
ვან გოგი, სეზანი და პისარო - $450 მილიონიანი კოლექცია Sotheby's აუქციონზე გაიყიდება
Sotheby's-ის შემოდგომის სეზონის მომდევნო აუქციონზე, ნიუ-იორკში, იმპრესიონისტი და მოდერნისტი მხატვრების 12 ნამუშევარი გაიყიდება. კოლექცია, რომელიც არგენტინელ კოლექციონერ, ნელი არიეტა დე ბლაკიეს ეკუთვნოდა ჯამში $450 მილიონადაა შეფასებული.
ვინსენტ ვან გოგი, Châtaigniers en fleurs (1890)
კოლექციის ყველაზე ძვირად ღირებული ლოტი, შტამბეჭდავ $180 მილიონად შეფასებული ტილო, ვან გოგს ეკუთვნის. Châtaigniers en fleurs (აყვავებული წაბლები) ვან გოგმა გარდაცვალებამდე სულ რაღაც ორი თვით ადრე დახატა. ბლაკიების ოჯახმა ნამუშევარი 1975 წელს შეიძინა, რის შემდეგაც ის საჯაროდ არ გამოფენილა.
პოლ სეზანი, Arlequin (1888–90)
კოლექციის კიდევ ერთი აღსანიშნავი ლოტია პოლ სეზანის Arlequin (არლეკინი). $120 მილიონად შეფასებული ტილო სეზანის არლეკინების სერიას ეკუთვნის და ჯამში ოთხი ტილოდან ბოლოა, რომელიც ჯერ კიდევ კერძო საკუთრებაში რჩება.
პიერ ოგიუსტ რენუარი, En Canot (Jeune fille à la barque), 1877
რენუარის En Canot (Jeune fille à la barque), 1877 წელს შესრულებული ტილო აუქციონზე პირველად გადის, მისი სავარაუდო ღირებულება $25-დან $35 მილიონამდეა. ნახატზე გამოსახული ახალგაზრდა ქალი ბევრისთვის ნაცნობი შეიძლება იყოს, მარგო ლეგრანი, რენუარის საყვარელი მუზაა, მას არაერთ ნამუშევარში ვხედავთ, მათ შორის, მხატვრის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ტილოზე — Bal du moulin de la Galette. Sotheby's-ის სააუქციონო სახლში აღნიშნავენ, რომ ტილო აუქციონზე ბოლო 20 წლის განმავლობაში გატანილი რენუარის ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარია.
ნახატების ნაწილი დიდი ხნის განმავლობაში კერძო კოლექციებში ინახებოდა და საჯაროდ არ გამოფენილა. Sotheby’s-ის იმპრესიონიზმისა და თანამედროვე ხელოვნების მიმართულების ყოფილმა ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ბლაკიე-არიეტას კოლექცია ათწლეულების განმავლობაში ლეგენდის სტატუსს ატარებდა.
„ათწლეულების განმავლობაში ბლაკიე-არიეტას კოლექცია ლეგენდა იყო: მის შესახებ ჩუმად საუბრობდნენ, ის საზოგადოებისგან დამალული იყო და ხელოვნების სამყაროში თითქმის მითიური სტატუსი შეიძინა“, — განაცხადა მან.
Sotheby’s-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, ეს არის „ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი კოლექცია, რომელიც ოდესმე აუქციონზე გასულა“.
მოლოდინები საკმაოდ მაღალია, შეგახსენებთ, გასულ წელს, 18 ნოემბერს, გუსტავ კლიმტის „ელიზაბეთ ლედერერის პორტრეტი" $236.4 მილიონად გაიყიდა, ნახატმა არაერთი რეკორდი დაამყარა, მათ შორის, ისტორიაში აუქციონზე გაყიდული მეორე ყველაზე ძვირად ღირებული ტილო გახდა. Sotheby's-ის სახლს უდავოდ ამ ჯერზეც არანაკლებ შთამბეჭდავი აუქციონის მოწყობა სურს.
BM.GE
წყარო: bm.ge