
თუკი რაიმეში უსწრებს საქართველოს მოლდოვა და უკრაინა მხოლოდ უარყოფით მაჩვენებლებში - კობახიძე
თუკი რაიმეში უსწრებს საქართველოს მოლდოვა და უკრაინა, მხოლოდ უარყოფით მაჩვენებლებში, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაფართოების საკითხებში ევროკომისრის მარტა კოსის განცხადებას, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მოლდოვა და უკრაინა უსწრებენ.
„თუკი რაიმეში უსწრებს საქართველოს მოლდოვა და უკრაინა, მხოლოდ უარყოფით მაჩვენებლებში. ღმერთმა დაგვიფაროს, ამ ყველაფერში გადავასწროთ უკრაინას და მოლდოვას. ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა, ჩვენი გზა არის მშვიდობის გზა, ეკონომიკური განვითარების გზა და ამ გზას გავაგრძელებთ აუცილებლად“, - აცხადებს კობახიძე.
2026 წლის გაფართოების პაკეტის ფარგლებში, ევროკომისია წარმოადგენს საორიენტაციო საგზაო რუკებს პერსპექტიული კანდიდატებისთვის მონტენეგროსთვის, ალბანეთისთვის, მოლდოვისა და უკრაინისთვის. საქართველოს რაც შეეხება, კოსმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ის მხოლოდ ქაღალდზე რჩება კანდიდატ ქვეყნად.
კობახიძის თქმითვე, ევროკომისიას თუ ექნება ჯანსაღი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ამ შემთხვევაში საქართველოს ევროპული ინტეგრაცია შეუფერხებლად გაგრძელდება.
"გვაქვს ჩვენი გზა არჩეული, მთავარია, რომ ვიხილოთ სამართლიანი, სწორი, ჯანსაღი მიდგომა ეროკომისიის მხრიდან. ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. თქვენ იცით, რომ ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან გამომდინარე, ვალდებულებების 90% არის შესრულებული. ჩვენ პირნათლად ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს. იცით, რა მდგომარეობაა საქართველოში, რამდენად ვუსწრებთ ათასი ნაბიჯით როგორც უკრაინას, ისე მოლდოვას, სხვა კანდიდატ ქვეყნებს, დანარჩენი უკვე არის ჯანსაღი დამოკიდებულების ამბავი“, - განაცხადა კობახიძემ.
BM.GE
წყარო: bm.ge