მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. უსაფრთხოება, ალტერნატივები... - რა კითხვები რჩება უპასუხოდ 21-ე სკოლის მშობლებისთვის?
უსაფრთხოება, ალტერნატივები... - რა კითხვები რჩება უპასუხოდ 21-ე სკოლის მშობლებისთვის?

უსაფრთხოება, ალტერნატივები... - რა კითხვები რჩება უპასუხოდ 21-ე სკოლის მშობლებისთვის?

BM.GE27 სექტემბერი, 2026, 00:43|bm.ge

თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელი თაკო დარახველიძე აცხადებს, რომ განათლების სამინისტროს მხრიდან გაჟღერებული ნარატივი, თითქოს მშობლებმა ალტერნატივებზე "მარტივად თქვეს უარი", სიმართლეს არ შეესაბამება. საჯარო სკოლის მშობლებს სკოლის დახურვასთან და მათი პროტესტის შემდეგ სკოლაში სასწავლო პროცესის აღდგენასთან დაკავშირებით, მათ შორის უსაფრთხოების კუთხით პასუხგაუცემელი კითხვები აქვთ, რომლის შესახებაც თაკო დარახველიძემ გადაცემა "ანალიტიკას" ეთერში ისაუბრა.

თაკო დარახველიძე იხსენებს, რომ შენობის ექსპერტიზა ჯერ კიდევ გასულ სასწავლო წელს დაიწყო და სპეციალისტმა ვიზუალური დათვალიერებითვე დაადგინა, რომ შენობას დემონტაჟი ესაჭიროებოდა.

"საკმაოდ ბევრი კითხვა გვაქვს. პირველ რიგში, როდესაც გასულ წელს ექსპერტიზა დაიწყო, ექსპერტმა შენობა მხოლოდ ვიზუალური შეთვალიერებით შეაფასა და გადაწყვიტა, რომ მას დემონტაჟი ემუქრებოდა - გამოდის, რომ ამის შემდეგ მთელი ორი სემესტრის განმავლობაში ბავშვები სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში სწავლობდნენ? მათივე ლოგიკით, შეიძლებოდა ლეტალური შედეგიც კი მიგვეღო? ეს კითხვა დღემდე პასუხგაუცემელია და ამაზე არავინ გვესაუბრება. თუკი საკითხი ასე მწვავედ იდგა და შენობას დემონტაჟი - ყველაზე უკიდურესი ზომა - უწევდა, რატომ მაშინვე, მყისიერად არ მოხდა მშობლებისა და პედაგოგების ინფორმირება?", - ამბობს თაკო დარახველიძე.

განათლების მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას, სადაც აღინიშნა, რომ სკოლას სხვადასხვა ალტერნატივა შესთავაზეს, დარახველიძე განმარტავს, თუ რატომ აღმოჩნდა ეს გზები მშობლებისთვის მიუღებელი:

არსად არ გაჟღერდა ის ფაქტი, რატომ ვამბობთ ამ ყველაფერზე უარს. ჩვენ გვაქვს საგნობრივი სწავლება: მასწავლებელი პირველ კლასშიც რომ შედის, ის შედის მე-12 კლასშიც და ასე ბავშვების გადანაწილება სხვადასხვა სკოლებში... აი, წარმოგიდგენიათ? მასწავლებელი, რომელიც პირველ გაკვეთილს ჩაატარებს, პირობითად, დაწყებით კლასში 51-ე სკოლაში [ვერაზე], შემდეგ ზარი დაირეკება და 10 წუთი აქვს, რომ მთაწმინდის რაიონში გადმოვიდეს სხვა სკოლაში და იქ მაღალ კლასებს ჩაუტაროს გაკვეთილი?!

ასევე შემოგვთავაზეს ონლაინ სწავლებაც. პანდემიის პერიოდში ვინც გაიარა ასეთი ტიპის სწავლება, იცის, რა სახის განათლებას აძლევს ბავშვებს. პირადად ჩემთვის იყო დამანგრეველი. მაშინ ძალიან დიდი რესურსი ჩავდეთ მშობლებმა იმისთვის, რომ რაღაც დონის განათლება მიეღოთ ბავშვებს, და არ იყო ეს სრულფასოვანი სწავლება... არიან მშობლები, რომლებსაც ჰყავთ ოთხი შვილი და ონლაინ სწავლების პერიოდში უნდა გამოყონ ცალ-ცალკე სივრცეები, ცალ-ცალკე გაჯეტები, რაც ყველასთვის არ არის ხელსაყრელი", - განმარტავს დარახველიძე.

მშობლებისთვის უმთავრეს პრობლემად კვლავ სამხარაულის ბიუროს დასკვნების სანდოობა და გადაწყვეტილებების უეცარი ცვლა რჩება. თაკო დარახველიძე სვამს კითხვას, თუ როგორ შეიძლება საშიში შენობა რამდენიმე დღეში უსაფრთხოდ გამოცხადდეს მაშინ, როდესაც ფუნდამენტური კვლევები საერთოდ არ ჩატარებულა.

