სააპელაციო სასამართლომ ქალთა საფეხბურთო კლუბის მფლობელს გაუპატიურების საქმეზე ცხრაწლიანი პატიმრობა შეუფარდა
სააპელაციო სასამართლომ თურქი ბიზნესმენი და ქართული ქალთა საფეხბურთო კლუბის „ნიკე-ლუსოს“ მფლობელი, მეჰმეთ უიარი, კლუბის 20 წლის ფეხბურთელის გაუპატიურებაში დამნაშავედ ცნო. სასამართლომ გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 22 სექტემბერს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი და ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ 27 ნოემბერს დაზარალებულის ადვოკატმა, ანა თავხელიძემ განაცხადა.
თავხელიძემ „რადიო თავისუფლების“ ქართულ სამსახურს ასევე უთხრა, რომ 27 ნოემბრის გადაწყვეტილების შესახებ პროკურორისგან შეიტყო. მისთვის უცნობია, იმყოფება თუ არა უიარი ამჟამად საქართველოში.
სექტემბერში თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ 32 წლის უიარი გაამართლა. მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება ეფუძნებოდა 20 წლის ფეხბურთელის განცხადებას, რომლის თანახმადაც, უიარმა იგი 2025 წლის დეკემბერში, კლუბის წვეულების შემდეგ გააუპატიურა. ცხრა-თვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ, ბიზნესმენი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
ფეხბურთელმა, რომელიც „ნიკე-ლუსოს“ შემადგენლობაში თამაშობდა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებსაც წარმოადგენდა, განაცხადა, რომ მასზე ძალადობა მას შემდეგ განხორციელდა, რაც „ნიკე-ლუსომ“ 2025 წლის საქართველოს ქალთა ჩემპიონატში გამარჯვება აღნიშნა. მედიის ინფორმაციით, წვეულების შემდეგ უიარის მძღოლმა მას სახლში წაყვანა შესთავაზა, თუმცა თანაგუნდელებთან ერთად ნაქირავებ ბინაში მიყვანის ნაცვლად, იგი უიარის სახლში მიიყვანეს. ფეხბურთელის თქმით, მოგვიანებით სახლში უიარი მივიდა, კარი შიგნიდან ჩაკეტა და იგი გააუპატიურა.
დღესვე, ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთი“ განაცხადა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სადისციპლინო კომიტეტისგან სექსუალური ძალადობის საქმეში დაზარალებულად ცნობილი ფეხბურთელის მომდევნო სეზონის მატჩებში პირობით დისკვალიფიკაციას და 24-თვიან საგამოცდო ვადას ითხოვს. იგივე სასჯელს, პირობით დისკვალიფიკაციას და 24 თვიან საგამოცდო ვადას ითხოვს ფედერაცია კლუბისა და ფეხბურთელებისთვის, მათ შორის საქართველოს ეროვნული ნაკრების 10 წევრისთვის.
„ნაცვლად ძალადობის ფაქტებზე სათანადო რეაგირების, პასუხისმგებელი პირების გამოვლენისა და ფეხბურთელებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნისა, ფედერაციის ძალისხმევა მიმართულია იმ კლუბისა და ფეხბურთელების დასჯისკენ, რომლებიც სწორედ ამ პრობლემებზე საუბრობენ“, – ნათქვამია კლუბის მიერ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„იქმნება საფუძვლიანი შთაბეჭდილება, რომ ფედერაცია თავისი ქმედებებით ფაქტობრივად იცავს დარღვევებთან დაკავშირებული კლუბის ინტერესებს, ხოლო იმ კლუბის მიმართ, რომელიც ამ საკითხებზე საჯაროდ საუბრობს, მკაცრი სადისციპლინო სანქციების გამოყენებას ცდილობს“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის სხდომა 27 ნოემბერს არის ჩანიშნული.
