წყალსაცავიანი ჰესების გარეშე ელექტროენერგიის დეფიციტს ვერ მოვხსნით - არაბიძე
ენერგეტიკოს გია არაბიძის განცხადებით, წყალსაცავიანი ჰესების მშენებლობის გარეშე საქართველო ელექტროენერგიის დეფიციტს ვერ დაძლევს, რადგან დეფიციტი, ზამთრის პარალელურად, კონდიციონერების გაზრდილი მოხმარების გამო უკვე ზაფხულშიც შეიქმნა.
არაბიძემ კომენტარი გააკეთა Galt & Taggart-ის იმ კვლევის საპასუხოდ, რომლის მიხედვითაც, მოქმედი CFD მხარდაჭერის მექანიზმის პირობებში ყველაზე ხელსაყრელი პირობებით კვლავ მზის სადგურები სარგებლობენ, მაშინ, როცა ქვეყანას ჰესები და ქარის სადგურები უფრო მეტად სჭირდება.
ენერგეტიკოსის თქმით, ეკოლოგიურად გამართული წყალსაცავიანი ჰესების აშენება აუცილებელია და სექტორის განვითარების პირველი რიგის ამოცანას უნდა წარმოადგენდეს.
"წყალსაცავიანი ჰესების გარეშე ჩვენ ვერც ზამთრის დეფიციტს მოვხსნით (და ახლა არა მხოლოდ ზამთრის, არამედ ზაფხულის დეფიციტიც შეგვექმნა უკვე კონდიციონერების გამო. მოხმარება ზამთრის თვეებში თითქმის იგივეა, რაც ზაფხულის თვეებში). ეკოლოგიურად გამართული წყალსაცავიანი ჰესების აშენება აუცილებელია. უნდა დავთვალოთ სარგებელი და ზიანი ამ სადგურების აშენების შემთხვევაში და თუ სარგებელი ზიანს აჭარბებს, ბუნებრივია, ასეთი სადგურები უნდა ავაშენოთ - ეს აუცილებელზე აუცილებელია. აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ ჩვენი ენერგეტიკის განვითარების პირველი რიგის ამოცანა წყალსაცავიანი ჰესების მშენებლობა უნდა იყოს.
პირველ რიგში, ჩვენს ეკონომიკაზე უნდა ვიფიქროთ. ეს ელექტრული ენერგია, რომელსაც გამოვიმუშავებთ, საქართველოში ეკონომიკის განვითარებას უნდა მოხმარდეს. ეკონომიკაში ელექტრული ენერგიის არქონის გამო პრობლემა არ უნდა გვქონდეს. ამიტომ გადაწყვეტილება სწორია, მაგრამ ხელშეწყობა სჭირდება არა მხოლოდ მზის სადგურებს, არამედ ჰიდროელექტროსადგურებსა და ქარის სადგურებსაც. ასე, რომ სამივე მიმართულება მისაღებია და გასაკეთებელი", - ამბობს არაბიძე.
გასულ წლებში ზაფხულის თვეების ჭარბ დენს ქვეყანა თურქეთში ყიდდა, თუმცა ბოლო ორი წელია, თურქეთში ქართულ დენზე მოთხოვნა და შესაბამისად, ფასი შემციდა, რამაც ექსპორტი და იქიდან მიღებული შემოსავლები გაანახევრა. ასე, მაგალითად, თუ 2025 წელს საქართველომ დენის ექსპორტიდან 23.5 მლნ დოლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო, წელს შემოსავლები 12.4 მლნ დოლარამდე შემცირდა. ამის მიზეზი თურქეთში გასაყიდი დენის ფასის 46%-იანი კლებაა. Galt & Taggart მთავრობას ურჩევს, შემდგომ აუქციონებზე ისეთ პროექტებს მიენიჭოს უპირატესობა, რომლებიც ქვეყნის ენერგოსისტემას ზამთარშიც წაადგება.
