
"წარმოების გაზრდის და შიდა ბაზარზე ოპერირების გაძლიერების მოტივაცია არ მაქვს" - მეღვინე ახალ რეგულაციაზე
ღვინის სექტორში ახალი რეგულაციები მცირე და საშუალო მარნებისთვის დამატებით ბიუროკრატიულ ტვირთს ქმნის. ამის შესახებ ღვინის მარანი „ფაფრის ველის“ დამფუძნებელმა შალვა ქურდაძემ BMGTV-ის გადაცემა „საქმიანი დილაში“ განაცხადა.
მისი თქმით, პრობლემას მხოლოდ შესაბამისობის სერტიფიკატის საფასური არ წარმოადგენს, რომელიც 1-ელი სექტემბრიდან ფასიანი გახდა. მცირე მარნებისთვის დამატებით სირთულეს ქმნის ის დროც და ადამიანური რესურსიც, რომელიც სერტიფიცირების პროცედურებს სჭირდება.
„როდესაც რაღაც გარკვეულ პროცედურებს და გარკვეულ საკითხებზე გადასახადს აწესებენ, რა თქმა უნდა, ეს არც ერთ ბიზნესს არ სიამოვნებს, თუმცა გარდა ამისა არის ადამიანური რესურსი, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს, რაც ყოველთვის არ არის შესაძლებელი მცირე და საშუალო მეწარმის პირობებში“, - განაცხადა ქურდაძემ.
მეღვინე ამბობს, რომ დამატებითი პროცედურები განსაკუთრებით პრობლემურია მცირე მარნებისთვის, სადაც ერთი ადამიანი ხშირად რამდენიმე ფუნქციას ითავსებს. მისი შეფასებით, ბიუროკრატიული მოთხოვნების ზრდა საბოლოოდ იმაზეც მოქმედებს, რამდენად აქვს მეწარმეს განვითარების მოტივაცია.
„რატომ ხდება ეს ყველაფერი, ჩვენთვის წარმოუდგენელია. ეს არავითარ ხარისხის გაუმჯობესებას არ ემსახურება, პირიქით. აი, წარმოგიდგენიათ, დღეს ვატარებთ მესამე რთველს და იმის მაგივრად, რომ მე ვიფიქრო, რთველის ჩატარების დეტალებზე, რაც ყოველდღიური ჩემი საზრუნავი უნდა იყოს, პარალელურად ვზივარ კომპიუტერთან და ვწერ ამ შიდა სერტიფიკატის რაღაც ფორმებს. ვავსებ, რომ შემდეგ სააგენტოში განიხილონ და, რაღაც წერტილ A-ში თუ მივიტანე 5 ღვინო, იმ ბოთლებზე გამოწერონ სერტიფიკატი, თორემ შეამოწმებენ და დააჯარიმებენ“, - განაცხადა მან.
მეღვინეობის ხელმძღვანელის თქმით, სერტიფიცირების საფასურთან ერთად, ღვინის თვითღირებულებაზე სხვა ხარჯებიც აისახება, მათ შორის ენოლოგიური ანალიზისა და ლაბორატორიული დასკვნის ღირებულება.
„იცით რისი შთაბეჭდილება მრჩება? - ამ სააგენტოში მუშაობს ხალხი, რომლებიც ძველი "სამტრესტის" სისტემაზე ნოსტალგირებს, მარტო მარწუხების მოჭერაზე [არიან ორიენტირებული]. უკაცრავად, მაგრამ "სამტრესტში" პროფესიონალი მეღვინეები მაინც მუშაობდნენ და თავისი საქმე იცოდნენ და ესენი საიდან იგონებენ ამ კანონებს ძნელი წარმოსადგენია. „90-იანი წლები, ამ თვალსაზრისით, მოსანატრებელი პერიოდი იყო - მაშინ ასეთი ხარჯები და შეზღუდვები არ არსებობდა. ოღონდ ვინმეს ღვინო ეწარმოებინა... ამიტომ, სამწუხაროდ, არავითარი მოტივაცია არ მაქვს, რომ წარმოება გავზარდო და განსაკუთრებით, შიდა ბაზარზე ოპერირება გავაძლიერო“, - თქვა მან.
მისი თქმით, ამ ეტაპზე მარანი ექსპორტზეა მეტად ორიენტირებული და ახალი ბაზრების ათვისებასაც ცდილობს. ქურდაძის ინფორმაციით, მათ შორის არის პარაგვაი და მექსიკა.
ინფორმაციისთვის, 1-ელი სექტემბრიდან საქართველოში წარმოებული და ადგილობრივ ბაზარზე გასაყიდი ღვინის შესაბამისობის სერტიფიკატის საფასური 10 ლარი გახდა. აქამდე ეს მომსახურება უფასო იყო.
BM.GE
წყარო: bm.ge