
ყველა ბიზნესს პოსტერმინალების უნივერსალური სალარო აპარატებით ჩანაცვლება მოუწევს - კანონპროექტი
პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებებით, საქართველოში ახალი ტიპის უნივერსალური საკონტროლო-სალარო აპარატების სისტემა უნდა ამოქმედდეს, რომელიც დღემდე ცალ-ცალკე არსებული სალარო აპარატისა და საბანკო ტერმინალის ფუნქციებს ერთ მოწყობილობაში გააერთიანებს.
კანონპროექტის ავტორია პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე, ასევე მისი მოადგილე ბეჟან წაქაძე და დეპუტატები ირაკლი ხელაძე, ზურაბ რურუა, გიორგი ბარვენაშვილი და ლევან მაჭავარიანი. ცვლილებები „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ შედის და მათი ძირითადი ნაწილი 2027 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, დღეს ეკონომიკური საქმიანობის ობიექტებზე ერთი ანგარიშსწორების ოპერაციის აღრიცხვა ხშირად რამდენიმე ერთმანეთთან დაკავშირებული ან დამოუკიდებელი მოწყობილობით ხდება, მათ შორის სხვადასხვა საბანკო ტერმინალის გამოყენებით. ინიციატორების შეფასებით, ეს პროცესი ართულებს როგორც ბიზნესის საქმიანობას, ისე მომხმარებლის მომსახურებას.
სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად შემოდის ახალი ტიპის უნივერსალური სალარო აპარატი, რომელიც ერთდროულად უზრუნველყოფს საბარათე გადახდის შესრულებას, ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებების აღრიცხვას, მონაცემების შენახვასა და მათი საგადასახადო ორგანოსთვის გადაცემას.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, თანამედროვე პირობებში საქონლისა და მომსახურების შეძენისას საბანკო ბარათით გადახდები უკვე მნიშვნელოვნად აღემატება ნაღდი ფულით ანგარიშსწორების მაჩვენებლებს. მიუხედავად ამისა, მოქმედი სისტემით უნაღდო ტრანზაქციების ნაწილი უშუალოდ სალარო აპარატში არ აღირიცხება. ახალი მოდელის დანერგვის შედეგად კი შემოსავლების სამსახური ერთიანი სისტემის მეშვეობით მიიღებს ინფორმაციას როგორც ნაღდი, ისე საბარათე ოპერაციების შესახებ.
კანონპროექტის მიხედვით, 2027 წლის 1 იანვრიდან საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციას მხოლოდ ახალი ტიპის საკონტროლო-სალარო აპარატები დაექვემდებარება. თუმცა ბიზნესებს მიეცემათ გარდამავალი პერიოდი და 2028 წლის 1 მაისამდე შეეძლებათ გამოიყენონ ძველი, უკვე რეგისტრირებული სალარო აპარატები და ტერმინალები. 2028 წლის 1 მაისიდან კი ახალი სისტემის გამოყენება სავალდებულო გახდება.
ცვლილებები ეხება საკონტროლო-სალარო აპარატების სახელმწიფო რეესტრსაც. პროექტის მიხედვით, 2027 წლის შემდეგ რეესტრში მხოლოდ ახალი სტანდარტის აპარატების რეგისტრაცია იქნება შესაძლებელი, ხოლო არსებული მოწყობილობები ეტაპობრივად ჩანაცვლდება.
კანონპროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ სალარო აპარატებისა და ელექტრონული კომერციის ტერმინალების მიწოდება და ტექნიკური მომსახურება ცენტრალიზებული გახდება. ბიზნესებს შესაბამის მოწყობილობებსა და მომსახურებას საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი კომისიის მიერ შერჩეული კომპანია მიაწვდის. კომისიაში წარმოდგენილი იქნებიან შემოსავლების სამსახური და საქართველოს ეროვნული ბანკი. მომსახურების საფასურის ოდენობასა და გადახდის წესს მთავრობა დამატებითი დადგენილებით განსაზღვრავს.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, რეფორმის მიზანია სალარო აპარატების რეგისტრაციისა და ტექნიკური მომსახურების პროცესის გამარტივება, ანგარიშსწორების ოპერაციების ერთიან სისტემაში მოქცევა და საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესება. შედეგად, სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების აღრიცხვა ერთი მოწყობილობით განხორციელდება.
კანონპროექტის ფინანსური შეფასების მიხედვით, ბიზნესებს მოუწევთ არსებული სალარო აპარატების ახლით ჩანაცვლება და შერჩეული მომსახურების პროვაიდერისთვის შესაბამისი საფასურის გადახდა, თუმცა ამ ხარჯების ზუსტი ოდენობა წინასწარ განსაზღვრული არაა.
კანონპროექტი „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ კანონში ცვლილებებსაც ითვალისწინებს და საბარათე ტრანზაქციებზე ურთიერთგაცვლის საკომისიოს მაქსიმალურ ოდენობას 0.3%-ით განსაზღვრავს. პროექტის თანახმად, ურთიერთგაცვლის საკომისიო არ უნდა აღემატებოდეს თითოეული გადახდის ოპერაციის ღირებულების 0.3%-ს. ამასთან, ნებისმიერი სხვა ანაზღაურება, რომელსაც საკომისიოს ეკვივალენტური მიზანი ან ეფექტი აქვს, ურთიერთგაცვლის საკომისიოს ნაწილად ჩაითვლება. ასევე იკრძალება ისეთი პრაქტიკის გამოყენება, რომელიც აღნიშნული ლიმიტის გვერდის ავლას ისახავს მიზნად, მათ შორის საკომისიოების გადაკლასიფიცირება, რამდენიმე საკომისიოდ დაყოფა ან ახალი ტიპის საკომისიოს დაწესება.
BM.GE
წყარო: bm.ge