ვადასტურებთ, რომ ვალდებულებები შესრულდა|ევროკომისია - ყულევის ქარხნის სასანქციო სიიდან ამოღების რეკომენდაციაზე
"კომისიას შეუძლია, დაადასტუროს, რომ [ქართული მხარისთვის დაკისრებული] ვალდებულებები შესრულდა და შესაბამისად, სანქციების 22-ე პაკეტში გამოვდივართ ინიციატივით, [ყულევის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანას] სანქციები მოეხსნას"- აღნიშნულია ევროკომისიის პრესსამსახურის მიერ BMG-სთვის გამოგზავნილ წერილობით პასუხში, რომელიც კომისიის მიერ მომზადებული რიგით 22-ე სასანქციო პაკეტით მოცულ შესაბამის ინიციატივას შეეხება.
ცნობისთვის: ევროკავშირმა ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა სანქციების სიაში ივლისში შეიყვანა და ნედლი ნავთობის მომწოდებლების შესაცვლელად ექვსი თვე მისცა.
"ივლისის ბოლოს მიღებული 21-ე პაკეტის ფარგლებში ევროკავშირმა ყულევის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანას სანქციები დაუწესა. ეს ზომა ითვალისწინებდა ექვსთვიან საშეღავათო პერიოდს ტრანზაქციების აკრძალვის ძალაში შესვლამდე, რათა ქარხნის მფლობელებს რუსული ნავთობისგან დივერსიფიცირების საშუალება ჰქონოდათ. კომისიას შეუძლია, დაადასტუროს, რომ ეს ვალდებულებები შესრულდა და შესაბამისად, 22-ე პაკეტში გამოვდივართ ინიციატივით, სანქციები მოიხსნას. ეს აჩვენებს, რომ ჩვენს სანქციებს შეუძლია, წარმატებით შეცვალოს ქცევა. ჩვენ ვითარების მონიტორინგს გავაგრძელებთ" - ნათქვამია ევროკომისიის პრესსამსახურის წერილობით პასუხში.
სიიდან ქარხნის ამოღებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების თანხმობა სჭირდება. თუ ისინი წინადადებას 2027 წლის 25 იანვრამდე დაამტკიცებენ, მაშინ ევროკავშირში რეგისტრირებულ კომპანიებს და პირებს აღარ შეეზღუდებათ BSP-თან გარიგებების დადების უფლება.
ქარხნის მფლობელი და ოპერატორი Black Sea Petroleum-ის განცხადებით, საწარმო 23 აგვისტოდან მხოლოდ არარუსული წარმოშობის ნედლ ნავთობს ამუშავებს და ამ პოლიტიკას მომავალშიც შეინარჩუნებს.
რამდენიმე დღის წინ კომპანიამ ლიბიური წარმოშობის ნედლი ნავთობის რიგით მეოთხე პარტია მიიღო 87,500 ტონის მოცულობით. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ ბოლო მიწოდების ჩათვლით, ბოლო სამი თვის განმავლობაში მიღებული ლიბიური ნედლი ნავთობის მთლიანმა მოცულობამ დაახლოებით 352 000 ტონას მიაღწია მას შემდეგ, რაც 23 აგვისტოს ქარხანა სრულად გადავიდა არარუსული წარმოშობის ნედლეულზე.
მიწოდება საერთაშორისო სავაჭრო კომპანიასთან გაფორმებული გრძელვადიანი ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება. შესაბამისად, BSP-ს განცხადებით, ოქტომბრის ბოლოდან ყულევის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაში წარმოებული ნავთობპროდუქტები სრულად აკმაყოფილებს ევროკავშირის იმპორტთან დაკავშირებულ მოთხოვნებს.
