
"ვენახის ფართობის განახევრებას ვფიქრობ" - მევენახე ყურძნის 30-თეთრიან ფასზე
მევენახე აკაკი კეკენაძე ამბობს, რომ ყურძნის არსებული ფასის პირობებში საკუთარ 3-ჰექტრიან ვენახზე ფართობის განახევრებას განიხილავს. ამის შესახებ მან BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი განმარტებით, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ყურძნის ჩაბარების მიმდინარე ფასებია.
„დაახლოებით 3 ჰექტარი ვენახი მაქვს და უკვე ვფიქრობ, რომ ფართობი გავანახევრო. თუ მევენახეს წარმოების გაგრძელება უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე პროდუქციის ჩაბარებიდან მიღებული შემოსავალია, ბუნებრივია, ის ფიქრობს, აქვს თუ არა აზრი ამ საქმის გაგრძელებას. თუ ეს მიდგომა გაგრძელდა, შეიძლება ბევრი ვენახის ამოძირკვამდე მივიდეთ“, - აცხადებს აკაკი კეკენაძე.
მევენახის თქმით, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ მას უთხრა, რომ „დაბალკონდიციურ ყურძენში 30 თეთრიც კი ბევრია“. მევენახე ამ შეფასებას არ ეთანხმება. მისი თქმით, მეხუზლასთან საუბრისას კონკრეტული გათვლები წარადგინა.
„მე მეხუზლას კონკრეტული ციფრებით ავუხსენი, რომ ერთი კილოგრამი საფერავის წარმოება, დაკრეფა და ქარხნამდე მიტანა მევენახეს მინიმუმ 70 თეთრი უჯდება. ამას ემატება საბანკო პროცენტი, რადგან მევენახეების დაახლოებით 90%-ს საბანკო ვალდებულებები აქვს. საბოლოოდ კი ერთი კილოგრამის თვითღირებულება დაახლოებით 1 ლარამდე ადის. ამ ყველაფრის ფონზე მითხრა, რომ მისი პირადი აზრით, დაბალკონდიციურ ყურძენში 30 თეთრიც კი ბევრია“, - ამბობს აკაკი კეკენაძე.
მევენახის ინფორმაციით, ყურძნის ხარისხის მიხედვით დიფერენცირებული ფასის მიუხედავად, პრაქტიკაში მევენახეებს ძირითადად 30 ან 90 თეთრს სთავაზობენ, მაშინ როდესაც 1.50-ლარიანი ფასი მისთვის უფრო გამონაკლისია.
„30 თეთრს ხშირად გვთავაზობენ, უკეთეს შემთხვევაში - 90 თეთრს. ლარ-ნახევარი უკვე სანატრელი გახდა. ამასთან, 90 თეთრიც არ არის მოგების ფასი. ეს დაახლოებით ის თანხაა, რომლითაც მევენახე თავის დანახარჯს ფარავს. ვენახის მოვლა, მოსავლის აღება, მუშახელი, ტრანსპორტირება - ყველაფერი გაძვირებულია და ამ ხარჯების ფონზე 30 თეთრი საერთოდ ვერ პასუხობს რეალობას“, - ამბობს მევენახე და დასძენს, რომ პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნაზე ყურძენი მინიმუმ 90 თეთრად ჩააბარონ, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელისგან კონკრეტული დაპირება ან გადაწყვეტილება არ მიუღია.
კეკენაძე ასევე ამბობს, რომ არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია კახეთის მუნიციპალიტეტებს აქვთ, თუმცა მათ ყურძნის ფასის განსაზღვრის შესაძლებლობა არ გააჩნიათ.
„მუნიციპალიტეტმა იცის, რაც ხდება, აქციაზეც იყვნენ მათი წარმომადგენლები. თუმცა კონკრეტულად რა ნაბიჯებს გადადგამენ, არ ვიცი. მუნიციპალიტეტს ფასის დაწესება არ შეუძლია და ვერც იმ გადაწყვეტილებებს იღებს, რომლებიც ახლა მევენახეებს აწუხებთ. შეუძლიათ მხოლოდ საკითხის დაყენება და შესაბამის უწყებებთან კომუნიკაცია“, - აცხადებს კეკენაძე.
მევენახე, რომელსაც კომერციულ ბანკში სესხების მიმართულებით მუშაობის გამოცდილებაც აქვს, ამბობს, რომ მევენახეების ფინანსური მდგომარეობა მისთვის კარგად არის ცნობილი და ფასის განსაზღვრისას საბანკო ვალდებულებების გათვალისწინებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს.
„მე თვითონ ვარ მევენახე და ზუსტად ვიცი, რა ხარჯებთან გვაქვს საქმე. თან საბანკო სფეროშიც ვმუშაობდი და ვიცი, რომ მევენახეების დაახლოებით 90%-ს საბანკო ვალდებულება აქვს. ამიტომ, როცა ყურძნის ფასს ადგენ, რეალური დანახარჯებიც უნდა გაითვალისწინო. სხვაგვარად ეს ადამიანები ვერც ხარჯს დაფარავენ და ვერც ვენახის შენარჩუნებას შეძლებენ“, - ამბობს აკაკი კეკენაძე.
BM.GE
წყარო: bm.ge