
უკრაინა უარს იტყვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე, თუ ბლოკი მისი მარცვლეულის ექსპორტს შეზღუდავს
უკრაინამ უარყო ევროკავშირში გაწევრიანება ისეთი პირობებით, რომელიც ბლოკში გარკვეული სასურსათო პროდუქციის გაყიდვის მუდმივ შეზღუდვას ითვალისწინებს.
ქვეყნის აგრარული პოლიტიკის მინისტრმა ტარას ვისოცკიმ გამოცემა POLITICO-სთან ეს პოზიცია ღიად დააფიქსირა. მინისტრის განმარტებით, მსგავსი მუდმივი ბარიერი სრულფასოვანი წევრობის ლოგიკას პირდაპირ ეწინააღმდეგება.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ევროკომისიამ გაფართოების წინარე პოლიტიკის მიმოხილვის ფარგლებში მხარი დაუჭირა იმ ინიციატივას, რომელიც უკრაინის რამდენიმე აგრარულ პროდუქციაზე ბაზარზე წვდომის მკვეთრ შეზღუდვას ითვალისწინებს.
ტარას ვისოცკის განცხადებით, ამ შეზღუდვებს კონკრეტული დასრულების ვადა უნდა ჰქონდეს, რადგან უკრაინა მიზნად ევროპულ ბაზარზე არა მხოლოდ ნედლეულის, არამედ გადამუშავებული პროდუქციის, ცხოველთა საკვებისა და ბიოსაწვავის რეალიზაციას ისახავს. შეზღუდვა კი სრულფასოვან პარტნირობას შეუძლებელს გახდის და კიევის ინტერესებს არ მოემსახურბა.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპელმა პარტნიორებმა უკრაინა მხოლოდ საფრთხედ არ უნდა აღიქვან. მისი თქმით, ქვეყანას სასუქების, სოიოსა და საკვები დანამატების მიწოდებით მესამე ქვეყნებზე ევროკავშირის დამოკიდებულების შემცირება შეუძლია. ამას გარდა, კიევი ევროპულ კომპანიებს შავი ზღვის საექსპორტო მარშრუტებზე უკეთეს წვდომასა და სურსათის გადასამუშავებელ საწარმოებში ინვესტირების შესაძლებლობას სთავაზობს. ვისოცკი აცხადებს, რომ ეს შეიძლება იყოს დათმობის ის მასშტაბი, რასაც უკრაინა დათანხმდება.
ცნობისთვის, უკრაინა მსოფლიო ბაზარზე მილიონობით ტონა მარცვლეულის ექსპორტს ახორციელებს, ევროკავშირში კი საკუთარ პროდუქციას მკაცრი კვოტების სისტემით ყიდის. სწორედ ეს სისტემა გახდა ევროპელი ფერმერების პროტესტის მიზეზი, რომელთა ინტერესების დასაცავადაც პოლონეთმა, საფრანგეთმა და იტალიამ უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვა მოითხოვეს.
BM.GE
წყარო: bm.ge