
ყაზახეთის პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძე „მეგობრობის“ პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა
ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის“ საპატიო ორდენით დააჯილდოვა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჯილდო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის გადაეცა.
დაჯილდოების ცერემონიაზე ყაზახეთის პრეზიდენტმა საქართველოსთან სხვადასხვა სფეროში არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა.
„თქვენი ძლიერი ლიდერობის პირობებში საქართველო წარმატებით ახორციელებს მასშტაბურ სოციალურ და ეკონომიკურ რეფორმებს; აუმჯობესებს ყველა მოქალაქის კეთილდღეობას, ამავდროულად განამტკიცებს საერთაშორისო პოზიციებს და აძლიერებს მის, როგორც მნიშვნელოვანი რეგიონული პარტნიორის, როლს. მართლაც შთამბეჭდავია თქვენი ქვეყნის განვითარების ამ გამორჩეული გზის ხილვა. დარწმუნებული ვარ, საქართველო მდგრადი განვითარების გზაზე მომავალშიც წარმატებით განაგრძობს წინსვლას.
ყაზახეთი საქართველოს ძლიერ და წარმატებულ სახელმწიფოდ აფასებს. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს ღრმა ისტორიული კავშირები, საერთო კულტურული ფასეულობები, მეგობრობისა და ურთიერთგაგების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები. ყაზახი ხალხი დიდ პატივს სცემს ქართველ ხალხს. ჩვენ გულწრფელად ვაფასებთ თქვენს მდიდარ ისტორიასა და უნიკალურ კულტურას. ქართული დიასპორა ყაზახეთის საზოგადოების განუყოფელი ნაწილია და ჩვენი ქვეყნების დამაკავშირებელ ცოცხალ ხიდს წარმოადგენს. ბოლო წლებში ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა. ინტენსიური გახდა პოლიტიკური დიალოგი, სტაბილურად იზრდება ორმხრივი ვაჭრობა, ხოლო ეკონომიკური თანამშრომლობა ფართოვდება. ყაზახეთი და საქართველო საერთაშორისო ასპარეზზეც ეფექტიანად თანამშრომლობენ და მნიშვნელოვან საერთაშორისო საკითხებზე ერთმანეთს თანმიმდევრულად უჭერენ მხარს.
დღეს ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. მივაღწიეთ მნიშვნელოვან შეთანხმებებს, რომლებიც ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას ისახავს მიზნად. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო, კულტურული და ჰუმანიტარული თანამშრომლობის განვითარებაზე. ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ენერგეტიკის, ტრანსპორტის, მრეწველობის, ინჟინერიისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში ერთობლივი პროექტების განხორციელებას. ყოველივე ეს ქმნის მყარ საფუძველს იმისთვის, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე ავიყვანოთ. დღეს ხელი მოვაწერეთ ერთობლივ განცხადებას, რომლის საფუძველზეც ჩვენი ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე ავიდა. ეს მართლაც ისტორიული მომენტია და დიდწილად სწორედ თქვენი აქტიური ლიდერობისა და პირადი ძალისხმევის დამსახურებაა, რომ ჩვენმა ქვეყნებმა ამ მნიშვნელოვან ეტაპს მიაღწიეს.
ბატონო კობახიძე, გამორჩეული ლიდერობისა და ყაზახეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის აღსანიშნავად, გადავწყვიტე გადმოგცეთ „მეგობრობის” პირველი ხარისხის ორდენი.
ეს ჯილდო ჩვენი ქვეყნების მჭიდრო კავშირებისა და მზარდი პარტნიორობის სიმბოლოა. დაე, ეს მაღალი სახელმწიფო ჯილდო იყოს ყაზახეთის ხალხის ღრმა პატივისცემის გამოხატულება ქართველი ხალხისადმი და თქვენდამი ჩემი პირადი დაფასების ნიშანი, ბატონო პრემიერ-მინისტრო”, - აღნიშნა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა.
ირაკლი კობახიძემ ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოსთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ საქართველოსა და ყაზახეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმება ორმხრივ ურთიერთობებს თვისებრივად ახალ დონეზე აიყვანს.
„ბატონო პრეზიდენტო, გულწრფელ მადლობას გიხდით ყაზახეთის რესპუბლიკის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოს გადმოცემისთვის. ეს ორდენი აღნიშნავს განსაკუთრებულ მეგობრობას, რომელიც არსებობს ჩვენს ორ ქვეყანასა და ხალხს შორის. ჩვენ ვამაყობთ ამ ძლიერი მეგობრობითა და პარტნიორობით. ვაფასებთ ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს და მტკიცედ ვართ განწყობილი, ყველაფერი გავაკეთოთ ამ მეგობრობის კიდევ უფრო განსამტკიცებლად. ჩვენ გვაკავშირებს ძალიან კარგი პოლიტიკური ურთიერთობები. მადლობას გიხდით განსაკუთრებული პირადი წვლილისთვის საქართველოსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობების განვითარებაში.
საქართველოს მთავრობა მომავალშიც ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ კიდევ უფრო გააძლიეროს და განავითაროს ჩვენი თანამშრომლობა ყველა მიმართულებით. დღევანდელი დღე უკვე ისტორიულია ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის. ხელი მოვაწერეთ საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას თვისებრივად ახალ დონეზე აიყვანს. ბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა მეგობრობისთვის, მხარდაჭერისთვის და თქვენი ქვეყნის მტკიცე სურვილისთვის, კიდევ უფრო გაღრმავდეს საქართველოსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობები”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შემცირებული სავაჭრო ბრუნვა და FDI - როგორია საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური კავშირები?
BM.GE
წყარო: bm.ge