
ცინცაძის თქმით, ექსპორტის 30%-იანი ზრდა მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგია
„ეს შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მთავრობის სწორ პოლიტიკას“, - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ საგარეო ვაჭრობის ივლისის თვის მაჩვენებლები.
ცინცაძის თქმით, მთავრობის პოლიტიკა ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობაზეა მიმართული, რისი შედეგიც ადგილობრივი წარმოებისა და ექსპორტის ზრდაში გამოიხატება.
„ჩვენ ვხედავთ იმ შედეგებს, რაც ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარებით იქმნება — იზრდება ადგილობრივი წარმოება, იზრდება ექსპორტი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია კონკურენტუნარიანია არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზრებზეც“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
საქსტატის გავრცელებული მონაცემებით, 2026 წლის ივლისში ექსპორტის 30%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მაჩვენებელმა 792 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. ცინცაძის განმარტებით, რეკორდულია იანვარ-ივლისის ექსპორტის ჯამური მონაცემიც, რაც 4.7 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება.
უწყების ცნობით, ივლისში 12.4%-ით გაიზარდა სავაჭრო ბრუნვაც და 2 495.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება იანვარ-ივლისის სავაჭრო ბრუნვას, ის 7.5%-ით გაიზარდა და 15 517.6 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა.
ვახტანგ ცინცაძის თქმით, საგარეო ვაჭრობაში არსებული ტენდენციები სხვა ეკონომიკურ პარამეტრებზეც აისახება. მისი განცხადებით, წლის პირველ ექვს თვეში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა და სამინისტრო ელის, რომ ეს დინამიკა მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება
BM.GE
წყარო: bm.ge