
ყურძნის ჭარბმოსავლიანობა - გამოწვევა თუ შესაძლებლობა დარგისთვის?
ყურძნის ჭარბმოსავლიანობა შესაძლებლობა თუ პრობლემა ქართული მეღვინეობისთვის - ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური რთვლის პერიოდში ხდება, როცა სახელმწიფოს ათასობით ტონა ყურძნის ჩაბარება, გადამუშავება და შემდეგ მის შენახვასა და რეალიზაციაზე ზრუნვა უწევს.
სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ყურძნის ჭარბ წარმოებაში პრობლემის ნაცვლად შესაძლებლობას ხედავს.
"ჭარბი მოსავლიანობა პრობლემა არ არის. ჭარბი მოსავლიანობა არის შესაძლებლობა იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდეს სექტორი, ეს არის შესაძლებლობა, რომ კიდევ ახალ ბაზრებზე ვიზრუნოთ და ვიმუშაოთ უფრო აქტიურად. ეს არის შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ, როგორ შეიძლება რომ ღვინის ხარისხი გავაუმჯობესოთ და მხოლოდ ასე განვავითაროთ ღვინის სექტორი. ჭარბი მოსავალი არასდროს არ ყოფილა ღვინის დარგში და არც იქნება მევენახის საზრუნავი. ღვინო არ არის მხოლოდ სოფლის მეურნეობის დარგი, ღვინო არ არის მხოლოდ პროდუქტი. ღვინო არის ქართული სახელმწიფოს, ქართველი ერის თანაცხოვრების ნაწილი", - აცხადებს სონღულაშვილი.
2025 წლის შემოდგომის რთვლისთვის ბიუჯეტიდან რეკორდული თანხის 247 მლნ ლარის დახარჯვა გახდა საჭირო. 2024 წლის სუბსიდიაზე 5-ჯერ ნაკლები 54 მლნ ლარი დაიხარჯა. გაზრდილი ხარჯი რეკორდულმა მოსავალმა განაპირობა. გასულ წელს ყურძნის მოსავალმა 330 ათას ტონას მიაღწია, საიდანაც ნახევარზე მეტი სახელმწიფო კომპანიებმა ჩაიბარეს.
2025 წლის რთველი სუბსიდიის განსხვავებული მოდელით ჩატარდა. თუ წინა წლებში მთავრობა სუბსიდიას კერძო კომპანიებზეც გასცემდა, რომლებიც თავის მხრივ ყურძენს წინასწარ შეთანხმებულ ფასად იბარებდნენ, შარშან "ჭარბი ყურძენი" სრულად სახელმწიფოს მოსავლის მართვის კომპანიამ ჩაიბარა.
2026 წლიდან მთავრობამ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ვენახის გაშენების რეგულირებაზე მსჯელობა დაიწყო. პირველი მაისიდან ქვეყანაში მთავრობის ნებართვის გარეშე, ვენახის გაშენება ოფიციალურად აიკრძალა. ასევე აიკრძალა უნებართვოდ გაშენებული ვენახიდან მიღებულ მოსავლის გაყიდვაც. მთავრობა ახალ რეგულაციას ღვინის ხარისხის გაუმჯობესებით ხსნის.