მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ვადებში ბაღებისა და სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის მთავრობა შესაბამისი ნებართვების გაცემის წესს დროებით ამარტივებს
ვადებში ბაღებისა და სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის მთავრობა შესაბამისი ნებართვების გაცემის წესს დროებით ამარტივებს

ვადებში ბაღებისა და სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის მთავრობა შესაბამისი ნებართვების გაცემის წესს დროებით ამარტივებს

BM.GE26 მაისი, 2026, 22:48|bm.ge

ბაგა ბაღებისა და სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის დათქმულ ვადებში წარმოებისთვის მთავრობა მუნიციპალიტეტების მიერ შესაბამისი ნებართვების გაცემის წესს დროებით ამარტივებს.

მთავრობის ინიციატივით ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ შემუშავებული ცვლილებები, რომელიც „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ უნდა შევიდეს უკვე პარლამენტშია.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მშენებლობის ნებართვის მოპოვების პროცესში გარკვეული საკითხებია, რაც პროექტების განხორციელებას არსებული რეგულაციების პირობებში შეუძლებელს ხდის. ამ პრობლემის გამო კი დღეისთვის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ 389 სკოლის მშენებლობისთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთების 72% და შესაბამისი მუნიციპალიტეტების მიერ განსაზღვრული 105 ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთების 46% შემთხვევაში, მშენებლობის ნებართვის აღება ვერ ხერხდება, რაც, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია.

„წარმოდგენილი ცვლილება კი, სანებართვო პროცედურების წარმატებით გავლის შესაძლებლობას გააჩენს, უზრუნველყოფს მშენებლობების დაწყებას და ასევე, საშუალოვადიან პერიოდში დაგეგმილი პროექტების წარმატებით განხორციელებას“, - აღნიშნავენ კონონპროექტის ავტორები.

ცვლილებების კოდექსს დაემატება 141¹¹-ე მუხლი, რომელიც საჯარო დაწესებულებების მიერ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების - სკოლების მშენებლობის/რეკონსტრუქციის ხელშემწყობ დროებით ღონისძიებებს განსაზღვრავს. ცვლილებები მიღებისთანავე ამოქმედდება და ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენებაზე სკოლებისა და ბარების რეაბილიტაციის შემსრულებელ საჯარო უწყებებს მოთხოვნის დაყენება 2035 წლის 31 დეკემბრამდე შეეძლებათ.

კერძოდ, შესაბამისი მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, საჯარო დაწესებულებების მიერ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების - სკოლების მშენებლობის/რეკონსტრუქციის ხელშემწყობი ღონისძიებების სახით შესაძლებელია განხორციელდეს მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტის ან/და განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლების გადამეტება ან/და გამწვანების კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლის შემცირება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებით (შენობა-ნაგებობის მაქსიმალური სიმაღლე, ფუნქციური ზონა და მისი რეგლამენტი, განაშენიანების რეგულირების წესებით გათვალისწინებული მოთხოვნები, სატრანსპორტო და გამწვანების რეგულაციები, მიჯნის ზონისა და შენობა-ნაგებობის განთავსების წესი და სხვა მოთხოვნები) გათვალისწინებულისგან განსხვავებული პირობებით დამტკიცდეს სამშენებლო დოკუმენტაცია ან მასში ცვლილებები იქნეს შეტანილი. აღნიშნული შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ შესაბამისი საჯარო დაწესებულების მოთხოვნის საფუძველზე და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ დაუპირისპირდება საზოგადოებრივ ინტერესებს და არ გამოიწვევს ჯანსაღი და ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის უსაფრთხო გარემოს, მათ შორის კანონმდებლობით დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების გაუარესებას.

გარდა ამისა, ხსენებული ღონისძიებების გამოყენებისას განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი ან/და განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი შეიძლება გადამეტებულ იქნეს განაშენიანების დეტალური გეგმის გარეშე, ძირითადი დებულებებით დამტკიცებულისგან განსხვავებული წესით“, - წერია განმარტებით ბარათში.

ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენებაზე გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო იღებს, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა.

განმარტებით ბარათში წერია, რომ კოდექსში დროებითი ხელშემწყობის ღონისძიებების განსაზღვრით შემოღება ხელს შეუწყობს, რომ სკოლებისა და ბაღების მშენებლობა, რომელსაც საჯარო დაწესებულებები ახორციელებენ, იყოს მეტად მოქნილი, მიწის ნაკვეთის არსებულ რესურსზე მორგებული.

„კანონპროექტის მიღების შედეგად, შესაძლებელი გახდება ისეთი სამშენებლო ნებართვების გაცემა, რაც შესაძლებელს გახდის ავარიული/ექსპლუატაციისთვის შეუსაბამო სკოლებისა და ბაღების ჩანაცვლებას ახალი თანამედროვე ტიპის შენობებით და უზრუნველყოფს ბავშვებისთვის ჯანსაღ და უსაფრთხო სასწავლო პროცესს“, - წერია განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის დაჩქარებული წესით უნდა განიხილონ, რადგან მისი ავტორების განმარტებით, საჭიროა საჯარო დაწესებულებებს სკოლებისა და ბაღებისთვის გამოყოფილ ტერიტორიებზე არქიტექტურული პროექტების არსებული რესურსით დამუშავების შესაძლებლობა მაქსიმალურად მოკლე დროში მიეცეთ. ხოლო, მუნიციპალიტეტებს მიეცეთ შესაძლებლობა, შესაბამის მიწის ნაკვეთებზე გასცენ მშენებლობის ნებართვები, არ შეაფერხონ საჯარო პროექტების განხორციელება და სახელმწიფო/მუნიციპალური მიზნობრივი პროგრამებით დასახული ამოცანების განხორციელება.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ცვლილებები გავლენას მოახდენს ბიუჯეტის ხაჯვით ნაწილზე, რადგან დღეს დაგეგმილი სკოლებისა და ბაღების მშენებლობების შეფერხებით, ვერ ხორციელდება ამ მიმართულებით გამოყოფილი ბიუჯეტის ხარჯვა, ცვლილების შედეგად კი ეს შესაძლებელი გახდება.

„ცვლილება გავლენას მოახდენს იმ საჯარო დაწესებულებების ხარჯვით ნაწილზე, რომლებიც ახორციელებენ სკოლებისა და ბაღების მშენებლობა/რეკონსტრუქციას, მათ მიერ მოხდება მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლების გადახდა, ასევე, შესაბამისი პროგრამებით/ქვეპროგრამებით გათვალისწინებული მშენებლობების დაფინანსება“, - წერია განმარტებით ბარათში.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ხელოვნური ინტელექტი უნდა განიარაღდეს" - რომის პაპი ლეო XIV

"ხელოვნური ინტელექტი უნდა განიარაღდეს" - რომის პაპი ლეო XIV

BM.GE

„პარვუს ბასრას“ ოზურგეთის სოფელ შემოქმედში ჰესის ასაშენებლად, მიწა 49 წლით სარგებლობაში გადაეცა

„პარვუს ბასრას“ ოზურგეთის სოფელ შემოქმედში ჰესის ასაშენებლად, მიწა 49 წლით სარგებლობაში გადაეცა

BM.GE

რომელი ქუჩებია კვლავ ჩაკეტილი 26 მაისის ღონისძიებების გამო და რა ალტერნატიული მარშრუტები მოქმედებს

რომელი ქუჩებია კვლავ ჩაკეტილი 26 მაისის ღონისძიებების გამო და რა ალტერნატიული მარშრუტები მოქმედებს

BM.GE

დამოუკიდებლობის 35 წელი - რომელ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს ასწრებს საქართველო ერთ მოსახლეზე მშპ-ით

დამოუკიდებლობის 35 წელი - რომელ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს ასწრებს საქართველო ერთ მოსახლეზე მშპ-ით

BM.GE