასუხი მომხმარებელს

ბუნებრივია, 300-ლარიანი ლიმიტის გაუქმება ან დამატებითი გადასახადების დაწესება საზოგადოებაში პოპულარული გადაწყვეტილება ვერ იქნება, რადგან მომხმარებელთა დიდი ნაწილი ონლაინ პლატფორმებს სწორედ სიიაფის გამო იყენებს, საგადასახადო ცვლილებების შედეგად კი უცხოური პლატფორმებიდან, მათ შორის TEMU-დან გამოწერები გაძვირდება.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებლის პოზიციაც. აბსოლუტურად ვიაზრებთ იმას, რომ მოქალაქე, ერთი მხრივ, დაცული უნდა იყოს, ხოლო, მეორე მხრივ - არ გაუძვირდეს პროდუქცია, თუმცა ჩვენ უფრო ფუნდამენტურ საკითხზე ვსაუბრობთ", - აცხადებს საცალო და ელკომერციის ასოციაციის პრეზიდენტი, რომელიც არსებულ გამოწვევებს რამდენიმე ძირითად ასპექტად ყოფს:

1. უსამართლო კონკურენცია და თამაშის წესები

„როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ 300-ლარიანი ლიმიტის გაუქმება ადამიანებისთვის ხარჯებს გაზრდის და გამოწერას გააძვირებს, საბოლოო ჯამში, მაინც იმაზე უნდა ვიმსჯელოთ, თუ რა არის სამართლიანი. დღეს ადგილობრივი ბიზნესი აბსოლუტურად უსამართლო საგადასახადო და ბიზნესგარემოში იმყოფება. ისინი იხდიან გადასახადებს, ზრუნავენ მომხმარებლის უფლებებზე, ჯანმრთელობასა და ხარისხის დაცვაზე, რასაც გლობალური ონლაინ პლატფორმები მეტწილად არ აკეთებენ. აქ საუბარია იმ თანაბარ პირობებზე, რომელიც ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოს კანონმდებლობით უნდა იყოს გარანტირებული. ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია, ვინაიდან სწორედ ადგილობრივი ბიზნესია ის ძალა, რაც ქართულ ეკონომიკას ამოძრავებს“, - აცხადებს თამარ გოგოლაშვილი.

2. მილიარდობით გადინებული ლარი და სამუშაო ადგილები რისკის ქვეშ

„წერტილთან“ ინტერვიუში მან რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ქვეყნიდან გადინებული 2 მილიარდი ლარი, თავისი მულტიპლიკატორის ეფექტით, გაცილებით დიდ უარყოფით გავლენას ახდენს ჩვენს ეკონომიკაზე: „ეს ნიშნავს ათიათასობით დაკარგულ სამუშაო ადგილს და განუვითარებელ ადგილობრივ მეწარმეობას, რომელიც ახლაც კი ცდილობს, რაღაცნაირად ფეხზე დადგეს“.

3. დარტყმა შოპინგ ტურიზმზე, ბრენდების გადინება და ემიგრაცია

გარდა ამისა, თამარ გოგოლაშვილის თქმით, არათანაბარ პირობებში ქვეყანა ვერ განავითარებს შოპინგ-ტურიზმს, რომლისკენაც ასე ვესწრაფვით და გვინდა, რომ მოვიზიდოთ. "თუ ქვეყნის ბაზარი საკანონმდებლო დონეზე არ იქნება დაცული, ბევრი საერთაშორისო ბრენდი უბრალოდ დატოვებს საქართველოს და საფრთხე დაემუქრება იმ მოცემულობასაც, რომ ტურისტები აქ ჩამოდიან და შოპინგობენ. უამრავი ადამიანი, რომელიც აქ ბიზნესს ხურავს და სამუშაოს კარგავს, საბოლოოდ ემიგრაციაში მიდის“, - აღნიშნა მან.

4. საერთაშორისო პრაქტიკა

თამარ გოგოლაშვილის შეფასებით, ეს საკითხი დიდი ხანია გასცდა მხოლოდ 300-ლარიანი ლიმიტის თემას. „ეს არის დემოგრაფიული, ეკონომიკური და სოციალური გამოწვევა, რომელსაც სხვა კუთხით უნდა შევხედოთ. შემთხვევითი არ არის, რომ ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რაღაცნაირად შეეფერხებინა TEMU-ს მუშაობა. განა ისინი საკუთარ მოქალაქეებზე არ ზრუნავენ ან უნდათ, რომ მათ მეტი გადაიხადონ? უბრალოდ ევროკავშირში კარგად ესმით, რომ მათ ტერიტორიაზე სამართლიანი თამაშის წესები უნდა არსებობდეს. თუ ეს წესები არ იქნება დაცული, ქვეყნის ეკონომიკა ვერ განვითარდება. დღეს ამ ინდუსტრიაში ახალ ინვესტიციებზე საუბარიც კი ზედმეტია - ინვესტიციები არა თუ არ იდება, არამედ რეალური უკუსვლაა“, - აცხადებს თამარ გოგოლაშვილი.

ამასთან, „წერტილის“ წამყვანის კითხვაზე, ხომ არ უნდა მოითხოვოს ბიზნესმა სახელმწიფოსგან ადგილობრივი საგადასახადო ტვირთის (მაგალითად, 18%-იანი დღგ-ს) შემცირება, თამარ გოგოლაშვილმა თქვა, რომ ეს იდეალური ვარიანტი იქნებოდა და ამ კუთხითაც აპირებენ კომუნიკაციას. „თუმცა პირველი რიგის ამოცანა მაინც საკანონმდებლო უთანასწორობის აღმოფხვრაა“, - აღნიშნა მან.

რას უნდა დაესვას #წერტილი საქართველოს საცალო და ელკომერციის ბიზნესში? - "ამ ეტაპზე, საკანონმდებლო უთანასწორობას უნდა დაესვას აუცილებლად წერტილი, ვინაიდან ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ჩვენი ადგილობრივი ბიზნესი და ეკონომიკა დავიცვათ", აცხადებს საცალო და ელექტრონული კომერციის ასოციაციის პრეზიდენტი.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საფრანგეთში პაველ დუროვი ისევ დაკითხეს - რას ედავებიან Telegram-ის დამფუძნებელს?

საფრანგეთში პაველ დუროვი ისევ დაკითხეს - რას ედავებიან Telegram-ის დამფუძნებელს?

BM.GE

აშშ-ს სამ შტატში ქართული ღვინის დეგუსტაციები გაიმართა|როგორია ექსპორტი?

აშშ-ს სამ შტატში ქართული ღვინის დეგუსტაციები გაიმართა|როგორია ექსპორტი?

BM.GE

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება

BM.GE

"ეკოსერვის ჯგუფმა" 40-მდე ერთეული ტექნიკა და სატრანსპორტო საშუალება იყიდა - მერია

"ეკოსერვის ჯგუფმა" 40-მდე ერთეული ტექნიკა და სატრანსპორტო საშუალება იყიდა - მერია

BM.GE