
წელს, ზეთისხილის სამჯერ მეტ მოსავალს ველოდებით - "ქართული ზეთისხილის" დამფუძნებელი
“ქართული ზეთისხილის” დამფუძნებლის გიორგი სვანიძის განცხადებით, წელს ზეთისხილის სამჯერ მეტ მოსავალს ელოდებიან. როგორც ბიზნესმენმა bm.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, თუ ამინდმა ხელი შეუწყო ბაღებს, წლევანდელ სეზონზე 700 ტონა მოსავლის აღებას შეძლებენ.
„სექტემბრის ბოლოდან იწყება მოსავლის აღება და ოქტომბერი, ნოემბერი გრძელდება. იმედი გვაქვს, რომ წელს კარგი მოსავალი გვექნება. ყველაფერი კარგად თუ იყო, ველოდებით 700 ტონას. გასულ სეზონზე 200-250 ტონა იყო”, - აღნიშნა მან.
მისივე თქმით, “ქართული ზეთისხილის” ბაღების ფართობი ფაქტობრივად ყოველწლიურად იზრდება. ამჟამად, კომპანიას 1500 ჰექტარამდე ფართობის ბაღები აქვს კახეთში, ბაღდათსა და მარნეულში.
“ყოველ წელს ჩვენ ახალ ნერგებს ვრგავთ. მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 280-300 ათასამდე ნერგი დავრგეთ”, - აღნიშნა “ქართული ზეთისხილის” დამფუძნებელმა.
ცნობისთვის, კომპანიამ პირველი ზეთისხილის ბაღები 7 წლის წინ გააშენა. შემდეგ კი აშენდა პირველი ზეთისხილის გადამმუშავებელი ქართული საწარმო სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში, რომელიც სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოს" ფარგლებში დაფინანსდა. მეორე საწარმო დედოფლისწყაროში, ტარიბანას ველზე გასულ წელს ₾7 მილიონის ინვესტიციით გაიხსნა. საწარმოში იწარმოება ზეთისხილის მარინადები და ზეითუნის ზეთი. კომპანია საკუთარი ბაღების გარდა, მოსავალს სხვა ფერმერებისგანაც იბარებს.
“გასულ წელს ახალი საწარმო ავაშენეთ. იგი აღჭურვილია აბსოლუტურად ბოლო ტექნოლოგიებით, თუკი რამე დღეს არსებობს ზეთისხილის დარგში - ვაკუუმის დაწურვა, ჩამოსასხმელი იტალიური ხაზები”, - დასძინა გიორგი სვანიძემ.
“ქართული ზეთისხილის” პროდუქცია ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. თუმცა კომპანია ექსპორტსაც ახორციელებს. “გვაქვს მოლაპარაკებები ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან, ასევე ყაზახეთშიც. ჰოლანდიასთანაც მიდის ახლა მოლაპარაკება”, - განაცხადა მან.