
ვის ეკუთვნის კომპანიები, რომლებმაც ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცი შეიტანეს?
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, დიდი ოდენობით თაღლითობისა და ხორცის ფალსიფიკაციის ბრალდებით, ორი კომპანიის მფლობელი და დირექტორი დააკავა.
სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, შპს „ქართული ხორც-პროდუქტების ფერმას“ 100%-იანი წილის მფლობელი მამუკა მენთეშაშვილია, რომელიც ამავდროულად კომპანიის დირექტორის პოზიციას იკავებს. რაც შეეხება მეორე კომპანიას, შპს „ბი.ჯი.ემ.1“-ს, მისი მფლობელი და დირექტორი არჩილ დალაქიშვილია.
სუს-ის ცნობით, აღნიშნულ კომპანიებს მოგებული ჰქონდათ მარნეულისა და ქარელის მუნიციპალიტეტების ბაგა-ბაღების გაერთიანებების მიერ გამოცხადებული ტენდერები, რომელთა ფარგლებშიც საბავშვო ბაღებისთვის საქონლის ხორცის მიწოდება ევალებოდათ.
გამოძიების ინფორმაციით, 2026 წლის მაისში, აღნიშნული ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა საქონლის ხორცის ნაცვლად ბაღებში მოტყუებით შეიტანეს ცხენის ხორცი, რის შედეგადაც თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით) და 197-ე მუხლის პირველი ნაწილით (ფალსიფიკაცია) მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლები სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავება მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელდა.
BM.GE
წყარო: bm.ge