
"უზბეკეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია" - როგორია კავშირები?
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ოფიციალური/სამუშაო ვიზიტით უზბეკეთშია. ის შეხვდა უზბეკეთის სოფლის მეურნეობის მინისტრს, ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრს, უზბეკეთის სურსათის უვნებლობის კომიტეტის თავმჯდომარეს. დავით სონღულაშვილის განცხადებით, უზბეკეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია და ორ ურთიერთობების გაღრმავება ხელს შეუწყობს როგორც სავაჭრო ბრუნვის ზრდას, ისე ბიზნეს სექტორებს შორის კავშირების გაფართოებას.
აღსანიშნავია, რომ 2026 წელს უზბეკეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი გახდა. გთავაზობთ მონაცემებს ორი ქვეყნის ეკონომიკური კავშირების შესახებ.
ვაჭრობა
ვაჭრობა მზარდია და 2025 წელს რეკორდული 311.5 მლნ დოლარი იყო, რაც რეკორდულ ექსპორტს უკავშირდებოდა, ავტომობილების გაზრდილი რეექსპორტის ფონზე.
2026 წლის 10 თვეში სავაჭრო ბრუნვა 4%-ით არის შემცირებული და 237.5 მლნ დოლარია. უზბეკეთი საქართველოს მეცხრე უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორია. 10 თვეში ექსპორტი 186.4 მლნ დოლარი იყო, რაც 6.5%-იანი ზრდაა. იმპორტმა კი 51.1 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 29%-იანი წლიური კლებაა.
საგულისხმოა, რომ უმსხვილესი სასაქონლო კატეგორიის, ავტომობილების ექსპორტი წელს 10%-იან კლებას აჩვენებს.
იანვარ-ოქტომბერში ექსპორტირებული საქონლის TOP 10:
• მსუბუქი ავტომობილები — 54.3 მლნ აშშ დოლარი • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული — 41.6 მლნ აშშ დოლარი • ნავთობი და ნავთობპროდუქტები — 22.2 მლნ აშშ დოლარი • წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით — 15.7 მლნ აშშ დოლარი • შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები — 12.1 მლნ აშშ დოლარი • მინერალური და მტკნარი წყლები — 8 მლნ აშშ დოლარი • ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი — 5.8 მლნ აშშ დოლარი • პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი და სხვა პურფუნთუშეული — 3.1 მლნ აშშ დოლარი • პროდუქტები, ცხოველების საკვებად გამოსაყენებელი — 2.2 მლნ აშშ დოლარი • შაქარი — 2.1 მლნ აშშ დოლარი
იმპორტირებული TOP 10:
• პარკოსანი ბოსტნეული გამხმარი — 6.8 მლნ აშშ დოლარი • დაგრეხილი მავთული და ანალოგიური ნაწარმი სპილენძისაგან, ელექტროიზოლაციის გარეშე — 6.6 მლნ აშშ დოლარი • პოლიმერები ეთილენისა, პირველადი ფორმებით — 3.8 მლნ აშშ დოლარი • მავთული სპილენძისა — 3.7 მლნ აშშ დოლარი • თხილი და სხვა კაკალი — 3.4 მლნ აშშ დოლარი • ყურძენი, ახალი ან გამხმარი — 2.5 მლნ აშშ დოლარი • მავთულები იზოლირებული, კაბელები — 1.8 მლნ აშშ დოლარი • წნელები და პროფილები ალუმინისა — 1.7 მლნ აშშ დოლარი • მსუბუქი ავტომობილები — 1.5 მლნ აშშ დოლარი • პოლიმერები პროპილენისა ან სხვა ოლეფინებისა, პირველადი ფორმებით — 1.4 მლნ აშშ დოლარი
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები
საქართველოში უზბეკეთიდან პირდაპირი ინვესტიციების ჩადება 2009 წლიდან იწყება და არც ისე მოცულობითია. ოფიციალური მონაცემებით 2025 წელს საქართველოში მხოლოდ 1.3 მლნ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია ჩაიდო, 2026 წლის პირველ ნახევარში კი მაჩვენებელი 669.1 ათასი აშშ დოლარია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 39.1%-ით მეტია.
ფულადი გზავნილები
უზბეკეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა არც ისე დიდია და მთლიან გზავნილებში 1%-ზე დაბალი წილი აქვს. გასულ წელს საქართველოში უზბეკეთიდან 12.7 მლნ დოლარის გზავნილი გადმოირიცხა, რაც 2024 წლის $11.9-მილიონიან მაჩვენებელს აღემატებოდა. 2026 წლის პირველ 10 თვეში კი 11.2 მლნ დოლარის გზავნილებია გადმორიცხული.
ტურიზმი
უზბეკეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადები მცირეა თუმცა მაჩვენებელი მზარდია. ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, რომ უზბეკეთი იყო ერთ-ერთი იმ მიმართულებებს შორის საიდანაც პანდემიის შემდეგ სწრაფი აღდგენა ფიქსირდებოდა. 2025 წელს საქართველოში ცენტრალური აზიის ამ ქვეყნიდან რეკორდული 72 913 ვიზიტი შესრულდა, რაც 13.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელი იყო. მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოში უზბეკეთიდან 61 014 ვიზიტი აღირიცხა.
უზბეკეთიდან საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები
BM.GE
წყარო: bm.ge