
ყოველი ძლიერი წვიმა პოლიტიკური სპეკულაციების მიზეზია - კახა კალაძე
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში მოსულმა უხვმა ნალექმა რამდენიმე უბანში პრობლემები შექმნა, თუმცა შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და გაწმენდითი სამუშაოები ახლაც გრძელდება.
მთავრობის სხდომის დაწყებამდე კალაძემ აღნიშნა, რომ უჩვეულოდ დიდი რაოდენობის ნალექი მოკლე დროში მოვიდა, რაც მსგავს პრობლემებს ევროპის განვითარებულ ქალაქებშიც ქმნის.
„როდესაც ძალიან მოკლე დროში მოდის უჩვეულოდ დიდი რაოდენობის ნალექი მსგავს შემთხვევებზე ბევრჯერ გვისაუბრია ეს მხოლოდ თბილისში არ ხდება. ამას ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქშიც, ჩვენზე უფრო ძლიერ სახელმწიფოებშიც, ეკონომიკურად უფრო ძლიერ დედაქალაქებშიც, სადაც არსებობს თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ყველაფერი მოწესრიგებულია. თუმცა, დროის გარკვეულ მონაკვეთში მოსული უხვი ნალექი, რა თქმა უნდა, პრობლემას წარმოადგენს შესაბამისი ინფრასტრუქტურისთვის,“ - განაცხადა კალაძემ.
მან დასძინა, რომ ეს ქალაქში არსებული პრობლემების უგულებელყოფას არ ნიშნავს და მერია ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ეტაპობრივად განაგრძობს.
„ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა არ არსებობს თბილისში ან მის მოგვარებაზე არ უნდა ვიმუშაოთ. პირიქით, სწორედ ამიტომ, 2017 წლიდან მოყოლებული, სადაც ვიწყებთ სამუშაოებს საგზაო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, პირველი, რასაც ვაკეთებთ, ეს არის მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება და სანიაღვრე სისტემების მოწყობა.
ჩვენ ხომ გვახსოვს, წინა წლების განვლობაში გზებს მხოლოდ ზედაპირულად აგებდნენ. სამწუხაროდ, ათწლეულების განმავლობაში ამ მიმართულებით პრაქტიკულად არაფერი კეთდებოდა. დღეს კი პრობლემების მოგვარება ჩვენ გვიწევს, რომლებიც წლების განმავლობაში დაგროვდა. თუმცა საგანგაშო არაფერია, ეტაპობრივად ყველაფერი მოწესრიგდება.“
კალაძე ოპოზიციურ კრიტიკასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მერიის ამოცანა პრობლემების მოგვარებაა და არა კამათი.