
თურქეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი... - რომელი ქვეყნების მოქალაქეები ლიდერობენ საქართველოში უცხოელ პატიმართა შორის?
2026 წლის მარტში ყველაზე მეტი უცხოელი პატიმარი თურქეთის, რუსეთის, აზერბაიჯანისა და უკრაინის მოქალაქეებზე მოდის.
საქსტატის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებებში 67 ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე პირი იყო განთავსებული. მარტის ბოლოს მათი საერთო რაოდენობა 1 673-ს შეადგენდა, რაც ბრალდებულებისა და მსჯავრდადებულების საერთო რაოდენობის 14.3%-ია.
შედარებისთვის, 2025 წლის მარტში პენიტენციურ სისტემაში 55 ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე პირი ირიცხებოდა. მაშინ მათი საერთო რაოდენობა 1 082-ს შეადგენდა. შესაბამისად, ერთი წლის განმავლობაში უცხო ქვეყნის მოქალაქე პატიმრების რაოდენობა 54.6%-ით არის გაზრდილი.
უცხოელი პატიმრების განაწილების მიხედვით, ყველაზე დიდი წილი თურქეთის მოქალაქეებზე მოდის - 31.08% (520 პირი). შემდეგ მოდიან რუსეთის მოქალაქეები - 11.66% (195 პირი), აზერბაიჯანის მოქალაქეები - 10.10% (169 პირი) და უკრაინის მოქალაქეები - 9.32% (156 პირი).
დანარჩენი ქვეყნების წილი შედარებით დაბალია და ისინი გაერთიანებულია კატეგორიაში „სხვა“, სადაც თითოეულ ქვეყანაზე ერთი შემთხვევა ფიქსირდება. ამ ჯგუფში არიან, მათ შორის, ალბანეთის, ავსტრალიის, ავსტრიის, ბანგლადეშის, დომენიკელთა რესპუბლიკის, ეთიოპიის, ესტონეთის, ესპანეთის, იაპონიის, კამერუნის, კოლუმბიის, სამხრეთ კორეის, ლუქსემბურგის, მალაიზიის, პორტუგალიის, საბერძნეთის, სირიის, სომალის, ტუნისისა და შრი-ლანკის მოქალაქეები.
საქსტატის მონაცემების მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეები სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში არიან განთავსებული, მათ შორის ყველაზე მეტი კონცენტრაცია №8 და №17 დაწესებულებებში ფიქსირდება, სადაც რამდენიმე ქვეყნის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებიც არიან წარმოდგენილი.
BM.GE
წყარო: bm.ge