
Yum Brands-მა ქსელი Pizza Hut-ი $2.7 მილიარდად გაყიდა
კვების ინდუსტრიის ამერიკულმა გიგანტმა, Yum Brands-მა სწრაფი კვების ქსელი Pizza Hut-ი $2.7 მილიარდად გაყიდა. როგორც ირკვევა, ეს გადაწყვეტილება კომპანიამ ბოლო წლებში დაფიქსირებული სირთულეებისა და ფინანსური მაჩვენებლების გაუარესების გამო მიიღო.
ახალი შეთანხმების ფარგლებში ბრენდის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ნაწილს, მის ჩინურ დანაყოფს კომპანია Yum China $1.2 მილიარდად შეისყიდის. დანარჩენ ბაზრებზე მოქმედ ფილიალებს კი $1.5 მილიარდის სანაცვლოდ კერძო საინვესტიციო კომპანია LongRange Capital-ი დაეუფლება.
აღსანიშნი ფაქტია, რომ Yum Brands-ის მენეჯმენტი Pizza Hut-ის გასხვისებას ნოემბრიდან ცდილობდა. დირექტორთა საბჭოს განმარტებით, ბრენდის გაყიდვა მიზნად აქციონერთა უკმაყოფილების შემცირებას და მათთვის სარგებლის მოტანას ისახავს. როგორც ცნობილია, ბოლო წლებში ამერიკულ ბაზარზე Pizza Hut-მა მომხმარებელთა დიდი ნაწილი დაკარგა. ბრენდი მეტოქე Domino's Pizza-ს საგრძნობლად ჩამორჩა. ამასთან, მათი გაყიდვების მაჩვენებელზე უარყოფითი გავლენა მიტანის სერვისზე მომუშავე კომპანია DoorDash-ის პოპუალრობის ზრდამაც იქონია. ამ ყველაფერმა კი ინვესტორებში გააჩინა მოთხოვნა, რომ კომპანია გაყიდულიყო. სწორედ მათი ინტერესი გაითვალისწინა Yum brands-ის ხელმძღვანელობამ.
რაც შეეხება დადებული გარიგებებისდან მოსალოდნელ ფინანსურ სარგელებს, გადასახადებისა და საკომისიოების გამოკლების შემდეგ Yum Brands-ი ტრანზაქციებიდან $2.3 მილიარდის მიღებას გეგმავს. თავად გარიგება მარეგულირებელი ორგანოების თანხმობის შემთხვევაში მესამე კვარტალში დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ მიღებული გადაწყვეტილების დაანონსების შემდე Yum Brands-ის აქციების ფასი 1.94%-ით გაიზარდა. ამჟამად ერთი აქცია $157.67-ად იყიდება, კაპიტალიზაცია კი $43.45 მილიარდს შეადგენს.
ცნობისთვის, ბრენდი Pizza Hut-ი ძმებმა დენ და ფრენკ კარნებმა 1958 წელს დააარსეს. მოგვიანებით, 1969 წელს კომპანია საფონდო ბირჟაზეც კი განთავსდა. 2025 წლის მონაცემებით, ქსელი 108 ქვეყანაში თითქმის 20,000 ფილიალს აერთიანებდა. ამასთან, გასულ წელს ბრენდის წლიურმა გაყიდვებმა $12.8 მილიარდი შეადგინა, თუმცა მან კონკურენტებთან შედარებით ფინანსური მოგებიანობის შენარჩუნება ვეღარ შეძლო.
BM.GE
წყარო: bm.ge