ზელენსკი და მადიარი გაზის, დიზელისა და სასაზღვრო ინფრასტრუქტურის საკითხებზე შეთანხმდნენ
24 ნოემბერს, ზაკარპატიის ოლქში გამართულ შეხვედრაზე, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი გაზისა და დიზელის მიწოდებაზე, ასევე ახალი სასაზღვრო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე შეთანხმდნენ. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მხარეებმა უკრაინის გაზსაცავებით უნგრული კომპანიების სარგებლობის გაფართოებაზეც მოილაპარაკეს და გუნდებს მიღწეული შეთანხმებების დაუყოვნებლივ შესრულება დაავალეს.
აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკული შეთანხმებები ბუდაპეშტის მიერ მოსკოვზე დამოკიდებულების შემცირების დაანონსების ფონზე გაფორმდა. როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ 18 სექტემბერს, უნგრეთის ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრმა იშტვან კაპიტანიმ განაცხადა, რომ ქვეყანა რუსული გაზის ალტერნატიული წყაროებით ჩანაცვლებაზე მუშაობს და პროცესი შესაძლოა ერთ წელიწადში დასრულდეს.
ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, 2015 წლის შემდეგ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი ორმხრივ ურთიერთობებსა და ევროკავშირთან მოლაპარაკებების კლასტერების გახსნაზე გადამწყვეტ გავლენას იქონიებს. თავის მხრივ, პეტერ მადიარმა აღნიშნა, რომ მინისტრ ანიტა ორბანთან ერთად ადგილობრივ უნგრულ დაწესებულებებს მოინახულებს და კიევთან უნგრულენოვანი განათლების საკითხების განხილვას გააგრძელებს.
პარალელურად, უკრაინისა და უნგრეთის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ საერთო საზღვარზე არსებული გამშვები პუნქტების განახლებაზე, ახალი პუნქტების გახსნასა და ახალ მარშრუტებზე პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლის დაწყებაზე იმუშავებენ. მხარეებმა ჰუმანიტარული განაღმვის საკითხები და შესაბამის საერთაშორისო კოალიციაში უნგრეთის როლის გაფართოებაც განიხილეს.
ეს კი განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, რომ გაეროს შეფასებით, უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით მეოთხედი მილიონზე მეტი ნაღმითა და აუფეთქებელი საბრძოლო მასალით არის დაბინძურებული. ამის გამოც კი ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მეტად დანაღმულ სახელმწიფოდ არის ქცეული.