"კითხვა ყველას გვებადება: თუ ასეთი საშიშია ეს შენობა ბავშვებისთვის, როგორც გვეუბნებოდით 17 სექტემბერს, როცა დაგვიქოლეს კარი და აღარ შეგვიშვეს ამ ტერიტორიაზე, მაშინ იმ დროინდელი დასკვნის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ახლა ასე მალე, ასე მოკლე დროში როგორ გახდა უსაფრთხო? ჩვენ არ გვაქვს არც ლაბორატორიული კვლევა, არც რაიმე გეოლოგიური დასკვნა, არც რაიმე სახის ისეთი საფუძვლიანი გარანტია, რომ ვენდოთ მათ მიერ მოწოდებულ დასკვნას", - ამბობს მშობელი.

თაკო დარახველიძის თქმით, მშობლების პროტესტი არ ნიშნავს იმას, რომ მათ შენობის განახლება ან უსაფრთხოება არ სურთ. პირიქით, მათი მოთხოვნა ევროპული სტანდარტების გარემოა, თუმცა წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება ოჯახებს აფიქრებინებს, რომ დემონტაჟის შემთხვევაში სკოლა წლობით აღარ აშენდება:

"არც ერთ მშობელს არ უნდა, რომ მისი შვილი იყოს საფრთხეში. და ყველას უნდა, რომ მისი შვილის სკოლა, სადაც ის ძალიან დიდ დროს ატარებს, იყოს მოწესრიგებული, გარემონტებული, აკმაყოფილებდეს ევროპულ სტანდარტებს და იყოს კარგ გარემოში. რა თქმა უნდა, ამას არ შეეწინააღმდეგები, როდესაც ეს არის შენი მთავარი მოთხოვნა. მაგრამ როდესაც არ გჯერა მიღებული პასუხების... და არ გჯერა იმიტომ, რომ ძალიან ბევრი სკოლა არის დღეს თბილისშიც და რეგიონებშიც, რომელიც დაინგრა და აღარ აშენდა, ან ძალიან ბევრი წლის განმავლობაში შენდებოდა. შეიძლება საერთოდ აღარც მოუწიოთ ჩვენს შვილებს იმ ახალ გარემონტებულ სივრცეში შესვლა და ისე დაამთავრონ სკოლა სხვა, შეხიზნულ სკოლაში.

ეს ეჭვები ჩვენში ნამდვილად არის და ამაზე ვსაუბრობთ სწორედ: გვინდა ისეთი დასკვნა და ისეთი პასუხები, რომლებიც ყველა ამ ეჭვს გააქარწყლებს. და მერე, რა თქმა უნდა, გვინდა ლამაზი გარემო და გვინდა, რომ კარგ გარემოში იყვნენ ჩვენი შვილები", - აცხადებს 21-ე სკოლის მოსწავლის მშობელი.

ცნობისთვის, BMG tv-ის ეთერში გადაცემა "ანალიტიკა" 25 სექტემბერს გავიდა და ის მთავრობა პროტესტის პირისპირ: რა (არ) იცვლება 21-ე სკოლისთვის? - თემას დაეთმო, სადაც საკითხთან დაკავშირებით სკოლის მოსწავლეების მშობლებმა და განათლების ექსპერმა ისაუბრეს. დღეს, 26 სექტემბერს კი განათლების სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც თბილისის №21 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 28 სექტემბრიდან განახლდება. განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში განმარტებულია, რომ გადაწყვეტილება უწყებათაშორის ფორმატში საკითხის განხილვის, ექსპერტებთან კონსულტაციებისა და სასკოლო საზოგადოების ჩართულობის საფუძველზე მიიღეს.

სამინისტროში აცხადებენ, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსგან მიღებული დამატებითი განმარტებების საფუძველზე დაზუსტდა ის ღონისძიებები, რომელთა განხორციელებაც სკოლის შენობაში ამ ეტაპზეა საჭირო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სკოლის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 109 სტატია.

  • „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მხარდაჭერით ლენტეხის სპორტულ სკოლებს სპორტული ინვენტარი გადაეცათიმედი
  • 21-ე სკოლის შენობაზე საბოლოო შეთანხმება ვერ შედგა: ჩატარდება სიღრმისეული ექსპერტიზაფორმულა
  • მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებული ტაქსის მძღოლი სკოლის მოსავლის მეზობელია - რა მოხდა კახეთში?ტვ პირველი
  • აღმოსავლეთ საქართველოში კადეტთა სამხედრო სკოლა გაიხსნარუსთავი 2
სკოლის →

მსგავსი სტატიები

ტრამპი ჰორმუზის 7 დღეში გახსნის შესახებ ირანის შეთავაზებაზე უარს ამბობს

ტრამპი ჰორმუზის 7 დღეში გახსნის შესახებ ირანის შეთავაზებაზე უარს ამბობს

BM.GE

2026 წელს აუქციონზე ყველაზე ძვირად გაყიდული ნამუშევრები — TOP-10

2026 წელს აუქციონზე ყველაზე ძვირად გაყიდული ნამუშევრები — TOP-10

BM.GE

"წელს გაყიდვების დაახლოებით 80%-იან ზრდას ველოდებით" - „ჰობი“ წარმადობას აორმაგებს

"წელს გაყიდვების დაახლოებით 80%-იან ზრდას ველოდებით" - „ჰობი“ წარმადობას აორმაგებს

BM.GE

თბილისის №21 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 28 სექტემბრიდან განახლდება - სამინისტროს განცხადება

თბილისის №21 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 28 სექტემბრიდან განახლდება - სამინისტროს განცხადება

BM.GE